ბრწყინვალე მბაპე, რეკორდსმენი ჟირუ და 1/4 ფინალისტი საფრანგეთი

მსოფლიო ჩემპიონატს მორიგი 1/4 ფინალისტი ჰყავს. საფრანგეთის ნაკრები პოლონეთის ეროვნულ გუნდს შეხვდა და 3:1 დაამარცხა.
მამლების მსგავსად პოლონელებმაც კარგად დაიწყეს. ლევანდოვსკი და კამპანია აშკარად იმაზე კარგად გამოიყურებოდნენ, ვიდრე წინა მატჩებში, თუმცა 1/4 ფინალში გასასვლელად ეს საკმარისი არ გამოდგა.
საფრანგეთის ნაკრებმა ისე ითამაშა, როგორც ტურნირის მთავარ ფავორიტს შეშვენის. განსაკუთრებით კარგები იყვნენ ჟირუ და მბაპე. სწორედ ამ 2 ფეხბურთელის გოლებით მოიგეს ფრანგებმა თამაში.
კილიან მბაპემ კვლავ დაგვანახა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. იმის დიდი შანსიცაა, რომ ამ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელონ.
საუკეთესო ფეხბურთელი
საუკეთესო უდაოდ მბაპე იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა და ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. იგი ბომბარდირთა დავას 4 გოლით ლიდერობს.
საინტერესო ფაქტი
ოლივიე ჟირუმ დღეს საფრანგეთის ნაკრებში 52-ე გოლი გაიტანა, რითიც ტიერი ანრის რეკორდი მოხსნა და საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
საფრანგეთი 3:1 პოლონეთი
გოლები: ჟირუ (44), მბაპე (74; 90+1), ლევანდოვსკი (90+9).