გიორგი გაგუა – 19 წლის ფეხბურთელი ლა ლიგის პერსპექტივით

06:38 / 7 ივნ 2021
გიორგი გაგუა – 19 წლის ფეხბურთელი ლა ლიგის პერსპექტივით

ევროპის სხვა და სხვა ქვეყნებში მრავლად არიან ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელები, რომლებსაც ნაკლებად ვიცნობთ. ერთ-ერთი მათგანი ალავესის ბ გუნდში მოთამაშე 19 წლის თავდამსხმელი გიორგი გაგუაა,

გიორგი ფეხბურთზე საკმაოდ ადრეულ ასაკში შევიდა, რამდენიმე გუნდში ითამაშა და დღეს ესპანეთშია. როგორც თავად გვიამბო, იგი ესპანეთში საქართველოს კალათბურთის ფედერაციის დახმარებით მოხვდა. ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ 19 წლის ფეხბურთელს ესპანეთში დავუკავშირდით.

– სად და როდის დაიწყე ფეხბურთის თამაში?

– 5 წლის ვიყავი როცა საბავშვო გუნდ ჩემპიონში შევედი, სადაც ჩემი მწვრთნელი გია მაჭარაშვილი იყო, შემდეგ ბაქსვუდის საფეხბურთო სკოლაში მივედი, 10 წლის ასაკში უკვე დინამოს აკადემიაში გადავედი, სადაც 2 წელი დავყავი და იქიდან სფფ-ს აკადემიას მივაშურე, აქაც 2 წელი ვითამაშე და შემდეგ გუბაზ დოლიძესთან იბერიაში აღმოვჩნდი.

– როგორც ვიცი ფორვარდი ხარ. თავიდანვე ამ პოზიციაზე თამაშობდი თუ შემდეგ შეგიცვალეს ადგილი?

– თავიდან შემტევი ნახევარმცველი ვიყავი, თავდამსხმელი კი გუბაზ დოლიძის წყალობით გავხდი.

– ალავესის მეორე გუნდის ფეხბურთელი როგორ გახდი?

– ესპანეთში საქართველოს კალათბურთის ფედერაციის დახმარებით მოვხვდი. ალავესის და ბასკონიას სპორტული, ხშირად ჩამოდის თბილისში და პერსპექტიულ კალათბურთელებს აკვირდება. ერთერთ ჩამოსვლაზე უთხრეს ნიჭიერი ფეხბურთელია და დააკვირდი, იქნებ გამოგადგესო. მან ნახა ჩემი ვიდეოები, მოვეწონე და მიმიწვია. მე ცხადია ვიცოდი ალავესი და რა თქმა უნდა სიამოვნებით დავთანხმდი. პირველი თამაში მარჯვენა მცველად მათამაშეს და 10-დან 8 ქულა მივიღე. სხვათა შორის მარჯვენა მცველად კარგი თამაში გუბაზ დოლიძის დამსახურებაცაა, რადგან იგი ხშირად მათამაშებდა ამ ადგილას.

– როგორი სტილის ფეხბურთს გათამაშებთ მწვრთნელი?

– წინა მწვრთნელი უფრო მოძრაობაზე აგებულ ფეხბურთს გვათამაშებდა. ცხადია კომბინაციებიც იყო, თუმცა პოზიციებს ხშირად ვცვლიდით და მოძრავი გუნდი ვიყავით. ეგ სტილი მომწონდა და თავს კომფორტულად ვგრძნობდი, თუმცა რატომღაც გადაწყვიტეს, რომ იგი გაეშვათ. ახალი მწვრთნელის სათამაშო სტილი ბურთის წინ გადაგდება და ბრძოლაა. ახალი სათამაშო სტილიდან გამომდინარე თამაშის თითქმის 80%-ს საჰაერო ორთაბრძოლებში ვატარებ. ასევე მეტოქის ნახევარზე ბურთის დაჭერა გვევალება. ეს მწვრთნელი ბურთის ფლანგებზე გადატანას გვთხოვს, მე კი შუაში თამაში უფრო მხიბლავს.

– 2 წელზე მეტია მანდ ხარ. გასაგებია ესპანეთში ბევრ რამეში მოუმატებდი, თუმცა განსაკუთრებით რაში გაქვს პროგრესი?

– რთულია რამის გამოყოფა. ცდილობენ, რომ ფეხბურთელისგან მაქსიმუმი გამოიღონ. პროფესიონალიზმი, რეჟიმი, საქმისადმი მიდგომა… ეს ყველაფერი აქამდეც მქონდა, თუმცა აქ უფრო განსაკუთრებით მოვუმატე. თუ წესებს არ დაიცავ ფულადი ჯარიმებია. ეს თანხა ისევ გუნდს ხმარდება, თუმცა დაჯარიმება არავის უნდა.

– რამდენად დიდი შანსია, რომ მალე ალავესის მთავარ გუნდში გიხილოთ?

– არის შანსი, რადგან კარგი სეზონი მქონდა, ყველაზე მეტი გოლი გავიტანე და საკმაოდ ბევრი ვითამაშე, იმედია მალე დამაწინაურებენ.

– მთავარი გუნდის მწვრთნელი თუ ესწრება ხშირად თქვენს თამაშებს და ვარჯიშებს?

– სულ არა, მაგრამ ხშირად დადის. ბოლო რამდენიმე მატჩზეც მოვკარი თვალი. ჩვენს გუნდში დამხმარე მწვრთნელად ალავესის ფიზმომზადების მწვრთნელი დაინიშნა და მისი წყალობითაც მთავარ გუნდში ჩვენზე ინფორმაცია აქვთ.

– რამდენად მალე შეეწყვე ესპანეთს?

– ადაპტაცია საკმაოდ სწრაფად გავიარე, რადგან წყნარ ქალაქში ვარ. საქართველოში წყნეთში ვცხოვრობ, სიწყნარეს მიჩვეული ვარ და ეს დამეხმარა.

– როგორც ვიცი 21 წლამდე ნაკრების ამხანაგურ მატჩზე იყავი გამოძახებული და მიზეზთა გამო ვერ ჩამოხვედი. კონკრეტულად რა სიტუაცია იყო?

– ალავესს მნიშვნელოვანი მატჩები ჰქონდა და კლუბმა სფფ-ს სთხოვა, რომ აქ დავრჩენილიყავი, რაზეც თანხმობა მიიღო.

– რამაზ სვანაძესთან თუ გქონდა საუბარი?

– კი, დამირეკა, საკმაოდ კარგი საუბარი გვქონდა და მითხრა, რომ ამ ერთხელ მომცემდა დარჩენის უფლებას. მეც ვუთხარი, რომ მერიდებოდა, რადგან ნაკრებზე უარის თქმა ჩემში არ ზის.

– ქოჩორაშვილმა დაიწყო ლა ლიგაში თამაში. რამდენადაა ეს შენი სტიმული?

– დიახ, რა თქმა უნდა დიდი სტიმულია. სტიმული სტიმულად და ქართველი გულშემატკივრისთვისაც დიდი სიხარული იქნება როცა ლა ლიგაში 2 ქართვლი ითამაშებს.

– ეროვნულ ლიგას ალბათ ადევნებ თვალს, ვინ გგონია მთავარი ფავორიტი?

– დინამო ბათუმი. ბათუმში ისეთი გარემოა და ისეთი გულშემატკივრები არიან, მთავარ ფავორიტად სწორედ გეგუჩაძის გუნდს მივიჩნევ.

– რომელ გუნდს გულშემატკივრობ და ვინ არის შენი საყვარელი ფორვარდი?

– ბავშვობიდან ბარსელონას ვქომაგობ, სავარელი თავდამსხმელი ლუის სუაირესია, ძალიან მომწონს მისი ხასიათი, ბრძოლისუნარიანობა და ასე შემდეგ. გული დამწყდა, რომ ბარსა ცუდად მოექცა და ბლაუგრანადან წავიდა.

– რა არის შენი საფეხბურთო ოცნება?

– პირველ რიგში მინდა ალავესის მთავარ გუნდში რაც შეიძლება მალე მოვხვდე. ცხადია საქართველოს ნაკრებში თამაშზეც ვოცნებობ.