ეროვნული ლიგა – დინამოებმა დიდი ანგარიშით მოიგეს

00:28 / 22 ივნ 2022
ეროვნული ლიგა – დინამოებმა დიდი ანგარიშით მოიგეს

ეროვნულ ლიგაში მე-18 ტური გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთ მატჩში გაიტანა ორივე გუნდმა, ტური მაინც საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა.

დინამო თბილისმა გია ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით პირველად ითამაშა. დედაქალაქელები გაგრას დაუხვდნენ და მეტოქე 5:0 დაამარცხეს. დინამო მთელი თამაში დიდ უპირატესობას ფლობდა. მიუხედავად სოლიდური სხვაობისა, მასპინძლებმა პირველ ტაიმში მხოლოდ 1 გაიტანეს, თავი კამარამ გამოიჩინა, რომელიც მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ. მეორე ტაიმში მოისწრაფიშვილმა პენალტი შეაგდო, თითო ბურთი კი ოსეიმ, მექვაბიშვილმა და სხირტლაძემ გაიტანეს. დინამომ ამ მოგებით მეორე ადგილი დაიბრუნა, მესამეზე კი კვლავ სამგურალია.

თავის მხრივ წყალტუბოელებმა წაუგებელი სერია შეწყვიტეს. ზედიზედ 9 დაუმარცხებელი მატჩის შემდეგ, გიორგი მიქაძის გუნდი გორში დილას ესტუმრა და 0:1 წააგო. ერთადერთი გოლი თორნიკე კაპანაძის ანგარიშზეა.

ლოკომოტივის კრიზისი გრძელდება. რკინიგზელებმა ბოლნისში სიონთან 1:5 წააგეს. მასპინძელთა მხრიდან ფოცხვერიამ, ძმებმა ხორხელებმა და ღამბარაშვილმა გაიტანეს, ერთი ბურთი კი საკუთარ კარში ირაკლი ჭიაბრიშვილმა ჩაჭრა. ჭიაბრიშვილმა შეცდომა ნაწილობრივ გამოასწორა და ომარაშვილს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

1:0 დასრულდა საბურთალო – თელავის დაპირისპირება. 3 ქულის მომტანი გოლი ბენედიკ მიოჩის ანგარიშზეა.

მოქმედმა ჩემპიონმა დინამო ბათუმმა ქუთაისის ტორპედო მიიღო და 4:0 დაამარცხა. თითო გოლი ჯოვინომ და გაფრინდაშვილმა გაიტანეს, დუბლი კი მამუჩაშვილის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ერთი ბურთი შესანიშნავი ჯარიმით შეაგდო. სათქმელია, რომ მატჩის დაწყებამდე ორიოდ წუთით ადრე გუგა ფალავანდიშვილმა მის რჩეულს ხელი სთხოვა, რაც პირდაპირ ეთერში საკმაოდ სასიამოვნო სანახავი იყო.

ფოტო: დინამო თბილისის ფეისბუქ გვერდი