იოსებ ტყემალაძე – მოგვეცით საშუალება ასეთ ატმოსფეროში ხშირად ვითამაშოთ

16:28 / 20 ნოე 2022
იოსებ ტყემალაძე – მოგვეცით საშუალება ასეთ ატმოსფეროში ხშირად ვითამაშოთ

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, კარდიფში, ლეგენდარულ პრინციპალიტი სთედიუმზე უელსის 13:12 დამარცხების შემდეგ ემოციებს ვერ მალავდა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ უელსი დაამარცხა. ასევე, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბორჯღალოსნებმა ელიტურ გუნდს სტუმრად მოუგეს:

იოსებ ტყემალაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:
“დიდი მადლობა ამ მშვენიერი დღისთვის. მადლობა უელსის ნაკრებს. ჩვენ ეს მთელი ცხოვრება გვემახსოვრება. ჩვენ ვართ დიდი ისტორიის მქონე პატარა ქვეყანა, რომელიც ძალიან რთულ რეგიონში მდებარეობს. დღევანდელი დღე კი სწორედ იმის დადასტურებაა, რომ ისტორიულად ჩვენ ამ ოჯახის ნაწილი ვართ. ყველას გთხოვთ, მოგვეცით საშუალება, რომ ასეთი მაღალი დონის თამაშები ასეთ ატმოსფეროში ჩავატაროთ, რომ რაგბის განვითარებაში ერთად შევიტანოთ წვლილი.
უელსელმა ბიჭებმა თამაში წააგეს, მაგრამ მატჩის დასრულების შემდეგ ჩვენს მორაგბეებს გადაეხვივნენ და გამარჯვება მოულოცეს. მთელი მსოფლიო ასე უნდა იქცეოდეს. თამაშის დასრულების შემედგ, ჩემი კოლეგა იღიმოდა და გვილოცავდა. ეს არის სწორედ ის, რაც თანამედროვე სამყაროს სჭირდება. საქართველოს სურს, რომ დაამტკიცოს – ჩვენ ისტორიულად შეგვიძლია კარგი თამაში და სიხარულის ყველასთან ერთად გაზიარება”.

ჯერალდ დევისი, უელსის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი:
“მიიღეთ ჩვენი გულითადი მოლოცვა! გილოცავთ ამ არაჩვეულებრივ თამაშს! საქართველოს ნაკრებმა ბოლო თვეების განმავლობაში საოცარ წარმატებას მიაღწია. გისურვებთ საუკეთესო მომავალს – ასე განაგრძეთ, მაგრამ ნუ იქნებით ზედმეტად ძლიერები მსოფლიო თასზე. ჩემს გუნდს კი ვეტყვი – თქვენ კარგად ითამაშეთ და ამ მატჩში დიდი ძალისხმევა გამოიჩინეთ“.