კახა ცხადაძე: მაკაბისთან მძიმე თამაში გველოდება

06:17 / 21 ივლ 2021
კახა ცხადაძე: მაკაბისთან მძიმე თამაში გველოდება

დინამო თბილისი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰაიფას მაკაბის დაუპირისპირდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენციაზე კახა ცხადაძემ და გიორგი გაბედავამ ისაუბრეს.

“გუნდმა ნეფთჩისთან ურიგოდ არ ითამაშა, თუმცა შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა. ადრეც ავღნიშნე, რომ ესეთ დონეზე ესეთი შეცდომების დაშვება არ შეიძლება. ჰაიფას მაკაბი კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, ხვალ მძიმე თამაში გველის.

ეს მარცხი ყველასთვის მტკივნეული იყო, განსაკუთრებით ფეხბურთელებისთვის. მაკაბისთან დაპირისპირება მოტივაციის თვალსაზრისით კარგი შანსია. მათ შეუძლიათ, რომ დამაკმაყოფილებელი შედეგებით ნაფთჩისთან წაგება ისტორიას ჩააბარონ. დინამო თბილისი ნეფთჩისთან წაგებას არცერთ მატჩში არ იმსახურებდა.

მაკაბი სერიოზული გუნდია, მან დამაჯერებლად მოიგო ჩემპიონატი. ჩვენი მეტოქე საკმაოდ საინტერესო ფეხბურთს თამაშობს და საინტერესოა მათთან თავს როგორ წარმოვაჩენთ. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ აგრესიულად ვეთამაშოთ და მეტოქემ თავისი თამაში არ მოგვახვიოს თავს. ეს თუ გამოგვივა, შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი გვექნება.

მოთხოვნები ჩვენი მხრიდანაც იყო და ხელმძღვანელობის მხრიდანაც. გუნდში დინამოს დასახმარებლად მოვედით. ყველაფერი კომპლექსურია. ყველა წარუმატებელი თამაში ყოველთვის მწვრთნელის პასუხისმგებლობაა.”-განაცხადა ცხადაძემ.

“ორმაგად საწყენია როცა მეტოქეს ორივე შეხვედრაში აჯობებ და მაინც დამარცხდები. ეს ფსიქოლოგიურად რთული მომენტია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სწრაფად უნდა დავივიწყოთ ეს თამაშები. ხვალინდელი თამაშისთვის მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვართ. შანსი გვაქ დავამტკიცოთ, რომ კარგი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია.”-თქვა გაბედავამ.