ლეონიდ სლუცკი: კვარაცხელია ტოტენჰემს სურდა, თუმცა ლონდონელები დარწმუნებულები არ იყვნენ

13:27 / 29 სექ 2022
ლეონიდ სლუცკი: კვარაცხელია ტოტენჰემს სურდა, თუმცა ლონდონელები დარწმუნებულები არ იყვნენ

ყაზანის რუბინის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ფაბრიციო რომანოსთან პოტკასტში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. რუსმა მწვრთნელმა გაიხსენა, რომ ხვიჩათი არაერთი გუნდი იყო დაინტერესებული, მათ შორის ტოტენჰემი.

“რუბინთან ერთად ძალიან წარმატებული სეზონის შემდეგ, მის ირგვლივ არაერთი ჭორი იყო. რამდენიმე გუნდი ხვიჩათი მართლაც იყო დაინტერესებული, მაგრამ ფასის გამო თავს იკავებდნენ. ჩემი აზრით, ხვიჩას ადეკვატური ფასი ედო, თუმცა სიმართლე გითხრათ ახალგაზრდა ფეხბურთელი, მხოლოდ 1 წარმატებული სეზონის შემდეგ… თანაც არცთუ ისე კარგი სტატისტიკით. იმ დროს ხვიჩას რუბინში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა ჰქონდა. 

ზოგიერთ გუნდს მასში ეჭვი ეპარებოდა, მაგალითად ტოტენჰემს. მათ მხოლოდ ისეთი ფეხბურთელები მიჰყავთ, რომლებშიც დარწმუნებულები არიან, რომ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებენ.” – განაცხადა სლუცკიმ რომანოსთან საუბრისას.

ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად ნაპოლის ფეხბურთელია. იტალიელთა მაისურით მან 9 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. იგი ასევე ბრწყინვალე იყო საქართველოს ნაკრებში, სადაც ერთა ლიგის გათამაშებაში 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა, 3 საგოლე გადაცემა გააკეთა და ორჯერ პენალტი მოიპოვა.