მარადონა და ყასაბი (+video)

მარადონა და ყასაბი (+video)

ათი თვე გავიდა, რაც დიეგო მარადონა გარდაიცვალა. ის დღე შოკი იყო ბევრი არგენტინელისთვის და მილიონობით ქომაგისთვის. დიეგოზე რა ისტორია უნდა არსებობდეს, რომ საინტერესო არ იყოს? ამჯერად დავწერთ ფეხბურთელ ყასაბზე, რომელიც დიდ არგენტინელს ემტერებოდა და კარიერაში ყველაზე მძიმე ტრავმა მიაყენა.

“ყასაბი ბილბაოდან” – ასე ეძახდნენ ანდონი გოიკოეჩეას. ცენტრალური მცველი, ვარსკვლავებს შავ დღეში აგდებდა. გოიკოეჩეამ 1983 წელს კოჭი მოტეხა დიეგო მარადონას.

ბილბაო-ბარსელონა. მე-60 წუთი იყო, როცა არგენტინელმა იყვირა და როგორც შემდგომ თქვა, კოჭის დამსხვრევის ხმაც კი გაიგო. 8-9 თვეს ვარაუდობდნენ, მაგრამ მარადონამ სამთვენახევარში შესძლო თამაში, რაც მოულოდნელობა იყო…

ბუცი, რომლითაც მარადონა დაამტვრია, გოიკოეჩეას სახლში ლამაზად აქვს შენახული: ექსპონატი…

“სპეციალურად არავინ დამიმტვრევია. ამ ბუცს მოგონებების გამო ვინახავ. არანაირი სიამაყე, რომ დიეგოს ტრავმა მივაყენე. რატომღაც მომაწებეს ცუდი სახელი. მარადონამ თითქმის სამ თვეში ისევ ითამაშა, ლუიშ ფიგუმ კი სარაგოსას მცველ ხიმენესს კარიერა დაუმთავრა და მგონი, მისთვის ყასაბი არ შეურქმევიათ“ – ეს გოიკოეჩეას სიტყვებია.

ლუის სესარ მენოტი (ბარსას მაშინდელი მწვრთნელი): „მაინცდამაინც ვინმე უნდა მოკვდეს მოედანზე, რომ რაღაც შეიცვალოს? უხეშობა ზღვარს სცდება“

გოიკოეჩეას ცხრამატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და პრესამაც არ დაინდო. მეორე მხრივ, ყასაბი ესპანეთის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი (სტოპერი) იყო და ნაკრებშიც რეგულარულად თამაშობდა. ამ კაცმა მარადონამდე გერმანელი ბერნდ შუსტერი გამოთიშა, თან უფრო მწარედ: 9 თვე გააცდევინა, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატი.

აი,ბილბაოს ფანებს კი გოიკო უყვარდათ. მარადონას დამტვრევიდან 4 დღეში, სანამ დასჯიდნენ, ევროტურნირებზე ლეხს ხვდებოდნენ და გამამხნევებელი ტრანსპარანტები გამოუფინეს. ყასაბმა ლეხთან გოლი გაიტანა.

დიეგოს ტრავმიდან რვა თვეში ისე მოხდა, რომ ესპანეთის თასის ფინალში სწორედ ბილბაო-ბარსელონა შეხვდნენ. ბასკებმა 1:0 მოუგეს კატალონიელებს. ისევ უხეშობა, დევნა ლამკს ნაჯახებით… მარადონამ ამდენი უხეშობა ვერ აიტანა და წიხლებით იჩხუბა.

წითელი ბარათები არ ყოფილა. ზოგადად, იმ დროს ხომ ნაკლებად აძევებდნენ ფეხბურთელებს. აბა, იტალიელ კლაუდიო ჯენტილეს დღეს რას აპატიებდნენ?!

დიეგო ამ ფინალის მერე წავიდა. ეს მისი ბოლო მატჩი იყო ბარსელონაში… გადავიდა ნაპოლიში, სადაც საოცრებები ჩაიდინა.

მარადონა და ყასაბი მოგვიანებით შერიგდნენ, 1992 წელს… დიეგო უკვე სევილიაში თამაშობდა. ერთ-ერთ სასტუმროში ისაუბრეს და სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.