მსოფლიო კრიშტიანუ

22:51 / 24 ნოე 2022
მსოფლიო კრიშტიანუ

სახალისო გამოდგა ხუთშაბათის სათამაშო დღის მესამე შეხვედრა პორტუგალიასა და განას შორის (3:2). გარდა იმისა, რომ მაყურებელმა ხუთი გოლი იხილა, ერთი ისტორიული შედეგიც დაფიქსირდა – პორტუგალიელთა კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ 65-ე წუთზე თავისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ზუსტად დაარტყა და პირველი ფეხბურთელი გახდა, ვისაც ხუთ მსოფლიო ჩემპიონატზე გაუტანია გოლი (2006, 2010, 2014, 2018, 2022). ანუ 37 წლის პორტუგალიელმა კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
საკუთრივ თამაში, განსაკუთრებით მეორე ტაიმი, კარგი საცქერი გამოდგა. 24 წუთის ინტერვალში გუნდებმა ერთმანეთს ხუთი ბურთი გაუტანეს.

ჯერ პორტუგალიელები დაწინაურდნენ 3:1, მაგრამ 89-ე წუთზე ოსმან ბუქარიმ მეორე საპასუხო გაიტანა და ვითარება ისევ დაიძაბა. მსაჯმა თამაშს 9 წუთი დაამატა, რომლის დროსაც ფეხბურთელები ემოციებს ვეღარ უმკლავდებოდნენ. ბოლო წამებზე კი საერთოდ ლამის წარმოუდგენელი რამ მოხდა – განელთა ფორვარდი ინიაკი უილიამსი მეკარეს საჯარიმოში უკნიდან წამოეპარა, ბურთი აართვა დარტყმას ცდილობდა, მაგრამ ფეხი აუსრიალდა და ჩანაფიქრი ვეღარ შეასრულა, თორემ ფრეს აღარაფერი უკლდა.

ჯამში პორტუგალიამ მაინც კლასის ხარჯზე გაიმარჯვა.

საუკეთესო

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დაასახელეს და ეს არცაა გასაკვირი. კაცმა ისეთი რეკორდი დაამყარა, რომელსაც ალბათ დიდი ხნის განმავლობაში მსოფლიოში  ვერავინ შესწვდება.

Portugal goalkeeper Diego Costa catches the ball under pressure from Inaki Williams of Ghana during the FIFA World Cup Qatar 2022 Group H match...