ოქრიაშვილი?.. კიდევ ერთი კითხვის ნიშანი

ოქრიაშვილი?.. კიდევ ერთი კითხვის ნიშანი

საქართველოს ნაკრები, სექტემბრის წაგებები და ჯამში 1:9, ბევრი კითხვა შემადგენლობის მხრივ, ბევრი კითხვა ასევე მოტივაციაზე… საოცარია და თან საწყენი, რომ სამშობლოში თამაშის დროს ფეხბურთელის მოტივაციაზე ჩნდება ეჭვები. და ეს მხოლოდ ჩვენი ეჭვები არაა: სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმაც ისაუბრა. კობიაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ესპანეთთან სასტარტო შემადგენლობა რომ წაიკითხა, გაუკვირდა.

რამდენიმე ფეხბურთელის არგამოძახება ცოტა გასაკვირი იყო. მათ შორისაა თორნიკე ოქრიაშვილიც… საინტერესოა, რომ ოქრიმ ივნისში ბოლო სანაკრებო მატჩი კაპიტნის რანგში ჩაატარა: რუმინეთთან მოგებულ ამხანაგურში. ოთხ დღეში, ვილი სანიოლმა ნიდერლანდებთან ამხანაგურში აღარ ათამაშა – სრული მატჩი სკამზე.

მერე? სექტემბერში სანიოლმა საერთოდ აღარ გამოიძახა. სანიოლი ფრანგია, ხოლო ფრანგ მწვრთნელებს ახასიათებთ რადიკალური მოქმედებები. მაგრამ როცა ასეთ ნაბიჯს დგამ, უნდა გაამართლოს კიდეც. მითუმეტეს, როცა ამდენი შემტევი ნახევარმცველი აკლდა ნაკრებს, რატომ არ უნდა ყოფილიყო ოქრიაშვილი?..

შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ოქრი რადიკალურად შეცვლიდა ამბებს და სამ თამაშს მოიგებდა, მაგრამ აქვს კრეატივი და შეუძლია რაიმე ორიგინალურის მოფიქრება. მოქმედ ფეხბურთელებს შორის საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი გოლი აქვს – 12. მართალია, პენალტებიც გამოურია, მაგრამ ისეთი გოლებიც გაიტანა, ნებისმიერი ვარსკვლავი რომ ხელს მოაწერდა. არც სტენლი მეტიუზის ასაკშია – 30 წლის გაისად ხდება.

ოქრიაშვილს საუკეთესო საკლუბო პერიოდი ნამდვილად არ უდგას, მაგრამ ზოგადად ნაკრებში უკეთესია, ვიდრე კლუბში. არიან ასეთი სპეციფიკის ფეხბურთელები, რომლებიც მარათონში ვერ თამაშობენ, მაგრამ ლოკალურ ტურნირზე, ორ-სამ მატჩში მაქსიმუმს აკეთებენ.

იქნებ ახალგაზრდა შემტევებზეა აქცენტი და ამიტომ არ იძახებენ? თქვან, გავიგებთ…