პრესტიჟის მატჩი არ შედგა – ბათუმის დინამომ ლეხს ვერ მოუგო…

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში გამართული მატჩი ფორმალობა იყო, ბათუმის დინამოსგან ქომაგი გამარჯვებას ელოდა. პოლონეთში მარცხის (0:5) შემდეგ, ქართულ გუნდს პრესტიჟის მატჩი ჰქონდა ჩასატარებელი, რადგან გულშემატკივრები სტადიონზე მაინც მივიდნენ და გუნდს მხარდაჭერა არ დაჰკლებია.
სამწუხაროდ, გამარჯვება ვერ მოხერხდა.
პირველი მატჩისგან განსხვავებით, დინამოში რამდენიმე ცვლილება ვიხილეთ – გუნდიდან გაშვებული კუპატაძის ნაცვლად, კარს ალავიძე იცავდა; დაცვის ცენტრში, აზაცკი – ვეტერანმა რეხვიაშვილმა შეცვალა; ფორვარდი ვაწაძე იყო; სასტარტოში, ასევე, რადინი ვიხილეთ.
ამ ცვლილებებმა, გარკვეულწილად, გაამართლა, რადგან პირველი გოლი, მატჩის 64-ე წუთზე, დინამოსი იყო და ის ვაწაძის ანგარიშზეა.
ამ გოლიდან დაახლოებით 10 წუთში, კვეკვესკირის პასის შემდეგ, ალან ჩერვინსკიმ შორეული დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
დინამო 1:1 ლეხი
64′ – ვაწაძე
76 – ჩერვინსკი
ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის ლეხი მესამე ეტაპზე ითამაშებს…