პსჟ: 37 წლის მწვრთნელი? მოულოდნელი ფავორიტი გამოიკვეთა…

პსჟ: 37 წლის მწვრთნელი? მოულოდნელი ფავორიტი გამოიკვეთა…

პსჟ და დიდი ცვლილებები გარდაუვალია. უკვე დაიწყო კიდეც: ლეონარდო ხომ სპორტული დირექტორის თანამდებობიდან მოხსნეს, მის ნაცვლად კი ლუის კამპოსი დანიშნეს. და ახალი მწვრთნელის კანდიდატადაც ისეთი კაცი გამოიკვეთა, ნაკლებად რომ ელოდნენ – რუბენ ამორიმი. (Le Parisien წერს, რომ ამორიმი N 1 ფავორიტია)

ვინც არ იცის: რუბენ ამორიმი ლისაბონის სპორტინგის მწვრთნელია, 37 წლის გახლავთ და უკვე მოაგროვა ტიტულები. გარდა იმისა, რომ პორტუგალიის ჩემპიონი გახადა, სპორტინგი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფშიც მშვენივრად ათამაშა – დორტმუნდი დატოვეს ჯგუფში!

და ვინ ლობირებს ამორიმს? სწორედ ახალი სპორტული დირექტორი ლუის კამპოსი. ამ კაცზე ცალკე მოვყვებით. ის რამდენიმე წლის წინ მონაკოში მუშაობდა დირექტორად და დიდწილად სწორედ კამპოსს უკავშირებენ მაშინდელ წარმატებას: პორტუგალიელ მწვრთნელ ჟარდიმთან ერთად.

დააკვირდით, ჟარდიმიც პორტუგალიელი იყო და ამორიმიც პორტუგალიელია. და მაშინ ლუის კამპოსმა და ჟარდიმმა ბრწყინვალე გუნდი შექმნეს. გადახედეთ შემადგენლობას: მბაპე, ფალკაო, ბერნარდუ სილვა, ფაბინიო, ბაკაიოკო, ჟოაო მოუტინიო, სიდიბე, მენდი, სუბაშიჩი…

ანუ, ლუის კამპოსი და მბაპე ერთად უკვე მუშაობდნენ და თან როგორ წარმატებულად. სავარაუდოდ, სწორედ იქიდან ჩამოუყალიბდათ კარგი ურთიერთობა და ფრანგული პრესა წერს, რომ კილიანის პსჟ-ში დარჩენისთანავე გადაწყდა ლეონარდოს კამპოსით შეცვლა.

ამორიმს 2024 წლამდე აქვს სპორტინგთან კონტრაქტი და არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც მსურველ კლუბს 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. თუმცა პსჟ-სთვის 30 მილიონი რა არის?