საფრანგეთსა და ინგლისს ორ-ორჯერ დავუპირისპირდებით

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატამდე, რომელსაც სამხრეთ აფრიკა 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს, უმცროსი ბორჯღალოსნები საფრანგეთისა და ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებენ.
მნიშვნელოვანია, რომ როგორც ფრანგები, ასევე ინგლისელები, საქართველოს უძლიერესი შემადგენლობებით დაუპირისპირდებიან. უმცროსი ბორჯღალოსნები ფრანგებს სტუმრად მაისში ეთამაშებიან, ინგლისი კი ივნისში საქართველოში გვეწვევა.
ლადო კილასონია, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი:
“საქართველოს რაგბის კავშირმა მოსამზადებელ ეტაპზე საფრანგეთთან და ინგლისთან უმნიშვნელოვანესი თამაშები გაგვიხერხა. ფრანგებიც და ინგლისელებიც ნაკრების მოთამაშეებს დიდი რაოდენობის მორაგბეებისგან ირჩევენ და ყოველთვის ძლიერი გუნდები ყავთ. სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე მათთან თამაში ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა. მნიშვნელოვანია, რომ საფრანგეთში ლეგიონერებიც შემოგვიერთდებიან. ვიცხოვრებთ და ვივარჯიშებთ მარკუსის ბაზაზე, რომელიც საფრანგეთის სარაგბო მექაა. ფრანგებთან თამაშის გარდა ერთობლივი ვარჯიშიც უნდა გვქონდეს. ივნისში კი, საქართველოში ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრები ჩამოდის, რაც უდავოდ შესანიშნავი მოვლენაა”.