საქართველოს ჩემპიონატი – დაბრუნებები, პირველი ჰეთ-თრიკი და ბევრი ფრე

17:50 / 19 მარ 2023
საქართველოს ჩემპიონატი – დაბრუნებები, პირველი ჰეთ-თრიკი და ბევრი ფრე

საქართველოს ჩემპიონატში მორიგი მე-5 ტური გაიმართა. 3 მატჩი ფრედ დასრულდა, თავისი შეხვედრები კი დინამო ბათუმმა და გორის დილამ მოიგეს.

საქართველოს ექს ჩემპიონები გაგრას ესტუმრნენ და 4:1 დაამარცხეს. მატჩის უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელი ჯოვინო ფლამარიონი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ეს მიმდინარე ჩემპიონატში პირველი ჰეთ-თრიკია. ჯოვინოს გოლებიდან 1 განსაკუთრებით გამოსარჩევია, ბრაზილიელმა ლეგიონერმა ბათუმელთა შესანიშნავი კომბინაცია დააგვირგვინა. აჭარელთა მხრიდან გოლი პაატა ღუდუშაურმაც გაიტანა, მასპინძელთა მაისურით კი თავი ზურაბ მუსელიანმა გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატში თითქმის 13 წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელიც მშობლიურ გაგრაში დაბრუნდა. იმედი დავიტოვოთ, რომ ოქრი ფორმას დაიბრუნებს და ჩვენს ჩემპიონატში ბევრ ლამაზ მომენტს შემოგვთავაზებს. ისიც სათქმელია, რომ მუსელიანმა გოლი სწორედ ოქრიაშვილის გადაცემით გაიტანა. დინამო ბათუმი 13 ქულით მე-2 ადგილზეა და დინამო თბილისს მხოლოდ ბურთების სხვაობის გამო ჩამორჩება, გაგრა კი 1 ქულით მე-10 პოზიციაზეა.

ზედიზედ 4 მოგების შემდეგ ფრე ითამაშა დინამო თბილისმა, რომელიც თელავს ესტუმრა. მოქმედი ჩემპიონები სიგუას და კამარას გოლებით იგებდნენ, თუმცა ფირანაშვილის და აშორტიას შედეგიანი დარტყმებით ანგარიში გათანაბრდა. დინამო 13 ქულით ცხრილის სათავეშია, გია ცეცაძის გუნდი კი 5 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.

საინტერესო და დაძაბული მატჩი გამოვიდა ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, სადაც სამტრედიამ საბურთალოს უმასპინძლა და მატჩი 3:3 დასრულდა. ანგარიში სტუმართა ლეგიონერმა შეიკნე სილამ გახსნა, რის შემდეგაც ზვიად ნაჭყებიამ გაათანაბრა, ამას სირილ ჩიმბას გოლი მოჰყვა და მასპინძლები წინ გავიდნენ, საბურთალოელთა მხრიდან კი გიზი მამაგეიშვილმა გაათანაბრა. სათქმელია, რომ ეს ყველაფერი საწყის 20 წუთში მოხდა. მეორე ტაიმში საბურთალო ივა გელაშვილმა დააწინაურა, გიორგი კილასონიამ კი 91-ე წუთზე გატანილი პენალტით სამტრედიას ქულა მოუტანა. სამტრედია 4 ქულით მე-8 პოზიციაზეა, საბურთალო კი 6 ქულით მე-5 ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ სამტრედიაში დებიუტი ჰქონდა საქართველოს ნაკრების ყოფილ ნახევარმცველს გიორგი პაპუნაშვილს, რომელიც ბოლოს სერბულ რადნიცკიში გამოდიოდა. ისიც სათქმელია, რომ საბურთალოს მისივე აღზრდილი გიორგი კოხრეიძე დაუბრუნდა. გასული 2 წელი იგი ფრანგულ გრენობლში ირიცხებოდა და ტრავმების გამო ბევრი გაუცდა.

ამ სეზონში პირველად მოიგო გორის დილამ, რომელმაც 3 ქულა შუქურასთან აიღო. აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი ლეგიონერებმა გაიტანეს. პირველ ტაიმში ჯერ ონორე გომისმა შეაგდო, მეორე ნახევარში კი გომისის პასით ტიერი გეილიმ გაიტანა. შუქურამ თამაში 10 კაცით დაასრულა, ლაშა კვარაცხელიამ, რომელიც თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო, ყვითელი ბარათი ჯერ 89-ე, ხოლო შემდეგ 90-ე წუთებზე მიიღო. დილა 6 ქულით მე-6 ადგილზეა, შუქურა კი 3 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს.

უგოლოდ დასრულდა ტურის ბოლო მატჩი ზესტაფონში, სადაც იმერული დერბი გაიმართა და სამგურალმა ტორპედოს უმასპინძლა. ქუთათურები 9 ქულით მე-3 ადგილზე დარჩნენ, სამგურალი კი 7 ქულით ისევ მე-4 პოზიციაზეა.

ფოტო: დინამო თბილისის ფეისბუქ გვერდი