სენსაცია მიუნხენში და ბენზემას ეფექტი – ესპანელები 1/2 ფინალში გავიდნენ

01:34 / 13 აპრ 2022
სენსაცია მიუნხენში და ბენზემას ეფექტი – ესპანელები 1/2 ფინალში გავიდნენ

ჩემპიონთა ლიგის 2 1/2 ფინალისტი ცნობილია. 4 საუკეთესო გუნდს შორის ვილიარეალი და მადრიდის რეალი ითამაშებენ.

ბაიერნი – ვილიარეალის დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევდა. ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ესპანეთში ემერის გუნდის გასახარად 1:0 დასრულდა და ცხადია ინტრიგა კვლავ დიდი იყო. პირველ ტაიმში მიუნხენელები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა რეალური სახიფათო მომენტები ნაკლებად იქმნებოდა.

მეორე ტაიმში ბაიერნმა მოუმატა, რაც გოლში აისახა. 52-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკის პირველი სახიფათო მომენტი შეექმნა და მეტოქის კარი აიღო. ბაიერნი ამის შემდეგაც ცდილობდა გატანას, თუმცა ამაოდ. გულხელდაკრეფილი არც ვილიარეალი ყოფილა, თუმცა პირველი შეხვედრის მსგავსად ბევრი მომენტი გააფუჭა. გადამწყვეტი გოლი შეცვლაზე შესულმა ჩუკვუეზემ 88-ე წუთზე გაიტანა. ნიგერიელმა ვილიარეალის სწრაფი კონტრშეტევისას მორენოს გადაცემა შეირგო და გულშემატკივრები უზომოდ გაახარა.

ვილიარეალი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში 2006 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს. ემერის დამოძღვრილები ლივერპული – ბენფიკას შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

მეორე მატჩი მადრიდში გაიმართა, სადაც პირველ შეხვედრაში 3:1 მოგების შემდეგ, რეალმა ჩელსის უმასპინძლა. აღნიშნულმა თამაშმა გულშემატკივართა მოლოდინი აშკარად გაამართლა. სტუმრებმა ანგარიში მალევე გახსნეს, მე-15 წუთზე მეისონ მაუნთმა გაიტანა. 52-ზე ანტონიო რუდიგერმა თავით შეაგდო, 75-ზე კი ტიმო ვერნერმა ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, რამდენიმე მეტოქე მოატყუა და შესანიშნავი გოლი გაიტანა. 5 წუთში ლუკა მოდრიჩმა ახლად შესულ როდრიგოს გენიალური საგოლე გადაცემა გაუკეთა და მანაც ერთი შეხებით მშვენიერი გოლი გაიტანა.

დამატებულ დროში რეალი ჩელსის აშკარად აღემატებოდა. 96-ე წუთზე ვინისიუსმა ბენზემას მშვენიერი პასი გაუკეთა და ფრანგმაც იდეალური თავურით შეაგდო.

ბოლო ტაიმში უკვე ჩელსი გააქტიურდა, ლონდონელებმა კარისკენ რამდენჯერმე დაარტყეს, თუმცა უშედეგოდ. რეალი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გავიდა და ამ ეტაპზე სიტი – ატლეტიკოს შორის მოგებულს შეხვდება.