ფანობიდან მეტოქეობამდე – ერთი ფოტოს ისტორია

14:08 / 15 სექ 2022
ფანობიდან მეტოქეობამდე – ერთი ფოტოს ისტორია

30 ოქტომბერს, ბრძოლის გულშემატკივრები ძალიან საინტერესო დაპირისპირებას იხილავენ – ახალგაზრდა იუთუბერი, აწ უკვე პროფესიონალი მოკრივე, ჯეიკ პოლი, ლეგენდარულ ანდერსონ სილვას დაუპირისპირდება. სილვამ UFC-დან წამოსვლის შემდეგ, ძალები კრივში მოსინჯა და საკმაოდ წარმატებითაც. მან, არც მეტი, არც ნაკლები – მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ცესარ ჩავეზ ჯუნიორი დაამარცხა. ბრაზილიელი 47 წლისაა, თუმცა მიუხედავად ასაკისა, ჯეიკ პოლისთვის ეს ყველაზე რთული გამოცდა იქნება.

წინასაბრძოლო ღონისძიებები უკვე დაიწყო – გაიმართა პირველი პრესკონფერენცია და პირისპირ დგომიც. აღსანიშნავია, რომ სხვა მეტოქეებისგან განსხვავებით, ჯეიკი სილვას მიმართ დიდ პატივისცემას გამოხატავს. ამაში გასაკვირი არაფერია – შეუძლებელია, გიყვარდეს ბრძოლები და არ გიყვარდეს ანდერსონ სილვა.

როცა ჯეიკისა და სილვას სახელები ერთმანეთს დაუკავშირდა, სოც. ქსელში მალევე გავრცელდა 2010 წელს გადაღებული, ფოტო სადაც პატარა ჯეიკი და მისი ძმა ლოგანი, ანდერსონ სილვასთან ერთად არიან. “სილვა პირველი სელებრითი იყო, ვინც კალიფორნიაში გადასვლამდე შეგვხედრია. იგი ოჰაიოში, MMA-ს ბრძოლას ესწრებოდა, მე რინგის გოგონას ვეფლირტავებოდი, რომელმაც სილვამდე მიგვიყვანა” – იხსენებს ლოგან პოლი. ეს მომენტი, თავად სილვასაც არ დავიწყებია: “მე მახსოვს ეს ფოტო, მახსოვს რომ გითხარით – “ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია, უბრალოდ უნდა მოინდომოთ”.

საინტერესო ფაქტი – როცა MMA-ში ანდერსონ სილვას დებიუტი შედგა, ჯეიკ პოლი მაშინ 6 თვის იყო.