მედვედევი და საბალენკა ნახევარფინალურ სტადიაზე

ინდიან-უელსში გრძელდება საჩოგბურთო მასტერსი. 1/4 ფინალურ სტადიაზე, დანილ მედვედევმა ყველანაირი პრობლემების გარეშე 6:3 7:5 სძლია ალეხანდრო დავიდოვიჩ-ფოკინას და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.
რუს ჩოგბურთელს იდეალური სტარტი გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და მალევე 3:0 დაწინაურდა. ფოკინა ცდას არ აკლებდა, თუმცა მედვედევის მძლავრ ჩაწოდებას ვერაფერი დაუპირისპირდა და სეტიც 3:6 წააგო.
მეორე პარტიაში თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა – ორივე ჩოგბურთელი სტაბილურად მიდიოდა ბრეიკპოინტებამდე, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მათი რეალიზება ვერ ხერხდებოდა.
ნავსი მე-11 გეიმში გატყდა – მედვედევმა ბრეიკი შეასრულა, ხოლო შემდეგ უპრობლემოდ ჩააწოდა მატჩის მოსაგებად.
რუსმა ჩოგბურთელმა ზედიზედ მე-18 მატჩი მოიგო და ინდიან-უელსის ნახევარფინალში ფრანსის ტიაფოს დაუპირისპირდება.
მედვედევი კარიერაში მეათედ გავიდა მასტერსის დონის ტურნირის ნახევარფინალში. (ინდიან-უელსზე პირველად).
ქალთა ერთეულთა ბადეში აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას არინა საბალენკა. მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანმა 1/4 ფინალში 6:4 6:0 გაანადგურა კორტების მასპინძელი კოკო გაუფი და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
შეხვედრაში ბრძოლა ფაქტიურად არ ყოფილა – არინამ პირველივე გეიმში მოიგო მეტოქის ჩაწოდება და ბრეიკიანი ჰანდიკაპი გაინაღდა. საბალენკა ძლიერად და ზუსტად აწვდიდა, რის ხარჯზეც უპრობლემოდ აიღო პირველი პარტია 6:4.
მეორე სეტში გაუფის თამაში “ბოლომდე ჩამოიშალა” – ამერიკელმა თინეიჯერმა ზედიზედ 6 გეიმი დათმო და მასთან ერთად მატჩიც.
ბელარუსმა ჩოგბურთელმა მიმდინარე სეზონში რიგით მე-17 მატჩი მოიგო. ტოპ 10-ის წარმომადგენლებთან მისი მოგება – წაგების ბალანსი მინიმუმამდე შემცირდა 23:24.
ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი გამარჯვებული კარიერაში პირველად გავიდა ინდიან-უელსის ნახევარფინალში. მისი მომდევნო მეტოქე – მარია საკარი იქნება.