“ჰოლანდი იმიტომ შევცვალე, რომ მესის რეკორდი არ მოეხსნა…”

ერლინგ ჰოლანდმა ისევ გოლების ფეირვერკი მოაწყო და ისევ შეცვალეს. ინგლისის თასზე მანჩესტერ სიტიმ 6:0 მოუგო ბარნლის, ნორვეგიელმა სამი გოლი გაიტანა და პეპ გვარდიოლამ მე-60 წუთზე შეცვალა…
აი, გვარდიოლას კომენტარი:
„ჰოლანდი იმიტომ შევცვალე, რომ მესის რეკორდი არ მოეხსნა ინგლისის თასზე. ვცდილობ ჩემი ფეხბურთელები დავსაჯო, ეს ჩემი მიზანია“ (Goal)
რა თქმა უნდა, პეპმა გაიხუმრა იმ შემთხვევის გამო, რისთვისაც ბევრმა გააკრიტიკა. სიტი-ლაიპციგის შეხვედრაში (7:0) ჰოლანდი ადრე იმიტომ გაიყვანა, რომ 5 გოლზე მეტი არ გაეტანა და მესისთვის არ გადაესწროო.
გვარდიოლამ ასევე თქვა, რომ ჰოლანდს აწეულმა თამასამ შეიძლება ცხოვრება გაურთულოსო.
„ახლა ყველას ექნება მოლოდინი, რომ ყველა მატჩში სამი-ოთხი გოლი გაიტანოს. თუმცა ასე მუდამ ვერ მოხდება. ვიცი, რომ თვითონ ერლინგს არ აინტერესებს. ძალიან დადებითი და ოპტიმისტური ადამიანია. ერლინგი არასოდეს არ წუწუნებს და სანამ გუნდი ასე თამაშობს, ისიც ბევრს გაიტანს“.