აღდგომის მოლოდინში

ილია ბაბუნაშვილი აღდგომის მოლოდინში
12:15 / 21 აპრ 2022

ესტადიო ლა კარტუხა მულტიფუნქციური სტადიონია სევილიაში. სახელმწიფოს საკუთრებაა. და მე დიდი იმედი მაქვს, რომ შაბათისა კვირის გასაყარზე, როდესაც საქართველოს ტაძრებში ლიტანიობის ზარებს ჩამოკრავენ, მის მოედანზე, სამეფო თასის ფინალში, ვალენსიას კარში ჩვენი 21 წლის ბიჭი, დიდი მომავლის მქონე მეკარე გიორგი მამარდაშვილი იდგება. ესპანელი მსაჯიც შეხვედრის დაწყების ნიშნად სწორედ მაშინ დაუსტვენს და ღვთის მადლით საათნახევრის ან ორი საათის შემდეგ ჩვენ გვეყოლება კიდევ ერთი მოთამაშე, რომელმაც მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს საფეხბურთო ქვეყანაში ჯილდო მოიგო.

ერთი კვირის წინანდელ ბლოგში ვწერდი, რომ დიდი ხანია, რაც ქართული ფეხბურთის გამარჯვება ქართული გუნდის გამარჯვებას აღარ ნიშნავს. პარადოქსია? რას იზამ. დღეს ყველაფერი ყირაზეა. აგერ, აღდგომა დღეს, ქართული ფეხბურთის გამარჯვება ვალენსიას გამარჯვება იქნება, ისიც იმ შემთხვევაში თუ ხოსე ბორდალასი კარში გიორგის დააყენებს. თუ არა და რა გითხრათ, აბა…

მაგრამ თუ დააყენებს და გაიმარჯვებს, მაშინ ჩვენს გულშემატკივარზე ბედნიერი დედამიწაზე არავინ იქნება.

Mamardashvili se queda en el Valencia CF | El Valencia ejecuta la opción de compra de Mamardashvili | Las Provincias

რატომ შემეპარა ეჭვი რომ მამარდაშვილს ათამაშებენ? ეჭვი ადამიანის თვისებაა და იმიტომ. თან, ვალენსიას მწვრთნელმა შუა კვირაში, ვილიარეალთან, გიორგის ნაცვლად მისი კონკურენტი, ჰოლანდიელი სილესენი ათამაშა. ამას არ ველოდი. არ ველოდი, რადგან ზედმეტად ვენდე ესპანურ პრესას, რომელიც კარგა ხანია წერს, რომ გიორგის ლა კარტუხაზე ადგილი გარანტირებული აქვს, ხოლო მე და ესპანური პრესა ერთად დაგვაბნია ბორდალასმა, რომელიც ბოლო შეხვედრებში მხოლოდ ქართველს ეყრდნობოდა. თუ ბოდალასს მამარდაშვილსა და სილესენს შორის არჩევანის გაკეთება უნდა, ჰოლანდიელს საქმეში ცოტა ადრე ჩართავდაო, ვფიქრობდით ყველანი, ქართველებიცა და ესპანელებიც.

თუმცა, ვინ იცის მართლები ვიყავით. უფრო სწორედ, ვართ. იქნებ, ღამურების მწვრთნელმა ვილიარეალთან ვეტერანი იმიტომ ათამაშა, რომ გიორგი დაასვენა. მოდი, ასე ვიმსჯელოთ: ბორდალასი სამშაბათს მეორე შემადგენლობით აპირებდა თამაშს. შესაბამისად, ხვდებოდა, რომ წააგებდა ანუ მამარდაშვილი გოლებს გაუშვებდა და ვინაიდან ის ჯერ მაინც ახალგაზრდაა, სტრესისგან დაიცვა. ისიც ეყო, წინა შეხვედრაში ოსასუნამ ორი რომ გაუტანა. თან, პირველ ეპიზოდში პენალტიდან დარტყმულს მიწვდა, მაგრამ ბურთი ისეთი ძალით მოფრინავდა, რომ მაინც შევარდა ბადეში. გულდასაწყვეტი იყო, კინაღამ მოიგერია.

თან, სილესენსაც ვარჯიში გამოუვიდა. ვეტერანს ხომ 19 იანვრის შემდეგ არ უთამაშია. არადა, საჭირო კაცია. ფორმაში უნდა იყოს. ჯერ ერთი ორი მომზადებული მეკარის ყოლა გუნდისთვის არის უკეთესი და მეორეც გამოცდილებით გიორგის ნამდვილად აღემატება: სამეფო თასის სამ ფინალში იცავდა ბარსელონას კარს.

ფინალი ჩვეულებრივი მატჩი ხომ არ არის. მას საგანგებო მობილიზება და თავის ხელში აყვანა სჭირდება. თუმცა, გამოუცდელი ეძახე და არც გიორგი ჩანს სუსტი ნერვების ადამიანი. რაც მთავარია კარგ ფორმაშია.

ერთი სიტყვით, 23 აპრილს ლა კარტუხაზე მაინც უფრო მამარდაშვილის თამაშს ველი. თუ არა და… კიდევ ერთხელ გამიკვირდება. თან ძალიან. ის კი არა, ვინ იცის ზედმეტი „გაკვირვებისგან“ ჩუმ-ჩუმად ბეტისსაც კი ვუგულშემატკივრო.

Valencia CF: Valencia has an extra year of Mamardashvili in their pocket - CVVNEWS

და რადგან, ვალენსიას მეტოქეც ვახსენე, ისიც დავძინოთ, რომ ბეტისი ქალაქ სევილიას გუნდია, სწორედ იმ ქალაქის სადაც სტადიონი ლა კარტუხა მდებარეობს და შორიდან ვერ გამირკვევია არის თუ არა ეს ფაქტორი მისი უპირატესობა. ფორმალურად ბეტისის სტადიონი სხვაა, ბენიტო ვილიამარინი ჰქვია, ასე რომ ვალენსია თითქოს ნეიტრალურ მოედანზე თამაშობს, მაგრამ გეოგრაფიას რას უზამ? სტადიონზე ხომ ანდალუსიელები უფრო ადვილად მივლენ, ვიდრე ვალენსიელები 650 კილომეტრის სიშორიდან. თუმცა, ბილეთებს როგორ გაანაწილებენ ამასაც ხომ აქვს მნიშვნელობა. ვითომ, კლუბებს თანაბრად მისცემენ და დანარჩენს… რეალურად ისევ სევილიელები იყიდიან? არ ვიცი.

სამაგიეროდ, ის ვიცი, რომ ძალიან მინდა აღდგომა დღეს, 24 აპრილს, ნაცნობ-მეგობრებს რომ შევხვდები სიხარულით მივაგებო: – ქრისტე აღსდგა! ნახე, გუშინ მამარდამ ესპანეთის თასი მოიგო?