ბარსაში ჩავი ჩავიდა

ილია ბაბუნაშვილი ბარსაში ჩავი ჩავიდა
19:10 / 24 ნოე 2021

ჩავის ბიოგრაფიიდან ასეთი ეპიზოდია ცნობილი: ფეხბურთელები ჩვეულებრივი, სამოქალაქო რესით სადღაც მიფრინავდნენ. A ქალაქიდან B ქალაქში. თვითმფრინავი ტურბულენტობის ზონაში მოხვდა. დაიწყო რყევა. მგზავრებს რასაკვირველია შეეშინდათ, მაგრამ ერთმა მათგანმა ყველა დაამშვიდა:

The Elegance of Xavi Hernandez - YouTube

— ხალხო, დაწყნარდით. არაფერი მოგვივა. ჩვენთან ერთად ჩავი მგზავრობს!

ასეა, ჩავი ესპანეთში ყისმათიან კაცად არის ცნობილი, ყისმათი კი ისეთი რამაა, ბევრს ჭკუას რომ ურჩევნია. თუმცა, ჩავი ერნანდესს ეს არ ეხება, რადგან ის ჭკვიანიცაა.

და კიდევ, ჩავი ერნანდესი ფეხბურთის ფანატიკოსია. მაგალითად, ბევრი ვარსკვლავისთვის ინტერვიუს მიცემა ტანჯვაა — სიტყვებს ვერ ალაგებენ, აზრს ვერ გამოხატავენ — ჩავისთვის კი ეს საყვარელ თემაზე ლაპარაკის საბაბია. მოკლედ, ჩავი პერანგში და ალბათ ბურთში დაიბადა.

ცოტა ხნის წინ მან ბარსელონა ჩაიბარა და ახლა, როდესაც ეს სიტყვები იწერება, ახალ სამსახურში ჯერ მხოლოდ ორი თამაში აქვს ჩატარებული. პირველი, ლა ლიგაში ესპანიოლთან მოიგო; მეორე — ჩემპიონთა ლიგაში ბენფიკასთან ფრედ ითამაშა. და ყველა ამბობს, რომ მან ბარსა ხელის ერთი მოსმით დაამსგავსა საკუთარ თავს. ამას წერენ გაზეთებში, საიტებზე, ამას მიმოიხილავენ ტელეშოუებში, პოდკასტებში…

ბარსელონას იდეა დაუბრუნდა. ბარსელონას ჩავი დაუბრუნდა და იმიტომ.

თუმცა, მოდი მაინც თავი დავიზღვიოთ და ასე ვთქვათ: ვნახოთ, ჯერ კიდევ გამოჩნდება. თუნდაც მიუნხენში, სადაც ბარსას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა უწევს და სხვაზე რომ არ იყოს დამოკიდებული, უნდა მოიგოს…

Barcelona Player Has Broken Rule Just Days After Xavi Hernandez Was Appointed

ჩავი ერნანდესი და სპორტი ჯერ კიდევ მის დაბადებამდე გადაიკვეთნენ: დედ-მამამ ერთმანეთი ბარში, მაგიდის ფეხბურთის შეჯიბრების დროს გაიცნო.

შემდეგ დაიბადნენ ჩავი და მისი ძმები, რომელთაც თავიდან სტიკერების შეგროვება დაიწყეს. ხუთი წლის ბიჭუნა კი მამამ უკვე კამპ ნოუზე წაიყვანა და ამხელა განათებული ნაგებობა რომ დაინახა, ბავშვი გადაირია.

საინტერესო ამბავი: ერთხელ, მამამ გადაწყვიტა ენახა, მისი ფეხბურთზე გაგიჟებული ბიჭუნა როგორ თამაშობდა. მივიდა და რას ხედავს, ყველა უტევს, ის კი არა.

— გამაგებინე, რატომ არ უტევ? წინ თუ წახვალ, გოლს გაიტან — უსაყვედურა მამამ.

— რას ამბობ. მეც რომ წინ გავიქცე, უკან ვინღა დარჩება, — უპასუხა თითისტოლა შვილმა.

ესეც თქვენ მომავალი ტაქტიკოსი. სხვათა შორის, რაღაც დონეზე ჩავის მამაც ფეხბურთელობდა, მერე მწვრთნელადაც მუშაობდა და არ იცოდა, რომ მისი ვაჟი ტრიბუნაზე იჯდა, თვალს ადევნებდა და ძმებს ეუბნებოდა, მე მის ადგილზე ასე კი არა, ისე გავაკეთებდიო.

თუ ეს ჩავის პორტრეტს რაიმეს ჰმატებს გეტყვით, რომ მას ბავშვობაში სოკოს კრეფა უყვარდა, ხოლო ბარსას ჭაბუკთა გუნდში მიღებული პირველი ხელფასით (ოთხი ათასი პესეტა ანუ 30 დოლარი) დედას ტოსტერი უყიდა.

La Liga: Xavi says, Lionel Messi texted me good luck as I became coach

შემდეგ, გავიდა დრო და გაირკვა, რომ ჩავის იმხანად 27-28 წლის პეპ გვარდიოლა უნდა ამოეგდო შემადგენლობიდან, თორემ ისე საჯდომით სათადარიგოთა სკამის გათბობაში მოუწევდა წლების გატარება.

მამამ უთხრა გაეცალეო. ძმებმაც უთხრეს გაეცალეო. მილანმა, ჩვენთან წამოდი და დემეტრიო ალბერტინისთან წყვილში გათამაშებთო. აი, დედამ კი არ წახვიდეო.

ისიც არ წავიდა, რამდენიმე მძიმე წელიწადს გაუძლო, ლანძღვა-გინება აიტანა და… როდესაც ბარსელონა ფრენკ რაიკარდმა ჩაიბარა, ძირითადში დაიმკვიდრა ადგილი.

შვიდწლიანი განშორების შემდეგ კი კამპ ნოუზე პეპ გვარდიოლა დაბრუნდა, ჩავის ხელი ჩასჭიდა და, როგორც თავად ამბობს, ლიმონივით გამოწურა. ჩავი ჩავიდ გვარდიოლამ აქცია.

ახლა კი ჩავიმ უნდა აქციოს ბარსელონა ბარსელონად.

Barcelona legend Xavi contracts coronavirus - TheNewsGuru