ბევრი რონალდუ, ყველგან რონალდუ

ზაალ მუჯირი ბევრი რონალდუ, ყველგან რონალდუ
17:25 / 15 სექ 2021

ბოლო დროს ძალიან საინტერესოა კრიშტიანუ რონალდუს ცქერა. წინა სეზონში, იუვენტუსში, თვალებმიმქრალს თითქოს ყოველგვარი მოტივაცია დაკარგული ჰქონდა. მანჩესტერში გადასვლის შემდეგ კი თითქოს გააახალგაზრდავესო.

პრემიერლიგის რე-სადებიუტო მატჩში ხომ, ოლდ ტრაფორდზე, დუბლი მიითვალა. სამშაბთს კი, ჩემპიონთა ლიგის რე-დებიუტში გამოიჩინა თავი, თანაც როგორ. მიუხედავად იმისა, რომ მისმა მანჩესტერ იუნაიტედმა იანგ ბოიზთან წააგო (1:2), კრიშტიანუ ისევ კრიშტიანუ იყო.

 

No description available.

ჯერ, მოთელვაზე სტიუარდ გოგონას შემთხვევით მოარტყა ბურთი და როცა წაქცეული დაინახა, მიირბინა, ბოდიში მოუხადა, ჰკითხა რაიმე ხომ არ დაუშავა. როცა დარწმუნდა, ყველაფერი რიგზე იყო, მოთელვა გააგრძელა. შემდეგ კი თავისი მაისურა აჩუქა და თუ ის სტიუარდი მასპინძელთა ქომაგი იყო, ალბათ უფრო მეტად გაახარა, ვიდრე იანგ ბოიზის ისტორიულმა გამარჯვებამ.

მერე, მალევე გაიტანა და ისევ რეკორდები: გაიმეორა მთავრი კონკურენტის, ლიონელ მესის მიღწევა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში 36 კლუბისთვის გაეტანა. იანგ ბოიზი კრიშტიანუსთვისაც 36-ე აღმოჩნდა.

გაიმეორა მადრიდის რეალის ლეგენდარული მეკარის, იკერ კასილიასის მიღწევა, ახლა ორივეს ამ ტურნირზე ყველაზე მეტი – 177 ჩატარებული მატჩი მოუგროვდათ და შემდეგ ტურში, შინ ვილიარელათან, დიდი ალბათობით, ამ რეკორდის ერთპიროვნული მეპატრონე გახდება.

No description available.

რონალდუმ მე-19 სეზონი დაიწყო ჩემპიონთა ლიგაში (მე-16 მისი გოლებით). იანგ ბოიზთან გატანილი ბურთი კი 135-ე აღმოჩნდა მისთვის ტურნირზე. უახლოეს მდევარ მესის 120-ჯერ დაულაშქრავს მეტოქეთა კარი.

მეორედ გახდა ჯგუფურ ეტაპზე პირველი გოლის ავტორი. სხვათა შორის, მანამდე ანალოგიური შემთხვევა 12 წლის წინათ, ასევე შვეიცარიაში მოხდა, როცა რეალი ციურიხს ხვდებოდა.

რონალდუს ჩემპიონთალიგური საერთო მონაგარი კი ასეთია: 177 მატჩი, 135 გოლი, 19 სეზონი, 5 ტიტული, 111 გამარჯვება, 35 ფრე, 31 მარცხი, 8 ჰეთ-თრიქი, 19 გაფრთხილება, 1 გაძევება…

 

მატჩის ბოლოსკენ ის ჯესი ლინგარდმა შეცვალა და სწორედ მისმა საშინელმა შეცდომამ წააგებინა მანკუნიანელებს.

კრიშტიანუ ტრიბუნების გამაყრუებელი სტვენის აკომპანიმენტით ტოვებდა მინდორს. სტუმართა მწვრთნელ ულე-გუნარ სულშერს კი არაფერი შეშლია. ცხადია, პორტუგალიელს მინდვრის დატოვება არ გახარებია, მაგრამ როცა გუნდი ანგარიშის შესანარჩუნებლად ყრუ დაცვაში გადადის, აქ რონალდუს ეფექტურობა ერთ-ორად მცირდება. ვინძლო შემთხვევით ფეხშიც მოარტყან და დააშავონ. ჯობს გავუფრთხილეთ.

 

 

Ole Gunnar Solskjaer's decision to take Cristiano Ronaldo off for Manchester United has been labelled a "shambles"

სხვათა შორის, შეცვლისას კრიშტიანუმ ლინგარდს რაღაც რჩევები მისცა, მაგრამ ბედოვლათმა, ეტყობა ცუდად შეისმინა.

სტატისტიკოსები გვამცნობენ, რომ ამ მატჩში პორტუგალიელი 29-ჯერ შეეხო ბურთს, ორჯერ დაარტყა (ორივე კარში), 85 პროცენტიანი სიზუსტის პასები შეასრულა და ორჯერ დააჯარიმებინა მეტოქე.

არა, აშკარად ძალიან ბევრი რონალდუა…