ბელგიის ლესტერი?.. პატარა კლუბის ზღაპარი

ილია ნანობაშვილი ბელგიის ლესტერი?.. პატარა კლუბის ზღაპარი
15:37 / 22 ნოე 2021

ბელგიის ჩემპიონატის ცხრილი ნახეთ? პირველ ადგილზე 7-ქულიანი უპირატესობითაა უნიონ სენ-ჟილი… გუშინ ოსტენდსაც ფეხბურთი შეაძულეს, სტუმრად 7:1 მოუგეს. უნიონ სენ-ჟილი წლეულს გადავიდა ბელგიის უმაღლესში. ოსტენდი კი არა, ისე მოუგო ანდერლეხტს, სტანდარდსა და გენტს, ვითომც არაფერი.

124-წლიანი ისტორია აქვს კლუბს, მაგრამ გასულუ საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული ღარიბი: 1935 წლამდე 11-ჯერ გახდა ჩემპიონი, მერე კი გაქრა, სულ ქვედა დივიზიონებში მიდი-მოდიოდა.

რა მოხდა? კლუბი როალ უნიონ სენ-ჟილი ბრიტანელებმა იყიდეს, სათამაშო ბიზნესში ცნობილმა კომპანიამ (Premier Bet), რომელსაც ენტონი ბლუმი ხელმძღვანელობს. ბლუმისთვის უნიონ სენ-ჟილი მეორე კლუბია, ასევე მფარველობს ინგლისურ ბრაიტონს…  ბრაიტონს 2009 წელს მოჰკიდა ხელი და ქვედა ლიგიდან პრემიერლიგის საშუალო კლუბად აქცია.

დავუბრუნდეთ უნიონ სენ-ჟილს. პატარა ქალაქი სენ-ჟილი ბელგიის თითქმის შუაგულშია. სახელიდან მიხვდებით, რომ ფრანგულენოვანია… 50 000 მაცხოვრებელი. ბრიუსელთან მიმდგარი, ბრიუსელის 19 კომუნადან ერთ-ერთი. უნიონ სენ-ჟილის სტადიონი კი 8000 კაცს იტევს.

მწვრთნელი გახლავთ ფელიპე მაცუ. გენკშიც მუშაობდა ცოტა ხანს, სადაც ბელგიის სუპერთასი მოიგო. ბომბარდირია (13 გოლი ლიგაში) დენიზ უნდავი, გერმანიის მოქალაქე, მესამე ბუნდესლიგიდან აიყვანეს სენ-ჟილში… ასევე მაგრად თამაშობს თავდამსხმელი დანტე ვანსეირი, რომელმაც 10 გოლი მიითვალა. ის ბელგიელია, გენკში ვერ ითამაშა, მერე ბეერსხოტში გაუშვეს, საიდანაც მეხელენში მოხვდა და იქ არ დააფასეს. ჰოდა აიყვანა სენ-ჟილმა.

ორი დანიელი ჰყავთ და ორივე გამორჩეულია გუნდში: ცენტრალური მცველი იონას ბაგერი და გამთამაშებელი კრისტიან ნილსენი. ინტერნაციონალური გუნდია სენ-ჟილი. გერმანელებისა და დანიელების გარდა, ინგლისელი, ფრანგი, ჩრდილოირლანდიელი, იტალიელი, ნიდერლანდელი, მაროკოელი, კოტდივუარელი, ურუგვაელი, იაპონელი, ანგოლელი, მალტელი და მადაგასკარელიც კი…

ბელგიურ ლესტერთან ხომ არ გვაქვს საქმე? ვნახოთ.

და კიდევ, ერთი თვის წინ გიორგი მიქაუტაძემ გაუტანა უნიონ სენ-ჟილს. მიქაუტაძის სერენი 2:0-ს იგებდა, მაგრამ 2:4 წააგო…