განწყობა, ტაქტიკა… ეს ნამდვილად ის ნაკრებია?

ილია ნანობაშვილი განწყობა, ტაქტიკა… ეს ნამდვილად ის ნაკრებია?
19:23 / 12 ნოე 2021

2:0 შვედეთთან: ნაკრებთან, რომელსაც ჰყავდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარმცველი ემილ ფორსბერგი და ახალგაზრდა ალექსანდრ ისაკი, რომლის დიდი დამსახურებით სოსიედადი ლა ლიგას… ლიდერობს. ეს სამეული გამოვარჩიეთ, თორემ სხვა მაგარი ფეხბურთელებიც ჰყავთ.

ანუ, საქართველოს ნაკრებს თამაში შესძლებია. ესაა ფაქტი და ახლა საინტერესოა, რა უშლის ხელს, რომ სატურნირო თვალსაზრისით პრინციპულ შეხვედრებშიც გამოაჩინოს ძალა? პირველად არ ხდება, რომ საქართველოს ნაკრები მაგრად აჯახუნებს კარს და ამწარებს ძლიერ გუნდებს. უკვე ბოლოს, როცა ჯგუფიდან გასვლის შანსი დიდი ხნის გადაწურულია.

დამთხვევაა? გადავხედოთ: საქართველო შესარჩევის პირველ-მეორე თამაშს ნორმალურად ატარებს. ან იგებს, ან თუ ვერ იგებს, ხარისხით იმედს მაინც გვაძლევს (გაიხსენეთ შვედეთთან გასვლა და ესპანეთთან შინ). თამაშობს, მაგრამ შანსს კარგავს, მერე კი შუა ციკლში ჩერდება და ლამის გიბრალტარ-სანმარინომდე ეცემა, ხოლო როცა მოთმინების ფიალა წკიპზეა, აი მაშინ ბოლო ტურებში ეტყობა ფსიქოლოგიური წნეხი ეხსნებათ და მომენტებში ისე თამაშობენ, სიზმარში გეგონება თავი – „ეს ნაღდად ის ნაკრებია?“

No description available.

მენტალური მწვრთნელი

ფსიქოლოგია და განწყობა – აქ არის პრობლემები. სამწუხაროდ, მხოლოდ აქა-იქ რამდენიმე მწვრთნელი ან ჟურნალისტი იტყვის ხოლმე მენტალური მწვრთნელის აუცილებლობაზე. იქნებ ღირს. ფსიქოლოგია ის კი არაა, ფეხბურთელი საუბრით დაღალოს და საფეხბურთო ვარჯიშების ნაცვლად მხოლოდ გონებრივი ვარჯიშები ატაროს. არა! სპორტულმა ფსიქოლოგმა თავისი საქმე უნდა შეასრულოს, უნდა ჰქონდეს შესაბამისი ცოდნა. მითუმეტეს ეს საჭიროა ჩვენს რეალობაში – ქვეყანაში, სადაც ეკონომიკური გაჭირვებაა.

კონკრეტულად ნაკრების ფეხბურთელებს, რა თქმა უნდა, არ უჭირთ, მაგრამ ვისაც გული აქვს, რა თქმა უნდა, წუხდება სანათესაოსა და სამეგობროს ცუდად ყოფნით. ვიცით, რომ ეს პრობლემაა.

სპორტული ფსიქოლოგია დიდწილად იყო იურგენ კლოპის სადიპლომო ნამუშევარში, როცა ის ჯერ კიდევ ფეხბურთელი იყო და მწვრთნელობას აპირებდა. კლოპს ყველა იცნობს მაგარ ფსიქოლოგად, მაგრამ მან მაინცში, დორტმუნდშიც და ლივერპულშიც მიიყვანა სპორტული ფსიქოლოგი…

ახლა ისე არ იფიქროთ, ლივერპულსა და საქართველოს ვადარებდეთ. სიტუაციას ვადარებთ.

No description available.

ტაქტიკა

ვილი სანიოლმა კოსოვოში შეცვალა სქემა, როცა სამ ცენტრალურ მცველზე გადაიყვანა და ამან ეფექტი მოიტანა. ფრანგმა მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ შვედეთთანაც ასე აჯობებდა, თანაც იმ ნაკრებთან, რომელიც წლებია 4-4-2-ს არ ცვლის და ორივე თავდამსხმელი სუპერი ჰყავს.

საჭირო იყო უკანა ხაზის შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა და თუ გახსოვთ, საწყის ნახევარ საათში შვედები რამდენჯერ დარჩნენ თამაშგარეში… ამან სტუმრები აიძულა, შეტევაში ტაქტიკა შეეცვალათ. იყო მხოლოდ ერთი უხეში შეცდომა (ოთარ კაკაბაძემ რომ ცუდად დააბრუნა ბურთი) და იქ სხვებმა გამოასწორეს. იღბალიცაა! კარგია, რომ გოლი არ გავიდა, მაგრამ ერთი წამითაც არ ვუკარგავთ გიორგი ლორიას, გურამ კაშიასა და დავით ხოჭოლავას, რომელმაც ულაპარაკოდ საუკეთესო სანაკრებო მატჩი ჩაატარა. ხოჭოლავა შესარჩევის წინა თამაშებში და შვედებთან – ცა და დედამიწა.

შვედი შემტევები ქართველებს რატომღაც არ აპრესინგებდნენ, რამაც უფრო ლაღად თამაშის საშუალება მისცა ჩვენებს. ზლატანმა მხოლოდ საწყის წუთებში იკადრა პრესინგი, მერე კი თავს არ იწუხებდა.

No description available.

ასეთ სისტემაში ბურთის შენარჩუნება და სწრაფი აზროვნება ევალებათ ცენტრალურ ნახევარმცველებს. სასიხარულოა, რომ ვაკო გვილია ისევ კარგად ათამაშდა. მან და ნიკა კვეკვესკირმა შვედ ცენტრალურ ნახევარმცველებზე უკეთ იციან დაბალ ბურთზე თამაში (არ ვამბობთ, რომ მათზე ძლიერები არიან) და რამდენჯერმე პასებით გაამწვავეს შეტევები. ბევრი იმუშავეს ცენტრში.

გამორჩევა? მეტ-ნაკლებად ყველა ქართველმა კარგად ითამაშა, მაგრამ საუკეთესო იყო 18 ნომერი – ხვიჩა კვარაცხელია. და რა სასიხარულოა, რომ სწორედ ხვიჩამ ჩაატარა ასეთი მატჩი. განა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებზე მეტად გვიყვარს ან სხვებზე მეტად მოგვწონს მისი სტილი… არა, უბრალოდ, ყველაზე მეტად სწორედ მას სჭირდებოდა ეს გოლები და მაგარი თამაში. ფსიქოლოგიური კუთხით ეს იყო ათიანში გასროლა.

ხვიჩამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რა შეუძლია მაგარ გუნდებთან და იმედია, მისი საკლუბო კარიერაც სხვა სიბრტყეზე გავა. აი, რას ნიშნავს ბრაზი და მოტივაცია – სულ სხვაა ურალისა თუ ნეფტეხიმიკის წინააღმდეგ თამაში და სულ სხვაა იმ ნაკრებთან, რომელიც ბოლო ორივე დიდ ტურნირზე საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვდა…

კიდევ, საქართველომ არ ითამაშა პატარა გუნდივით. არ ჩანდა, რომ იქით შვედეთი იყო და აქეთ რეიტინგში 96-ე ნაკრები. საქართველო არ ჩადგა ყრუ დაცვაში. გავიხსენოთ პირველ და მეორე გოლებს შორის მონაკვეთი – ნაკრები თითქმის ისევე აგრძელებდა თამაშს, როგორც მანამდე, ოდნავ დაიხიეს უკან, დოზირებულად.

ახლა უზბეკეთთან მატჩია. მერე კი დრო საკმაოდ იქნება და სამუშაოა, რომ იგივე არ დაგვემართოს, რაზეც უკვე დავწერეთ. განწყობა და ფსიქოლოგია სწორ ტაქტიკასთან ერთად…