გასული სეზონის საუკეთესო

ილია ბაბუნაშვილი გასული სეზონის საუკეთესო
14:58 / 14 სექ 2022

19 სექტემბერს სარბიელმა სპორტულ ჟურნალისტთა გამოკითხვის შედეგებს დავასახელებო. გამოკითხვაში მონაწილეობა 75-მა რესპოდენტმა მიიღო. მათ 2021-22 წლების სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის ვინაობა განსაზღვრეს ანუ, იმ სეზონისა, რომელიც 2021 წლის აგვისტოში დაიწყო და 2022-ის მაისში თუ ივნისში დასრულდა. ხვიჩას ნეაპოლური სუპერსიგიჟეები არ შედის. ეს ერთი წლის შემდგომ გამოკითხვაში აისახება.

თუმცა, სრულიად შესაძლებელია, რომ საუკეთესო მაინც ხვიჩა იყოს. რუბინისა და ბათუმის დინამოს ხვიჩა, წინა გამოკითხვის გამარჯვებული. კვარა ხომ ნაკრებში ფასდაუდებელი იყო.

ანდა მამარდა, ბიჭი რომელიც ვალენსიაში მეოთხე მეკარედ ჩავიდა და ძირითადიდან ჰოლანდიის ნაკრების გოლკიპერი გააშვებინა; ესპანეთის თასის ფინალში ითამაშა, რეალს, ატლეტიკოს და ბარსას დაუდგა.  ყველაზე მეტი ქულა ამ ორსა და საბა ლობჟანიძეს მოუგროვებიათ. საბასაც ჩინებული სეზონი ჰქონდა, მაგრამ მგონი გამარჯვებული მაინც იმ ორიდან უნდა იყოს.

ვინმემ თუ თქვა, სეზონი ჩვენთან გაზაფხულზე იწყება და შემოდგომაზე მთავრდებაო, დავეთანხმები, ოღონდ ვუპასუხებ, რომ ეგ ლოგიკა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვის დროს ვარგა, საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელები კი როგორც წესი უცხოეთში თამაშობენ. იქ, სადაც სეზონს შემოდგომაზე იწყებენ და გაზაფხულზე ამთავრებენ. თან, მე როგორც ოდინდელმა სარბიელელმა შემიძლია გითხრათ, რომ ახლანდელი გამოკითხვა რიგით მეოცეა და ამ ოცი წლის განმავლობაში ერთხელ არ ყოფილა შემთხვევა, კალენდარული წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოვლენილიყო. ამ გამოკითხვით ჟურნალისტები ყოველთვის სეზონის საუკეთესოს ასახელებდნენ.

რა მაგის პასუხია და წლეულს ფრანს ფუტბოლიც სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენაზე გადავიდა და მესი იმ ოცდაათეულშიც კი არ შეიყვანა, საიდანაც ერთი უნდა ამოირჩიონ. მართლა არ იყო გასული სეზონი არგენტინელის კარიერაში გამორჩეული, თუმცა ვიღაცამ შეიძლება თქვას ცოცხალ დუშან ვლაჰოვიჩს და სებასტიან ჰალერს მკვდარი მესი მირჩევნიაო და მე პირადად ვერ შევედავები.

მახსოვს, სარბიელის გამოკითხვის პირველი ლაურეატი 1992-93-ში გიო ქინქლაძე იყო. ფეხბურთელი, რომელიც სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და ორჯერ თასის მფლობელი: მეტი გუნდური ტიტული არ მოუგია, მაგრამ ლეგენდა გახდა. ჩვენი და მანჩესტერ სიტის ლეგენდა. ნიჭიც ამას ჰქვია!

სეზონის რჩეულები: 1993 - mygoals.ge

 

ყველაზე მეტჯერ, ოთხჯერ, ჯილდო კახა კალაძემ მოიგო. და რა არის გასაკვირი? კაცმა ორჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში. წლობით მილანში თამაშობდა, თან როგორ მილანში. სამჯერ შოთა იყო ლაურეატი, ყველას საყვარელი თავდამსხმელი, ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი.

კიდევ იმის თქმა მინდა, რომ 2008 წელს სარბიელის გამოკითხვები შეჩერდა, 2018 წლიდან კი აღდგა; 2020-ში კოვიდმა ჩაშალა.

1994-95 წლებშის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი მეკარე იყო, კაკო დევაძე. გამოდის, რომ გიოს, შოთას, ქეცბაიას და ჯამარას ეპოქაში გამოკითხვაში გოლკიპერს გაუმარჯვია. ესეც დიდი ნიჭის ამბავია, სხვა კი არაფერი.

ისე, მე თუ მკითხავთ, ტექნიკური მიზეზები რომ არა, ჯობდა წლევანდელი დაჯილდოება ივნისშივე ჩატარებულიყო, იმიტომ რომ ახლა მაინც სხვა კონტექსტია, სხვა ვნებათაღელვა, სხვა ოხშივარი, მაგრამ რაც არის, არის. მთავარია, საქართველოში ღმერთმა ნიჭიერი ხალხი არ მოგვიშალოს და ჩვენ მათი დაჯილდოება არასდროს მოგვბეზრდება.

ქალი და ავანსი | sarbieli