გმირი პიქსი: კაცი, რომელმაც რონალდუ აატირა

ილია ნანობაშვილი გმირი პიქსი: კაცი, რომელმაც რონალდუ აატირა
13:12 / 15 ნოე 2021

14 ნოემბრის საფეხბურთო დღის გმირი დრაგან სტოიკოვიჩია: სერბეთის ნაკრების მწვრთნელი… რა თქმა უნდა, ალექსანდრ მიტროვიჩთან ერთად, რომელმაც პორტუგალიას ბოლო წუთზე გოლი გაიტანა და სერბეთი მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა. ეს შოკი იყო კრიშტიანუ რონალდუსთვის და მთელი პორტუგალიისთვის.

კრიშტიანუ მატჩის მერე ატირდა. მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებოდა, მისი ოცნება ყველამ იცის და ამ დროს მუნდიალზე გასვლას დიდი კითხვის ნიშანი დაესვა…

დრაგან სტოიკოვიჩი სხვა ფიგურაა. წლეულს 3 მარტს მწვრთნელად დაინიშნა და სერბეთის ნაკრების ამბები მკვეთრად შეიცვალა. პირველზე გახვიდე, როცა ჯგუფში გყავს ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ნაკრები არანორმალური ლიდერით, ეს ოცნებას ჰგავდა… და სერბებმა ეს მოახერხეს.

სტოიკოვიჩი კრეატიული ფეხბურთელი იყო და ხშირი ტრავმები რომ არა, გაცილებით მეტს მიაღწევდა. 1990 წლის მუნდიალზე იუგოსლავიამ მისი დუბლით მერვედფინალში მოუგო ესპანეთს… მეტსახელად პიქსი – ბავშვობიდან ეძახიან მულტფილმის გმირთან მსგავსების გამო.

ცრვენა ზვეზდას სასწაულ პროგრესში სტოიკოვიჩის დიდი წვლილი იყო. ის გუნდის საუკეთსო ფეხბურთელი და ტვინი გახლდათ… მაგრამ 1990 წელს ბერნარ ტაპის ფულიანმა მარსელმა იყიდა ცრვენა ზვეზდადან და ბედის ირონიაა, რომ ცრვენამ სტოიკოვიჩის გარეშე პირველივე სეზონში მოიგო ჩემპიონთა თასი. და ბედის ირონიაა, რომ სწორედ მარსელს მოუგო ფინალში (0:0, პენალტებში 5:3).

საფრანგეთში გადასვლისას თითქოს დაითარსა პიქსი. ტრავმა, ტრავმა… და მეგობრების წინააღმდეგ ფინალშიც შეცვლაზე შეიყვანეს დამატებით დროში. მერე კი პენალტების სერიაში სტოიკოვიჩმა არ დაარტყა: მოგვიანებით არ დამალა, რომ უბრალოდ, არ სურდა ცრვენა ზვეზდას კარში გატანა.

გაუთავებელმა ტრავმებმა დრაგანი აიძულა, რომ შედარებით სუსტ ჩემპიონატში გადასულიყო. და ეს იყო იაპონია: კლუბი ნაგოია გრამპუს ეითი, რომელსაც წვრთნიდა… არსენ ვენგერი. იქ ორჯერ მოიგო იაპონიის იმპერატორის თასი და მთლიანობაში, მაგარი 7 წელი გაატარა. ჯეი-ლიგის გამორჩეული ფეხბურთელი იყო.

„ნატო, შეწყვიტე დაბომბვა“ – ეს წარწერა გამოაჩენა მაისურზე. 1999 წელს ხომ ნატომ სერბეთის ტერიტორიები დაბომბა…

სტოიკოვიჩი მაგარი ფეხბურთელიც იყო და კარგი მწვრთნელი რომ გახდებოდა, არსენ ვენგერმა იწინასწარმეტყველა. აი, რა თქვა ვენგერმა არსენალში მუშაობისას:

„მინდა, რომ ჩემი მემკვიდრე სტოიკოვიჩი გახდეს. რატომ? ათასი მიზეზია. პიქსის ფილოსოფია ჩემსას ემთხვევა. და ცხოვრებისეულადაც ბევრ რამეში ვგავართ ერთმანეთს. შემტევი და კომბინაციური ფეხბურთი უყვარს, აქვს გადმოცემის უნარი და ლიდერის თვისებები.

…დრაგანი წელიწადში ერთხელ მაინც ჩამოდის ლონდონში. ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ფეხბურთზე, არამედ სხვადასხვა თემებზეც. თუმცა რა თქმა უნდა, უფრო ფეხბურთზე.

…სტოიკოვიჩი, როგორც მწვრთნელი, იაპონიის ჩემპიონი გახდა. მე კი ეს ვერ მოვახერხე. არადა, გუნდში თამაშობდა დრაგანი, რაც დიდი ფუფუნება იყო“.