დინამოზე მეფიქრება

ილია ბაბუნაშვილი დინამოზე მეფიქრება
14:59 / 3 აგვ 2022

ამ ბოლო დროს თბილისის დინამოზე მეფიქრება. მიზეზი ბევრი მაქვს: კრიზისი, რომელმაც ჩემი ერთ დროს სათაყვანებელი გუნდი მოიცვა; მოგონებები, ასე რომ მომრავლდა სოციალურ ქსელებში და საღერღელს მიშლის; დიდი წარმატებების მონატრება; მძაფრი სურვილი, შვილების თაობას ვუთხრა… არა, კი არ ვუთხრა, ვაგრძნობინო, მივახვედრო რომ ევროთასებზე პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა მთავარი მიზანი არ უნდა იყოს. ხომ არის ნათქვამი ის ჯარისკაცი შევარცხვინე გენერლობაზე რომ არ ოცნებობსო. თან, ჩვენ გენერლები უკვე ვიყავით. გეფიცები, მართლა ვიყავით.

იმ დღეს ჩემს ძველ ჩანაწერებს ვათვალიერებდი და ასეთი რაღაც ამოვიკითხე: ამბობენ, თბილისის დინამო ხალხს გამორჩევით იმიტომ უყვარდა, რომ საქართველოს ნაკრები იყოო. ალბათ მართალია.

1900-იანი წლების დინამო თბილისის თამაშები სურათებში - ტაბულა

ლენინისქვეშეთში  ნაკრები, აბა, როგორ გვეყოლებოდა, მაგრამ დინამოს თამაშები შინაარსით ძალიან ჰგავდა სანაკრებოს. ყოველ წელიწადს, გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, ემოციურად მრავალ საქართველო-რუსეთს ვესწრებოდით. უბრალოდ, რუსეთს ჰქონდა სხვადასხვა სახე: სპარტაკი, ცსკა, დინამო, ტორპედო… იყო დაახლოებით ათი (ხუთი შინ და ხუთიც სტუმრად) საქართველო-უკრაინა, იყო საქართველო-სომხეთი, საქართველო-აზერბაიჯანი, საქართველო-ყაზახეთი…

ძალიან თავისებური და ჩამთრევი იყო ეს ყველაფერი. გადაუჭარბებლად ვამბობ, ხალხი ტურიდან ტურამდე ცხოვრობდა, მაგრამ… არა, ნაკრები მაინც ნაკრებია.

დინამო მთლად ნაკრები არ ყოფილა. დინამოელები ცოტა ხნით არ იკრიბებოდნენ და მერე თავიანთ გუნდებში არ ბრუნდებოდნენ, სულ აქ იყვნენ, დიღომში, რომლის ღობიდანაც ვარჯიშებს პატარა ბიჭები უჭვრიტინებდნენ, მერე  კი სკოლებში გაფართოებული თვალებით უყვებოდნენ ერთმანეთს წინა დღით თვალმოკრულს. თაობებს გასდევდა ეს ამბავი.

დინამო ნაკრები იყო და არც იყო. კლუბი იყო და არც იყო. რაც მაშინ ხდებოდა ფეხბურთი იყო და არც იყო — როგორ ვთქვა მთელი ცხოვრება იყოო, მაგრამ მართლა მთელი ცხოვრება იყო.

დინამო რა იყო, იმის მიხედვით უნდა შევაფასოთ, თუ რა დრო იყო.

სადღაც, მესამე კლასში თმა ისე მოვიზარდე, რომ ყურებზე ოდნავ გადმოვაყოფინე ბოლოები. გადმოვაპარე. მასწავლებელმა კატეგორიულად გამომიცხადა, რომ უნდა შემეჭრა, თორემ საქმე სასწავლო ნაწილის გამგემდე მივიდოდა. იმ საღამოს, უკვე გაკრეჭილმა, ეს ამბავი დედაჩემის ამხანაგთან მოვყევი. გადარჩენილხარო, მითხრა დედაჩემის ამხანაგმა, რომელიც უნივერსიტეტის ლექტორი იყო. ჩემი ორი სტუდენტი მილიციამ ქუჩაში დაიჭირა, განყოფილებაში წაიყვანა, გადახოტრა და ისე გამოუშვაო — 70-იანი წლები იდგა, თმის მოშვება მთელ მსოფლიოში განგების ძალით იყო ნაკარნახევი, როლინგები I can’t get no satisfaction-ს მღეროდნენ, ჩვენ კი…

ქართული საფეხბურთო მითოსი მეხსიერების პირისპირ | INDIGO | Online and print magazine

ჰოდა, აი, ასეთ ეპოქაში ორჯერ ვნახე ნაღდი დემონსტრაცია. პირველად ეს იყო 79-ში, როდესაც დინამომ მეორედ მოიგო საბჭოთა კავშირის თასი. სად ვნახე, იცით? ყოფილი მუსკომედიის წინ რომ გაჩერებაა, იქ. მე და მამაჩემი ავტობუსს თუ ტროლეიბუსს ველოდებოდით, გამარჯვების აღსანიშნავად ბიძაჩემთან ვერაზე მივდიოდით და რას ვხედავ, ზემოდან, წერეთლის პროსპექტის მხრიდან, შეძახილებით მოდის კოლონა, რომელსაც წინ ტრანსფარანტიანი კაცი მოუძღვის. ეს იყო, რაღაც ძალიან თავისუფალი და ნამდვილი, ძალიან განსხვავებული იმ დემონსტრაციებისგან, რომლებზეც თავადაც ბევრჯერ ვიყავი ნამყოფი: „მხნედ მოაბიჯებს პირველი მაისის რაიონის მუშათა კლასი. მას წინ სოციალისტური შრომის გმირი… მოუძღვება“.

და იცით, კიდევ რა დამრჩა მეხსიერებაში სამუდამოდ? ჩვენთან ერთად, გაჩერებაზე რუსი დედა-შვილი იდგა. ჩამოსულები იყვნენ. დემონსტრაციის დანახვაზე გოგონამ დედას ჰკითხა, რა ხდებაო, სრულიად დაბნეულმა დედამ კი უპასუხა, ეტყობა რაღაც უხარიათო. მე და მამამ ავუხსენით, რაც ხდებოდა მაგრამ… ამით კიდევ უფრო დავაბნიეთ ისედაც გაოგნებული ადამიანი.

ხოლო მეორე და გაცილებით დიდი დემონსტრაცია 1981 წლის 13 მაისს იყო… თუმცა, იმ ამბისა ყველამ ყველაფერი იცის და აღარ მოვყვები.