დღე, როდესაც ინგლისელებმა საზღვარი გადაკვეთეს

ილია ბაბუნაშვილი დღე, როდესაც ინგლისელებმა საზღვარი გადაკვეთეს
14:44 / 1 დეკ 2022

დღეს, როდესაც შემოდგომის ბოლოს და ზამთრის დასაწყისში(!), ყატარში(!) მიმდინარეობს მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც ელექტრომოწყობილობა(!) ადამიანის ჩათვლილ გოლებს აუქმებს, ძველი ამბები დავიწყებას ეძლევა. არადა, ზუსტად 150 წლის წინ, 1872 წლის 30 ნოემბერს გაიმართა ისტორიაში პირველი სანაკრებო შეხვედრა შოტლანდიისა და ინგლისის გუნდებს შორის.

ამბობენ, რომ კლუბების, კოლეჯების და უნივერსიტეტების კი არა, ერების ერთმანეთთან გაჯიბრების იდეა ჩარლზ ოლკოკს ეკუთვნის, რომელიც 1866 წლიდან ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის წევრი იყო, 1970 წლიდან კი მდივანი. თუმცა, ზოგი ისტორიკოსი ამბობს, რომ ოლკოკი არაფერ შუაშია. მათი ვერსიით ხსენებული ასოციაციის კომიტეტის 12 წევრიდან ხუთი ხელს შოტლანდიისკენ იშვერს — შემოთავაზება იქიდან წამოვიდაო.

No description available.

1870 წლის 22 იანვარს გაზეთი „ფილდი“ წერდა, რომ 19 თებერვალს სტადიონ „ოვალზე“ დაიგეგმა ინგლისისა და შოტლანდიის საუკეთესო მოთამაშეების შეხვედრა. მატჩის ორგანიზება ჩარლზ ოლკოკსა და რობერტ გრემს დაევალათ, ჯეიმს კირკპატრიკსა და არტურ კინიარდს კი სქოთი მონაწილეები უნდა შეეგროვებინათ. ყველა ინგლისელი იმხანად ცნობილ კლუბ „ვონდერერზში“ გამოდიოდა. სქოთები უფრო ძნელი მოსაძებნი გამოდგნენ, ზოგი ვისკის მოყვარულთა კლუბიდანაც გახდა წამოსაყვანი, მაგრამ საბოლოოდ ხალხის შეგროვება მაინც მოხერხდა.

მატჩი ვერ შედგა, რადგან საშინლად ციოდა და თემზას ყინულის ვეებერთელა ლოდები მოჰქონდა. შეხვედრა 5 მარტისთვის გადადეს, თუმცა ამინდი არც ამ დღეს ვარგოდა — ქროდა სუსხიანი ქარი, მაგრამ „ოვალზე“ უცნაური სანახაობით დაინტერესებულმა ექვსასმა გადარეულმა მაინც მოიყარა თავი.

საინტერესო ფაქტი: შოტლანდიელების გუნდში ორი პარლამენტარი თამაშობდა — ვილიგლედ სტოუნი და ვინგფილდ მალკოლმი. ამ შეხვედრის დეტალების აღწერა შეიძლება, მაგრამ მოსაწყენია. თამაში 1:1 დასრულდა, ოღონდ… ის მაინც არ ითვლება ნაკრებებს შორის გამართულ პირველ მატჩად. რატომ? იმიტომ, რომ ორივე გუნდის წევრები ადგილზე, ლონდონში შეაგროვეს. შეხვედრიდან ორ დღეში „გლაზგო ჰერალდი“ აღშფოთებული წერდა, რომ გუნდი, რომელმაც გათოშილ „ოვალზე“ ითამაშა შოტლანდიელი ერის წარმომადგენელი ვერ იქნებოდა. ის ფეხბურთელები ჩვენს ქვეყანას არ წარმოადგენდნენო, ბობოქრობდა სქოთური გაზეთი.

Photographs show some of the earliest clashes between England and Scotland | Daily Mail Online

„გლაზგო ჰერალდი“ მართალი იყო. გუნდში, რომელმაც 1870 წელს „ოვალზე“ ითამაშა შოტლანდიური კლუბების ერთი წარმომადგენელიც არ მოიძებნებოდა, მაგრამ არის ერთი საინტერესო დეტალი: იმხანად, ერთის გარდა ყველა შოტლანდიური კლუბი ფეხბურთში ხელით თამაშს ემხრობოდა და ასოციაციის წევრიც კი არ იყო. ერთი წლის შემდეგ, 1871-ში მათ მკაფიო არჩევანი გააკეთეს, რაგბის კლუბებად ჩამოყალიბდნენ და ათამაშეს კიდეც თავიანთი ნაკრები ედნიბურგში.

ასე რომ, 1872 წლის 30 ნოემბრის მატჩი პირველია, როდესაც ერთი ქვეყნის ფეხბურთელთა გუნდმა საზღვარი გადალახა, მეორესთან სტუმრად ჩავიდა და ასე გაჩაღდა ბურთაობა. შესაბამისად, სანაკრებო ფეხბურთის დასაბამადაც სწორედ ეს თამაში ითვლება — შეხვედრა, რომელიც გლაზგოში ჩატარდა. ანუ, თამაში, რომლის გულისთვისაც ინგლისელები ჩაბარგდნენ და შოტლანდიაში ჩავიდნენ.

ისე, რომ იცოდეთ, ამ ორი წლის განმავლობაში, ლონდონში ინგლისელებმა და სქოთებმა კიდევ ოთხჯერ ითამაშეს, მაგრამ ფეხბურთის ასოციაციის დავთარში ამ თამაშებიდან ერთიც არ არის შეტანილი. მიზეზი: მართალია ამ შეხვედრებს თავიანთი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდათ, მაგრამ ყველა მათგანში ლონდონში ნაპოვნი სქოთები მონაწილეობდნენ, რის გამოც საზღვარს გაღმა პრესა მძვინვარებდა.

ეჭვი იმის შესახებ, რომ სანაკრებო ფეხბურთის სათავეებთან აქტიურად იდგნენ სქოთები, იმითაც მტკიცდება, რომ ისტორიაში მეორე შეხვედრაც მათთან არის დაკავშირებული. ეს გახლდათ უელსის ნაკრების პირველი თამაში, რომელიც 1876 წლის 25 მარტს გაიმართა და შოტლანდიამ 4:0 მოიგო. ირლანდიელებს კი 1882 წლის 18 თებერვალს პირველები ინგლისელები ეთამაშნენ და 13:0 გადაურბინეს.

1902 Uruguay v Argentina football match - Wikipedia

სხვა რა გითხრათ. არგენტინამ და ურუგვაიმ, მაგალითად პირველი სანაკრებო შეხვედრა 1902 წლის 20 ივლისს ურუგვაიში გამართეს. არგენტინელებმა 6:0 გაიმარჯვეს და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ორი ერი ბრიტანეთის კუნძულებს გარეთ გაეჯიბრა ერთმანეთს.

კონტინენტურ ევროპაში კი 1902 წლის 12 ოქტომბერს პირველებმა ბურთი ავსტრიისა და უნგრეთის ეროვნულმა გუნდებმა გააგორეს. ავსტრიამ მოიგო 5:0.

მაგრამ, ისტორიაზე ლაპარაკით რომ არ დავიღალოთ, მოდი დღევანდელ ბლოგს აქ დავუსვათ წერტილი და ჩვენს მსოფლიოს ჩემპიონატს დავუბრუნდეთ, სადაც 150 წლის წინანდელისგან ძალიან განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ. თან, ეს ბოლო მუნდიალია, რომელშიც 32 გუნდი მონაწილეობს. ოთხი წლის მერე 48 იქნება…

P.S. ბლოგის იდეა მომაწოდა ჩემმა ფეისბუქ-მეგობარმა სოსო გოგიჩაიშვილმა, რისთვისაც მადლობას ვუძღვნი.