ერთი მეკარე და ერთი გარემარბი

ილია ბაბუნაშვილი ერთი მეკარე და ერთი გარემარბი
13:18 / 14 აპრ 2022

ასაკი თავისას შვრება. იმას, რასაც მე ვჩივი, არათუ ახალგაზრდა, არამედ კარგა ხნის ზრდასრული გულშემატკივარიც ალბათ უკვე ძნელად გაიგებს. ანუ, გამოდის რომ ჩემი თაობის და კიდევ უფრო ასაკოვანი ხალხისთვის ვწერ. ან ვწუწუნებ.

იმ დღეს ვინ მოთვლის მერამდენედ ვიფიქრე, რომ უკვე ათწლეულებია რაც ქართული ფეხბურთი კი არა, ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებული ამბები გვაწუხებს და გვაფიქრებს. პერიოდულად რასაკვირველია გვახარებს კიდეც. თავად ქართული ფეხბურთი კი ეპიზოდურად თუ გამოკრთება ჩვენს ცხოვრებაში. აქა-იქ, სანაკრებო კვირებში.

ხვიჩა კვარაცხელია - გაძლიერებულად ვვარჯიშობ, ფორმაში რომ შევიდე #1TVSPORT - 1TV

აი, მაგალითად, რით ვიკლავ წყურვილს პირადად მე: არ ვტოვებ გიორგი მამარდაშვილის თამაშებს — განვიცდი, ვხარობ — ჩაფლული ვარ ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ჭორ-მართალში, ვაკვირდები გიორგი ჩაკვეტაძესა და სხვა ლეგიონერებს, ხოლო როდესაც მოვალეობის მოხდის მიზნით საქართველოს ჩემპიონატის თამაშსაც ვუყურებ, ვიტანჯები. ვცდილობ თავი დავაჯერო, რომ ცალკეულ ეპიზოდებში ფეხბურთელები სწრაფად დარბიან, მაგრამ მთელი მატჩის ინტენსიობა იმდენად დაბალია, რომ ისევ იმ შეფასებას ვუბრუნდები წლების წინ ერთი მოხუცი კაცისგან რომ მოვისმინე: დააკვირდი, ყოველ კადრში (ტელევიზორს ვუყურებდით) მოძრაობს მარტო ბურთიანი ფიგურა, დანარჩენ მოედანზე კი დინამიკურ გადაადგილებებს თვალსაც ვერ მოჰკრავ.

გამოდის, რომ ჩემი წილი ქართული ფეხბურთი დასულია ლა ლიგის, მეორე ბუნდესლიგის, აღმოსავლეთ ევროპის ნაკლებად საინტერესო ჩემპიონატების ამბებსა და სერია A-ში ხვიჩას გადასვლის მოლოდინამდე. ბოდიში ბათუმელებთან, მაგრამ ერთი სული მაქვს როდის წავა კვარაცხელია „ნაპოლიში“. რატომ? მინდა ქართველი მართლა მაღალი დონის ფეხბურთში გამოსცადონ და შეაქონ.

გულწრფელად გეტყვით, რაც ზედა აბზაცში ვთქვი არის ძალიან ცუდი, რადგან არც ესპანეთია საქართველო, არც გერმანია, არც იტალია და არც აღმოსავლეთ ევროპა თავის კვიპროს-თურქეთიანად. იქ უბრალოდ ჩვენი ბიჭები მეგულებიან და მათ ვქომაგობ, თორემ ქართული ფეხბურთი სულ სხვა რაღაცა მგონია.

სწორი ის იქნებოდა, ხვიჩას ბათუმში დარჩენა რომ მინდოდეს. კარგი ის იქნებოდა, ყოველ ხუთშაბათს თავს რომ არ ვიმტვრევდე, ბლოგში ახლა რაღა დავწეროო. წინა კვირაში მამარდაზე იყო, იმის წინაშიც, კიდევ იმის წინაც. მამარდა ოქროა, ჩვენი სიამაყეა, მაგრამ ქართული ფეხბურთი ერთი მეკარის თამაშსა და ერთი გარემარბის სატრანსფერო ისტორიებამდე ხომ არ უნდა იყოს დასული?

Image 9

მესმის, რომ ეროვნული ჩემპიონატის პრობლემა მარტო საქართველოში არ დგას. საუკეთესო მოთამაშეები უცხოეთში ძალიან ბევრი ქვეყნიდან გარბიან, მაგრამ უცხოეთსაც ხომ გააჩნია? რატომ არ უნდა იყოს აქ, ჩვენთან, ფეხბურთის და ხელფასის ისეთი დონე, რომ ბიჭებს პოლონეთსა და უნგრეთში არ უწევდეთ გაქცევა. პოლონეთობის და უნგრეთობის პრეტენზია მაინც ხომ შეიძლება რომ გვქონდეს? თუ ისე წავხდით, რომ საერთოდ არაფრის პრეტენზია არ გვაქვს, აზრბაიჯანობისაც კი.

რამდენი ხანია, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა? ოცდაათი წელიწადი, ხომ? ნუთუ ამ ოცდაათ წელიწადში არ შეიძლებოდა ის მაინც მოგვეხერხებინა, რომ… ეჰ, კარგი, რა. ლაპარაკიც აღარ მინდა. ოთხმოცდაათიანებშიც უცხოეთის გუნდებს ვქომაგობდი და აგერ, 21-ე საუკუნის ოციანებშიც იმავეს ვაკეთებთ. იმიტომ, რომ ქართული ფეხბურთი ალაგ ძლიერ და ალაგ სუსტ გუნდებში დაქსაქსულ ბიჭებამდეა დახურდავებული. გაფანტულ მოთამაშეებს ვქომაგობთ და არა ქართული ფეხბურთის ერთიან სამყაროს. თან, ეს ბიჭები ადრე უფრო დიდ გუნდებში თამაშობდნენ, რადგან მათ შორის მაღალი დონის მოთამაშე მეტი იყო. ნაკრებისაც უფრო გვეიმედებოდა. მართალია, ვერც მაშინდელმა ნაკრებმა გააკეთა ის, რაც წესით შეეძლო, მაგრამ იმდროინდელი ფერები აშკარად უფრო მკვეთრი და კაშკაშა იყო.

ახლა, ვილი სანიოლის ხელში მინუსებიდან ნულთან ასვლას და მერე პლიუსებისკენ აცოცებას ვცდილობთ.

არადა, მე იმ თაობის კაცი ვარ, რომელსაც ქართული ფეხბურთის ერთიანი სამყარო და გამარჯვებები ახსოვს. რასაკვირველია, მაშინდელი ფორმატი კიდევ სხვა იყო, ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი კი არა საბჭოთა კავშირის უფლებააყრილი რესპუბლიკა გახლდათ, მაგრამ ქართული ფეხბურთი როგორც ერთიანი სტრუქტურა და მოვლენა არსებობდა. ჰოდა, ამიტომაც ვჩივი. მინდა დღესაც არსებობდეს. თანამედროვე ფორმით, რასაკვირველია.

Image 20