ესე იგი ყველაფერი კარგადაა!

ილია ბაბუნაშვილი ესე იგი ყველაფერი კარგადაა!
13:40 / 17 ნოე 2022

ახალი წლის დადგომა ყოველთვის მიყვარდა, განსაკუთრებით ოთხ წელიწადში ერთხელ. ვინ მოთვლის რამდენჯერ დამითვლია: ახლა თოთხმეტის ვარ, შემდეგ ვიქნები თვრამეტის, მერე ოცდაორის, მერე ოცდაექვსის, ოცდაათის… ნეტავ რამდენს მოვესწრები? დიდხანს ცხოვრება იმისთვის მინდოდა, რომ ბევრ მსოფლიოს ჩემპიონატს მოვსწრებოდი. მარტო ამისთვის ცხადია არა, მაგრამ ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. იმ წლებში, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატი იმართებოდა, განსაკუთრებით ბედნიერი ვიყავი.

მაშინ, 70-იან წლებში, საბჭოთა ტელევიზია ევროპის ჩემპიონატებს  ფართოდ არ აშუქებდა. მსოფლიოსას – რა შედარებაა. ჰოდა, სამი ზაფხული ველოდებოდით ფეხბურთის ღმერთის მორიგ საჩუქარს. კიდევ კარგი, დინამო გვყავდა, თორემ რა გადააგორებდა იმ სამ წელიწადს. მერე კი დადგებოდა ჯადოსნური წელიწადი და იწყებოდა ისეთი რაღაც, რასაც ენით ვერ აღწერ.

Netherlands v Germany FR | Final | 1974 FIFA World Cup Germany™ | Full Match Replay

როგორ გინდა დღეს ახსნა მაშინდელი შეკითხვა: რა ტაქტიკურ სიახლეებს ელოდებით ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე? ეს იმას ნიშნავდა, რომ საიდანღაც, ვთქვათ სამხრეთ ამერიკიდან შეიძლება ჩამოსულიყო რომელიმე ქვეყნის ნაკრები და ყველასთვის მოულოდნელად მკრეხელობა ჩაედინა, ვთქვათ გარემარბის გარეშე ეთამაშა ან ერთი თავდამსხმელი უკან დაეწია შეტევა თავად წამოეწყო. ამას ისე ვამბობ, პირობითად, ზემოთ დასმული შეკითხვის აზრი რომ განვმარტო. მაშინდელი ხალხი ხომ ერთმანეთს ოთხ წელიწადში ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონატზე ხვდებოდა. დღეს პირდაპირი ტრანსლაციების და სტრიმინგის ეპოქაა, იმხანად კი ვინ იცოდა ჩილეში ან ბრაზილიაში ვის რა უტრიალებდა თავში. გამოვიდოდა ესა თუ ის გუნდი მოედანზე და ჰოპ: ოთხი-რაღაც-რაღაც. იწყებოდა მერე ქოთქოთი — აი, თურმე რა ყოფილა თანამედროვე ფეხბურთი და ასე შემდეგ.

დღევანდელი ადამიანისთვის ისიც გაუგებარია, როგორ შეიძლება არ იცოდე, ვინ მოჰყავს მოწინააღმდეგეს, არადა ასე იყო. თოთხმეტი წლის მესის ნიჭი რომ შეატყეს, ხელი დაავლეს და როსარიოდან ბარსელონაში გაიტაცეს, თან ავადმყოფი იყო და ნემსები დაუნიშნეს, გამოაჯანმრთელეს, მსოფლიოს შვიდგზის საუკეთესოდ აქციეს. მაშინ კი ვინ იცოდა როსარიოელი თოთხმეტი წლის ბავშვის ამბავი უბნის მწვრთნელის გარდა. დაიწყებოდა მსოფლიოს ჩემპიონატი, გამოვიდოდა მოედანზე ვიღაც უცნობი, ვთქვათ სტადიონის დამლაგებლის შვილი, ხუჭუჭა მრგვალი ბიჭი, ან ფერადკანიანი ბავშვი და უცებ აღმოჩნდებოდა, რომ ის არის, ეს არის, ჟაირზინიოა, გენიოსია. ბრაზილიამ ერთხელ, ჩემამდე, კიდევ უფრო რომანტიკულ ხანაში, მოედანზე კოჭლი ბიჭი გაიყვანა, რომელსაც ცალი ფეხი მეორეზე შვიდი სანტიმეტრით მოკლე ჰქონდა და ფეხბურთი ლამაზი თამაში რომ არის დღემდე მთელი მსოფლიო იმ ბიჭს ვუმადლით. არადა, მისი ამპლუა, ყოველ შემთხვევაში იმ ფორმით აღარ არსებობს.

Pele Brazil-Mexico World Cup 1962 - Photographic print for sale

მოატანდა მაისის ბოლო. საბჭოთა ბავშვები კლასის გამოსაშვებ გამოცდებს ჩავაბარებდით და… ვირინდებოდით. ველოდით. დარჩა ორი კვირა, დარჩა ათი დღე… საბჭოთა კავშირშიც წყდებოდა ჩემპიონატი. იქ, უცხოეთში სეზონი მთავრდებოდა. იყო პაუზა და სამზადისი. ჰაერში მოახლოებული ჯადოქრობის სურნელი ტრიალებდა.

მსოფლიოს ჩემპიონატების წინ ფერად ტელევიზორებს ვყიდულობდით. მანამდე შავ-თეთრები გვქონდა. მეტსაც გეტყვით, ბევრმა ოჯახმა თავისი პირველი შავ-თეთრი ტელევიზორიც მსოფლიოს ჩემპიონატის წინ იყიდა. ახალი ცხოვრება მსოფლიოს ჩემპიონატის წლებში იწყებოდა და იმიტომ.

არ დამავიწყდება 1974 წელი, ჩემი პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი. ცხარე კამათის შემდეგ მეზობელ კაცს რომ ვკითხეთ ეზოს ბავშვებმა: ჩემპიონი ბრაზილია გახდება თუ გერმანია? ჰოლანდია, — გვიპასუხა მან. არადა, იმ ჩემპიონატზე ცენტრალურ ტელევიზიას ყველა მატჩის ტრანსლაცია არ ჰქონდა ნაყიდი და თბილისში ჰოლანდიის თამაში ჯერ არავის ენახა. მაშ, რატომ გვიპასუხა უფროსმა მეზობელმა ჰოლანდიაო? იმიტომ, რომ ჩვენზე მეტი იცოდა და გაგონილი ჰქონდა, რომ არსებობს რაღაცნაირი გუნდი, რომელიც რაღაცნაირ ტოტალურ ფეხბურთს თამაშობს და ძალიან მაგარია. აი, ასეთ დროში ვცხოვრობდით. იდუმალებისა და რომანტიკის სამყაროში.

Germany vs. Argentina: A World Cup Klassiker | Bundesliga

ეს ყველაფერი კი იმიტომ მოვყევი, რომ ახლაც, რამდენიმე დღეში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება. უცნაური და იმედია საინტერესო. უცნაური იმიტომ, რომ შემოდგომაა. სულ რაღაც სამი-ოთხი დღის წინ იტალიისა და ესპანეთის ჩემპიონატებს ვუყურებდით, მათ კი ამოსუნთქვის საშუალება არ მოგვცეს, ისე გადაგვრთეს სანაკრებო ამბებზე. არადა, მე ჯერ ხვიჩათი ვარ გაჯერებული. როგორ უნდა გამოვძებნო გულში ადგილი ყატარი-ეკვადორისთვის ან სენეგალი-ნიდერლანდებისთვის, წარმოდგენა არ მაქვს. მაგრამ არა უშავს, მოვახერხებ რამეს. მე ხომ ფეხბურთის ღუმელში გამოტარებული ძველი თაობის კაცი ვარ, რომლისთვისაც მსოფლიოს ჩემპიონატი დიდი მოვლენაა.

მთავარია, რომ იწყება და ესე იგი ყველაფერი კარგადაა.