ვაი-ვიშს მოუკვდა პატრონი!

ილია ბაბუნაშვილი ვაი-ვიშს მოუკვდა პატრონი!
13:09 / 13 ოქტ 2022

როგორ ატყობთ, ხვიჩა კვარაცხელიას რომელიმე მეტოქის ეშინია? პირიქით, მეტოქეებს ეშინიათ კვარაცხელიასი. მამარდას, რომელსაც საუკეთესო უცხოელი ვარსკვლავებით გაძლიერებული ესპანელები ყოველ დღე კარში ურტყამენ, ეშინია ვითომ ესპანელების? გამორიცხულია. პატარა აბრეზას, ზურიკო დავითაშვილს საერთოდ შიშისა ეტყობა რამე? სიხარულით შევარდება ხოლმე ნებისმიერ ბრძოლაში, ორომტრიალი სიამოვნებს. და არის ფეხბურთში ისეთი რაღაც რაც გურამ კაშიას კარიერაში არ უნახავს? — ნეტავ, რის ან ვის უნდა ეშინოდეს. დათო ხოჭოლავა? ბიჭი კვირაში ერთხელ ჩემპიონთა ლიგაში თამაშობს და ვერ დავიჯერებ, რომ ამას შიშით აკეთებს. აბა, ვინ არის მშიშარა, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი და ფინალში გოლის ავტორი გიორგი წიტაიშვილი, საბა ლობჟანიძე თუ ბუდუ? არც სხვა ფეხბურთელები ჩანან მფრთხალები, მაგრამ ერთი-ორს გამოუცდელობის გამო მუხლი ცოტა რომც აუკანკალდეს, ზემოთ დასახელებული მოთამაშეების გვერდით უეჭველად სხვა ჭკუაზე დადგება. და მწვრთნელი? სანიოლმა თქვა, დარწმუნებული ვარ ჩემს ბიჭებს რაც უფრო რთული მეტოქე შეხვდებათ, მით უფრო დიდი ჟინი შეიპყრობთო. ჰოდა, იყოს A ჯგუფი: ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია და კვიპროსი.

Wales to play Croatia and Turkey as draw for Euro 2024 qualifying is  revealed - Wales Online

ერთადერთი სწორი დამოკიდებულება ახლა ეს არის: წლითა და რამდენიმე თვით უნდა დავივიწყოთ ერთა ლიგის C დონის ნახევარფინალში რომ გავედით და ევრო 2024-ზე მოხვედრის შანსი იქიდანაც გვაქვს. ვითომც არ ყოფილა. ჩვენს წინაშეა ჩვეულებრივი შესარჩევი შეჯიბრება, სადაც პირველ თუ არა მეორე ადგილზე უნდა გავიდეთ და მორჩა. ის, ერთა ლიგის ნახევარფინალი კი დიდი მეგობრული განცდით გადავულოცოთ ბულგარეთს, რომელთანაც რაღაცნაირად ვალშიც კი ვართ — აეროპორტიდან სასტუმრომდე უსაფრთხოდ ვერ მივიყვანეთ. ნუ, თუ ბულგარეთს არა, ჩრდილოეთ მაკედონიას.

რაც ზემოთ დავწერე სულაც არ ნიშნავს, რომ თავი ქუდში გვაქვს ან შესარჩევიდან უეჭველად გასულები ვართ. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი უნდა გავაკეთოთ, დანარჩენი კი გამოჩნდება. და კიდევ ავტორიტეტების შიშს მოუკვდა პატრონი. ხვიჩაზე მეტი ავტორიტეტი მე არავინ მეგულება.

თუ ძლიერებთან თამაშის გვეშინია, მაშინ რატომ გაგვიხარდა ერთა ლიგაში C დონიდან B დონეზე რომ აღვზევდით? წაგვეგო და ვყოფილიყავით ჩვენთვის თბილად სუსტებში. მაგრამ, თუ ზევით მივიწევთ, მაშინ ძლიერებს უნდა ვაჯობოთ.

არიქა ჰოლანდი ჩამოვაო. ნორვეგიელებმა იძახონ, არიქა, კვარა მოდისო. თან, ის ჰოლანდი მანჩესტერ სიტისთან ერთად ხომ არ მოდის, ნორვეგიის ნაკრებია.

საქართველო 0:0 ბულგარეთი

ჩვენს ჯგუფში ყველაზე ძლიერი წესითა და რიგით ესპანეთია, რომელსაც ხუთჯერ შევხვედრივართ და ერთხელ, ესპანეთში დაგვიმარცხებია. 2012 და 2021 წლებში კი ფრეს არაფერი გვაკლდა. სამწუხაროდ, პირველად 86-ე წუთზე გავუშვით თამაშის ერთადერთი გოლი, მეორედ კი 1:1 იყო და მთლად ბოლო წუთზე გაგვიტანეს. ორივე შემთხვევაში მეკარე გიორგი ლორიას ფაქტორმა იმოქმედა. პირველად ლორი ისეთ ეშხში იყო შესული, რომ დარწმუნებული ვარ, რომ არ დაშავებულიყო და მოედანი არ დაეტოვებინა, ესპანელები იმ გოლს ვერ გაგვიტანდნენ. სხვა თუ არაფერი, საქართველოს ნაკრების მაშინდელ მწვრთნელს, თემურ ქეცბაიას ცვლილება მარაგში ექნებოდა და ვინმე დაღლილს შეცვლიდა. მეორედ კი გიორგი შეცდა და ოლმომ მაინცდამაინც მაშინ „გვესრულა სამქულიანი“.

ნორვეგიასთან არ გვაქვს კარგი სტატისტიკა, სამჯერ შეგვხვდა და სამივეჯერ მოგვიგო, მაგრამ მაშინ გაცილებით ძლიერი გუნდი იყო. ნუ, ახლა ეგაა, რომ ჰოლანდი ჰყავთ, მაგრამ მოდი, რა წინასწარ თავს ნუ დავიმარხავთ. ეგრე, სტოიჩკოვიც გვინახავს, მოდრიჩიც და იბრაჰიმოვიჩიც. სადაც ესპანეთზე ვამბობთ, რომ ტოლი არ დავუდეთ, იქ ნორვეგიამ არ უნდა დაგვაფრთხოს.

შოტლანდიასთან კი ოთხიდან ორი მოვიგეთ და ორი წავაგეთ. ბურთები ჩვენია: 4:3.

Image 7

აი, კვიპროსთან რატომღაც უარყოფითი ბალანსი გვაქვს. 2008 წელს, ექტორ რაულ კუპერის დაღმასვლის, უფრო სწორედ პარტახის პერიოდში თბილისში ფრედ ვეთამაშეთ, თორემ მასთანაც სამი მოგება და სამი წაგება გვექნებოდა.

კვიპროსთან საინტერესო ის არის, ამ გუნდის მწვრთნელი ჩვენი საყვარელი ფეხბურთელი და მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა, მაგრამ… ბოდიში, თემურ და მოგებას გიპირებთ. სხვა გზა არ გვაქვს.

ასე რომ, მეგობრებო, ყოველგვარი ვაი-ვიშის გარეშე, წინ ევრო 2024-სკენ!