ვის ასდის ფულის სუნი?

ილია ბაბუნაშვილი ვის ასდის ფულის სუნი?
14:45 / 7 აპრ 2022

ვცდები თუ მართლა ასეა? როდესაც ჩვენთან, საქართველოში, ამა თუ იმ ახალგაზრდა ფეხბურთელს სახელი გაუვარდება, პრობლემებიც მაშინვე იწყება. თითქოს, ამ დალოცვილ ქვეყანაში ყველაფერი ყირაზე იდგეს. თითქოს, ამომავალ ვარსკვლავს კი არ ვუფრთხილდებოდეთ, არამედ ჩანასახშივე გაწეწვას ვუპირებდეთ. თითქოს, ნიჭიერ ბიჭებს ფულის სუნი ასდიოდეთ ძალიან მძაფრად. თუ… ნამდვილად ასდით?

გიორგი მამარდაშვილი ესპანეთში მეოთხე მეკარედ წაიყვანეს. ღმერთს კარგი მონაცემებით რომ ჰყავდა დაჯილდოებული ყველამ ვიცოდით, მაგრამ იმის პრეტენზია არ გვქონდა, რომ პირველივე დღიდან მაინცდამაინც რეალის ან ბარსელონას კარში უნდა მდგარიყო. ვალენსიამ წაიყვანა? ძალიან კარგი. ჯერ ძირითად შემადგენლობაში არ ათამაშებენ? აბა, რა დროს ძირითადია. საქართველოს ჩემპიონატის მოფამფალებული დარტყმებიდან და ძველი ზაპოროჟეცის სისწრაფეებიდან პირდაპირ ლა ლიგაში ვინ ჩასვამს? იყოს იქ, ვალენსიას მეორე გუნდში, ივარჯიშოს, ითამაშოს ქვედა ლიგაში, იქნებ ხანდახან ძირითადის ფეხბურთელებსაც მოჰკრას თვალი და მერე, თანდათანობით, ჯერ მესამე მეკარე გახდება, მერე მეორე და თუ გაუმართლებს, რამდენიმე წელიწადში ლევანტესთან შეიძლება კარშიც დააყენონ. ოღონდ, ჯერ საშინაო შეხვედრაში.

Valencia CF on Twitter: "🇬🇪 Georgia in da house! 🦇 Giorgi Mamardashvili  becomes the first Georgian player to debut for VCF! 🧤  https://t.co/K6OlJFtG2t" / Twitter

ასე ფიქრობდა მთელი საქართველო, რადგან მამარდას „იმენა რა მაგარ ფუტბოლს ყომარობს“ სახელი არ ჰქონდა გავარდნილი. იდგა ბიჭი კარში თავისთვის. დინამომ ლოკომოტივს ათხოვა. ნიჭიერი რომ იყო ჩანდა, მაგრამ რუსული შავი ფულის მორევში სასწრაფოდ ჩასაგდებსაც არ ჰგავდა. ალბათ, ფიქრობდნენ: თუ ძმა ხარ, რუსებს მეკარეებით როგორ გააკვირვებო.

და გაუმართლა გიორგის. ვალენსიაში მეოთხე კაცად ჩასულს მთავარი მეკარე სილესენი ტრავმირებული, მწვრთნელი ბორდალასი კი ძიების პროცესში დახვდა. როგორც ჩანს, ის ყველაფერში თავის ალტერნატივას ეძებდა და დაადგა კიდეც საინტერესო ქართველ ბიჭს თვალი. მერე კი ყველამ ვიცით რა მოხდა. ჩვენი მამარდა ძველი ზაპოროჟეციდან პირდაპირ თანამედროვე მანქანაში გადასვეს. ენდნენ, ასწავლეს, შეაქეს, რომ შეეშალა დაუყვავეს, რომ აირია გაარიდეს, რომ დაწყნარდა დააბრუნეს და იმ დღეს, კადისთან თამაშის მეფედაც აკურთხეს. ეს რასაკვირველია მწვერვალი არ არის, მწვერვალამდე ძალიან შორია, მაგრამ სასიხარულო ამბავი ნამდვილად გახლავთ. დიდი შანსია, აპრილის ბოლოს გიორგიმ ესპანეთის სამეფო თასის ფინალში ითამაშოს და თუ ფეხბურთის ღმერთი ქართველების ლოცვას შეისმენს, ტიტულიც მოიგოს.

მერედა, რამდენი ხანია ქართველს ტოპ-ხუთი ლიგის ჯილდო არ მოუგია?

ოღონდ, ერთს გთხოვთ. ნურავინ იფიქრებთ, რომ ამ ბლოგში, გადაკვრით, მამარდაშვილს ხვიჩა კვარაცხელიასთან ვაპირისპირებდე. უბრალოდ, მინდა გავიხსენოთ ის ფეხბურთელები, ვისაც საქართველოში სიყმაწვილეშივე ვარსკვლავის სახელი გაუვარდა და გასაყიდად აქეთ-იქით ატარეს. მინდა გავიხსენო ისინიც, ვინც უცხოეთში მოკრძალებით ჩავიდა და მერე იქ მიაღწია წარმატებას.

 

 

 

 

ხვიჩა კვარაცხელია განცხადებას აკეთებს - Adjara TV

არადა, ვინ იცის, რამდენი ნიჭიერი ბიჭის კარიერა დაიღუპა მარტო იმიტომ, რომ ძალიან ახალგაზრდას მიეწება „იმენა მაგარიას“ სტატუსი, რამაც დაღუპა და საბოლოოდ რომელიმე ნიჟნი ტაგილში ჩარჩა ფეშქაშად აღებული „იქსპიატით“ ბედნიერი. ბევრს ალბათ თვითონაც არ ჰქონდა „იქსპიატზე“ მეტი ოცნება.

ჰოდა, იმას ვკითხულობ, ვცდები თუ მართლა ასეა, მეთქი? როდესაც ჩვენთან, საქართველოში, ამა თუ იმ ახალგაზრდა ფეხბურთელს სახელი გაუვარდება, პრობლემებიც მაშინვე იწყება. თითქოს, ამ დალოცვილ ქვეყანაში ყველაფერი ყირაზე იდგეს. თითქოს, ამომავალ ვარსკვლავებს კი არ ვუფრთხილდებოდეთ, არამედ ჩანასახშივე გაწეწვას ვუპირებდეთ. თითქოს, ნიჭიერ ბიჭებს ფულის სუნი ასდიოდეთ, თან ძალიან მძაფრად. თუ ნამდვილად ასდით…