ვიღაც სოხუმელი

ილია ბაბუნაშვილი ვიღაც სოხუმელი
19:14 / 13 იან 2022

მე არ შევსწრებივარ, მოყოლილი აქვთ. ლესელიძეში ერთი რუსი კაცი, დამსვენებელი, დილით სავარჯიშოდ გასულა და მეორე დაუნახავს. შედგომია ვარჯიშს, მაგრამ ცალი თვალი თურმე სულ იმ კაცზე ეჭირა. ვერ ისვენებდა. აკვირდებოდა. ითმინა ცოტა, ითმინა და მერე თავი ვეღარ შეიკავა: – ეი, ამხანაგო, ნაბიჯს არასწორად დგამ. ეგრე კი არა, აი, ასე უნდა.

Who won the triple jump gold medal... | Trivia Questions | QuizzClub

აუხსნა, ასწავლა და გააგრძელა ვარჯიში. იმ მეორეს ხმა არ ამოუღია. ამან ცოტა გაირბინა-გამოირბინა, მაგრამ ხედავს, რომ ის ისევ არასწორად დგამს ნაბიჯებს. ისევ ჩაერია: – არა, ამხანაგო, არა… და თავიდან სცადა განემარტა რა და როგორ უნდა გაეკეთებინა. თურმე, რამდენჯერმე განმეორდა ერთი და იგივე. ბოლოს კი ისტორია იმით დამთავრდა, რომ მოედანზე ვიღაც მესამეც გამოჩნდა, ჭკუის მასწავლებელი განზე გაიხმო და უთხრა, თუ ძმა ხარ, თავი დაანებე. კაცი, რომელსაც ფეხის სწორად დადგმას ასწავლი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორ სანეევიაო.

დაანება თავი, სხვა რა გზა ჰქონდა, მაგრამ საბჭოთა მოქალაქეთა ამ ტიპს კარგად ვიცნობ. ეჭვი არ მეპარება, მთელი ცხოვრება დარწმუნებული იყო თავის სიმართლეში.

სანეევმა კი 1980 წელს, მოსკოვის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიგო. ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვეღარ გახდა. რატომ? იმიტომ, რომ მსაჯებმა ესტონელი იააკ უუდმიაეს ნახტომს სანტიმეტრები წაამატეს. და ის, რომ ვიქტორ სანეევი უუდმიაეს მთელი ცხოვრება ხელს აფარებდა — ვიღაცის უნამუსობა რა მაგის ბრალიაო — პირადად ჩემთვის არაფერს ცვლის: ოქრო სანეევს ეკუთვნოდა. ის გაძარცვეს. ფენომენალური შედეგი გაუყალბეს. მსოფლიო სპორტს ისტორია მოპარეს.

Three-time Olympic triple jump champion Viktor Saneyev has died

არადა, ვიქტორ სანეევი უკვე იყო უნიკალური შედეგის ავტორი — სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სამხტომში. ბევრი მის ადგილზე მეოთხე ოლიმპიადაზე აღარც გავიდოდა. ოლიმპიადაზე გასვლა ხომ ჯოჯოხეთის ყველა წრის გავლას ნიშნას: ტრავმებით დატანჯული ნებისმიერ ამინდში თავს წამოდგომას აიძულებდა. გრძნობდა, რომ ოჯახსაც მობეზრდა მისი შეკრებებზე და შეჯიბრებებზე სიარული, ის კი ტკივილს უძლებდა და ვარჯიშობდა… ბოლოს უთხრეს ჩემპიონი შენ კი არ ხარ, სხვა არისო.

მოსკოვის ოლიმპიადაზე ვიქტორ სანეევს როგორც უდიდეს რეკორდსმენს ჩირაღდანი უნდა აენთო. ღამღამობით ესიზმრებოდა, როგორ გამოდის მთელი მსოფლიოს თვალწინ, როგორ აბრდღვიალებს პლანეტის მთავარ ჩირაღდანს,  მაგრამ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მოსკოვის საქალაქო კომიტეტის პირველმა მდივანმა ვიქტორ გრიშინმა დაისისინა, მოსკოვის ოლიმპიადაზე ჩირაღდანი ვიღაც სოხუმელმა კი არა, რუსმა უნდა აანთოსო და ეს საქმე კალათბურთელ სერგეი ბელოვს გადააბარეს.

ვიღაც სოხუმელმა კი არა, რუსმაო. სანეევზე.

Saneyev honoured with IAAF Silver Order of Merit | NEWS | World Athletics

თუმცა, მეორე მხრივ… დიდი ვიქტორ სანეევი მისმა სამშობლომ, საქართველომ აღიარა. საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვით ის მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. საქართველოში აზრად არავის მოსვლია ეთქვა, საუკუნის უდიადესი სპორტსმენი ვიღაც სოხუმელი რუსი კი არა, ქართველი უნდა იყოსო. და ერთადერთი, რაც საქართველომ ვერ შეძლო, აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ მისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა იყო. ბნელ 90-იან წლებში ქვეყანაში ყველა ნაპრალიდან დიდი ხნის დაგუბებულმა ლაფმა ამოასხა, რის გამოც ვიქტორ სანეევი ოჯახითურთ ავსტრალიაში გადასახლდა.

2022 წლის 3 იანვარს კი ავსტრალიიდან ცუდი ამბავი მოვიდა: ვიქტორ სანეევი 76 წლისა გარდაიცვალა. ის სიდნეიში დაკრძალეს.

Viktor Saneyev | Biography, Olympic Medals, & Facts | Britannica