კვარას დიდი ნიჭის დანახვას დიდი ნიჭი არ სჭირდება

ილია ბაბუნაშვილი კვარას დიდი ნიჭის დანახვას დიდი ნიჭი არ სჭირდება
14:22 / 8 სექ 2022

ვისაც ჰგონია, რომ ხვიჩა კვარაცხელია კარგი ფეხბურთელია, ძალიან ცდება — ხვიჩა კვარაცხელია ფენომენალური ფეხბურთელია, რომელმაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას, რომ ბურთაობაზე მეტად ქება-დიდების მოსმენა შეუყვარდეს. თუ ვინმე იტყვის, ჰოდა, ეს რომ არ დაემართოს მორჩით, ნუ აქებთო, ისიც უნდა თქვას ეს როგორ უნდა მოხერხდეს; ანდა, ოდესმე, სადმე თუ მომხდარა ასეთი რამ. მესი რომ გამოჩნდა არ აქებდნენ? მარადონა რომ გამოჩნდა არ აქებდნენ? პელე რომ გამოჩნდა არ აქებდნენ? ზიდანი რომ გამოჩნდა არ აქებდნენ? რონალდო, რონალდინიო, პლატინი, კრუიფი, მესხი, ყიფიანი… მათ ყველას აქებდნენ, ყიფიანმა კი თქვა: ვისაც დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა, ყველამ ითამაშაო. ეს იმას ნიშნავს, რომ ნიჭიერი იყო, მაგრამ თავში აუვარდა და დაიკარგა, არ ითვლება. ესე იგი, ასეთს დიდი ფეხბურთი არ უნდა ეთამაშა. ხასიათის სიმტკიცე არ ეყო.

Napoli 4-1 Liverpool: Hosts dominate as Jurgen Klopp's side are embarrassed on stunning night in Naples - Eurosport

ეჭვი არ მეპარება, რომ ხვიჩა ძალიან დიდი ფეხბურთისთვის არის გაჩენილი. ჯერ სადა ვართ, ქართველებო. თან მინდა გითხრათ, რომ ამ აზრზე ახლა კი არ დავდექი, ლაციოსა და ლივერპულთან ეფექტური გამარჯვებების მერე, ფიორენტინასა და ლეჩესთან „ჩამქრალი“ ფრეების შემდეგაც ამას ვფიქრობდი, ისევე როგორც თქვენ. დიახ, ჩვენ ყველანი ასე ვფიქრობდით, იმიტომ რომ ხვიჩას დიდი ნიჭის დანახვას დიდი ნიჭი არ სჭირდება. ეს ნათელია ქართველისთვის, იტალიელისთვის, სომხისთვის, არგენტინელისთვის, სტაჟიანი თუ დამწყები გულშემატკივრისთვის, ფეხბურთის პროფესიონალი მწვრთნელისთვის თუ ორგანული ქიმიის ლაბორატორიის თანამშრომლისთვის…

ლივერპულთან ჩვენმა ბიჭმა თამაში გააკეთა, თანაგუნდელებთან ერთად, რასაკვირველია. ჟელინსკი იყო ძალიან მაგარი, ანგისა, სხვები, მაგრამ თუ ვინმეს ვახსენებთ, ხვიჩას სახელიც იქვე უნდა ვთქვათ. აი, მატჩის მთავარი ვარსკვლავი ხომ თითქოს ჟელინსკი იყო (ხშირ შემთხვევაში უცხოური პრესაც ამას წერს), მაგრამ შორს ხვიჩაც არ ყოფილა. და არ ვიცი, ჩემი ქართველობის ბრალია თუ ობიექტურად ასე მოხდა, მაგრამ კვარამ მოედანი რომ დატოვა, ნაპოლის ცეცხლი დააკლდა.

შეიძლება ოთხშაბათს გოლი არ გაუტანია, მაგრამ მე იმ იტალიელ ჟურნალისტს ვემხრობი, რომელმაც დაწერა, ლაციოსთან გარდამტეხი მომენტი ის იყო, კვარაცხელიამ ბრუნი რომ გააკეთა, ბურთს მთელი ძალით დაჰკრა და ძელს გაარტყაო. ძელი ხომ გოლი არ არის, მაგრამ ხანდახან მთავარია. ჰოდა, ლივერპულთან ხვიჩას გასვლის შემდეგ ასეთი მთავარი რაღაცები დააკლდა ნაპოლის.

შეიძლება იყოს 10 ადამიანი და შენობაში-(ი)ს გამოსახულება

ამბობენ, ადამიანს მცირე ჰყოფნისო. კვარაცხელია მცირე არ არის. არ დაგიმალავთ და თბილისში ჩატარებულ ევრობასკეტს ემოციურად ისე ავყევი, რომ ბლოგის დაწერას კალათბურთზე ვაპირებდი. უფრო სწორად, ვიცოდი, რომ ხვიჩაზე აუცილებლად მომიწევდა ლაპარაკი, მაგრამ მინდოდა ტექსტში მეტწილად კალათბურთი ყოფილიყო. მინდოდა მეც მეთქვა ორი სიტყვა თურქეთის ნაკრებსა და მის ოტომან ატამანზე, ღირსეულად წაგება რომ არ შეუძლია. მინდოდა მეთქვა, რომ კალათბურთი პერის ვეთამაშეთ (ამერიკელ-მონტენეგროელი გამთამაშებელი კენდრიკ პერი) და წავაგეთ. კიდევ წავაგეთ ბელგიასთან, ესპანეთთან და ბულგარეთთან. მინდოდა მეთქვა, რომ ამ ევრობასკეტზე არც გაგვიმართლა და ვერც ვივარგეთ. ვერ ვითამაშეთ ისე, თავად რომ მივაჩვიეთ საკუთარი თავი. შორიდან ვაცილებდით, მეტოქეს ვერ ვუფარებდით, ფარს უღმერთოდ ვაგებდით, მაგრამ დამთავრდა მონტენეგრო, გადავრთე კვარაზე და…

ვიცი, როგორ არა, კვარა არის ნაპოლი, ერთი ქართველი ბევრ უცხოელში, კალათბურთის ნაკრები კი მთელი საქართველოა, მაგრამ რა ვქნა, ბლოგი მაინც ხვიჩაზე გამომივიდა. გავიხარე და იმიტომ. ამიტომ, ახლა ისღა დამრჩენია ვიღიღინო: ერთი კაცის გამარჯვება კი არა…

შეიძლება იყოს 5 ადამიანი-(ი)ს გამოსახულება