კვარა, ბესტი და ძველი ქართველი ვარსკვლავები

ილია ბაბუნაშვილი კვარა, ბესტი და ძველი ქართველი ვარსკვლავები
14:52 / 19 ოქტ 2022

დააკვირდით, უკვე რამდენჯერ შეადარეს ხვიჩა კვარაცხელია ჯორჯ ბესტს? თუ არ მეშლება, ყველაზე ხშირად სწორედ ბესტს ადარებენ. ამას, რასაკვირველია უცხოელები აკეთებენ, რადგან ქართველებს ჩვენი სამყარო და ჩვენი კრიტერიუმები გვაქვს. იმას კი არ ვამბობ, რომ ქართული სამყარო და კრიტერიუმები ცუდია, უბრალოდ განსხვავებულია. განსხვავებულია მიზეზთა გამო. ჩვენ საბჭოთა კავშირში ვიყავით ჩაკეტილები, ივანოვს, ვორონინს, სტრელცოვს და ბლოხინს ვეჯიბრებოდით. ძალიანაც გვინდოდა ეუსებიოს, ჩარლტონს, დი სტეფანოს და ბეკენბაუერს გავჯიბრებოდით, მაგრამ მოსკოვმა, არაო. თქვენ, ჩვენგან დამოუკიდებლად არავის უნდა ეთამაშოთო. მაქსიმუმ, ერთი-ორი კაცი ჩვენს ნაკრებში ავიყვანოთ და მარტო მათ უნდა ნახონ უემბლი როგორიაო.

New George Best film is a Shakespearean tragedy | British GQ | British GQ

საკლუბო დონეზე 70-იანი წლებიდან ვხვდებოდით თავისუფალი სამყაროს წარმომადგენლებს და მაშინ თუ დაგვინახავდა ვინმე. დაგვინახავდა და იტყოდა, რუსებს ეს რა კარგი გუნდი ჰყოლიათო. ამის გაგონებაზე უნდა გაჭაჭულიყავი, რომ რუსი არ ხარ, მაგრამ ვის რაში ენაღვლებოდა? ისინი უკვე შემდეგ თამაშზე ფიქრობდნენ. ერთხელ, მესხისა და მეტრეველის თამაშით აღფრთოვანებულმა ელინიო ერერამ თქვა, საბჭოთა ფეხბურთი ქართული ფრთებით დაფრინავსო და ამ სიტყვებს ვეფხისტყაოსნის საზეპიროსავით ვიმეორებდით ათწლეულების განმავლობაში.

ამ ბოლო დროს ყური მოვკარი, ევროპაში ისეთ ეფექტს, როგორიც ხვიჩამ მოახდინა, ძველი ქართველი ვარსკვლავებიდან ვერავინ მოახდენდაო. ვითომ? ღმერთმა ქნას ხვიჩამ მხოლოდ ეფექტი კი არ მოახდინოს, არამედ ყველა დროის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გახდეს. ის ურჩევნია მამულსაო, ხომ იცით, მაგრამ ძველებს იტალიასა და ესპანეთში თამაშის შესაძლებლობა არ ჰქონიათ. ნანახი გექნებათ ლეგენდარული ქართველი მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე რომ ამბობს, წინა თაობის ქართველ არტისტებზე ნიჭიერი კი არ ვიყავი, უბრალოდ გამიმართლა, საზღვარგარეთ მე მნახეს და არა ისინიო. რამაზ ჩხიკვაძე, რასაკვირველია თავმდაბლობს, ის დიადი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ის და მისი თაობა ნახეს, ადრინდელები კი არ უნახავთ. ასეა ხვიჩას ამბავიც, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ჩვენს ბიჭზე ჯერ დიადს ვერ ვიტყვით, ვინც გინდა გამიბრაზდეს, ათი-თორმეტი თამაში ამისათვის ძალიან ცოტაა. ეჭვი არ მეპარება, რომ ის წარმოუდგენელ სიდიდეებს მიაღწევს და რაგინდ თამამ განცხადებად მოგეჩვენოთ, ველი, რომ ოქროს ბურთის პირველი ქართველი ლაურეატი გახდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დიდი მიშა რეალში ეფექტს ვერ მოახდენდა. აქვე მინდოდა სხვებიც მეხსენებინა, მაგრამ გადავიფიქრე. მოდი, ბუმბერაზთა სულებს ნუ შევაწუხებთ და ნურც ცოცხალ ლეგენდებს შევეხებით „ამაოსა ზედა“.

მიხეილ მესხი - ლეგენდა 75 წლისა გახდებოდა

მეორე მხრივ, არც იმ მოსაზრებას ვეთანხმები: როგორ გინდა ახლანდელ ახალგაზრდებს აუხსნა, რომ ჩვენ ყოველ კვირას ბევრ ხვიჩას ვუყურებდითო. ასეც არ იყო.

მოკლედ, ვაცადოთ ოქროს ბიჭუნას და ვილოცოთ, რომ ციდან აქამდე მიუწვდომელი ვარსკვლავები მოწყვიტოს. ის ჯერ გზის დასაწყისშია. ჩვენი დახმარება სჭირდება. ყველას თანადგომა სჭირდება. ხელი მაინც არ შევუშალოთ.

რაც შეეხება ბესტს, ფაბრიციო რავანელიმ თქვა, კვარამ დიდი ჩრდილოირლანდიელი პლასტიკითა და ვარცხნილობითაც კი მომაგონაო. რა გითხრათ, აბა. რავანელი იმ ასაკისაა, ჩემი არ იყოს ბესტი მხოლოდ იუთუბზე ან ტელეეკრანზე რომ ეყოლება ნანახი. ისე, მთავარია, ხვიჩა მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდას სმაში და რეჟიმის დარღვევაში არ დაემსგავსოს, სხვა მხრივ კი შეადარონ, რა.

ბესტმა ხომ 1968 წელს „ოქროს ბურთი“ მიიღო…

Napoli star Khvicha Kvaratskhelia was offered to Ligue 1 clubs this summer  – Get French Football News