ლოცვა ხვიჩასთვის

ილია ბაბუნაშვილი ლოცვა ხვიჩასთვის
15:17 / 24 აგვ 2022

ხვიჩა რომ ნიჭიერია… არა, ხვიჩა რომ ძალიან ნიჭიერია ამას ლაპარაკი არ უნდა. ხვიჩა რომ იმაზე ნიჭიერია, ვიდრე ბევრს ეგონა, არც ამას უნდა დიდი მტკიცება. რუსების კომენტარები უნდა წაიკითხოთ ინტერნეტში. გახსოვთ, ჭკუის კოლოფები რომ გამოდიოდნენ და გაიძახდნენ, რა ნაპოლი, რის სერია A, მართლა ასე ძლიერი კი არ არის, ურჩევნია ჩვენთან დაეტიოსო. ახლა ირონიით წერენ, ვერ გაუძლო რუსეთის პრემიერლიგის დონეს, სუსტ ჩემპიონატში გადავიდა და არის ერთ ამბავშიო.

ჩვენც ერთ ამბავში ვართ. ხანდახან ისეთ ამბავში ვართ, მეშინია კიდეც. ხვიჩამანია დაიწყო, ეს კი დიდი გამოცდაა. ჩვენთვის არა, ხვიჩასთვის. ღმერთო, შენ დაეხმარე ბიჭს, რომელმაც ორ ტურში სამი გოლი გაიტანა (ერთი თავით, მეორე მარჯვენა ფეხით, მესამე მარცხენა ფეხით) და ერთიც საგოლე პასი გადააწოდა. თან როგორი, გეგონება რბილი კარაქი დანით გაჭრესო. ღმერთო, სწორი გზა აჩვენე ბიჭს, რომელმაც გაწამებულ ქართველ ემიგრანტებს, ორი ევროს გულისთვის ცხრა პირ ოფლს რომ იდენენ, სიამაყის გრძნობა დაუბრუნა. ღმერთო, არ მიატოვო ბიჭი, რომელმაც აქ დარჩენილებს და არსებობისათვის ბრძოლით გაწამებულებს გაგვახსენა როგორია სიხარულის გრძნობა.

Georgia's Khvicha Kvaratskhelia tops international football transfer website's Most Viewed Players

იმ დღეს, მონცასთან თამაში რომ დამთავრდა, კვარას ორი გოლით ბედნიერი, სადღაც საბურთალოზე ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოდან გამოვედი და ვხედავ, სკამზე ჩამომსხდარი უბნის კაცები ბუზებს ყლაპავენ. აი, გარანტიას გაძლევთ, ერთი-ორი ტურიც და ეს კაცებიც კი სახლებში შევლენ, ნაპოლის თამაშებს ნახავენ და მერე იმ თავიანთ სკამთან რომ გამოვლენ, კვარაცხელიაზე ილაპარაკებენ. ხვიჩა მათ მოდუნებულ მენტალიტეტამდეც მიაღწევს. ოღონდ, ღმერთის დახმარება დასჭირდება.

არ ვაჭარბებ. არის რაღაცები, რასაც ადამიანები ვერ ვაგვარებთ. აქ უკვე ზენა ძალების ჩარევაა საჭირო. ურწმუნოებს შეუძლიათ ღმერთის ნაცვლად სიტყვა ბედი წაიკითხონ. ამ ბლოგში თეოლოგიურ საკითხებს არ განვიხილავ, ხვიჩა კვარაცხელიაზე ვლაპარაკობ.

ასე მაგალითად, ღმერთმა დაიფაროს ხვიჩა ტრავმისგან. ფეხბურთელისთვის ის ყველაზე მზაკვარი მტერია. მესიმ და რონალდუმ მთელი კარიერა ისე ჩაარახუნეს მგონი ერთი სერიოზული ტრავმა არ ჰქონიათ. ესე იგი შესაძლებელია წლობით ითამაშო და არ დაიმტვრე. მესმის, რომ აქ მნიშვნელოვანი როლი ენიჭება რეჟიმს, სწორ კვებას, ფარმაკოლოგიას, საკვებ დანამატებს და ათას რამეს, მაგრამ მერწმუნეთ, დამტვრევა ყოველთვის შეიძლება. ჰოდა ღმერთს შევთხოვ, ჩვენი ბიჭი ტრავმისგან დაიფაროს.

კიდევ, დაიფაროს მცირედით დაკმაყოფილებისგან, გაძღომისგან, პირველივე X5-ის (პირობითად ვამბობ, რასაკვირველია) დანახვაზე კარიერის დამთავრებისგან… თუმცა, კვარას რომ ვუყურებ, მის თვალებში ცეცხლს ვხედავ და ამ ცეცხლს ადვილად ვერაფერი ჩაქრობს, გამორიცხულია. ეს ის ცეცხლია რომელსაც ფეხბურთის და გამარჯვების სიყვარული აგიზგიზებს და ზედ ფულის ან ნაშების დაყრით არ ქრება.

კვარაცხელია: მითხრეს, რომ ჯერ ნეაპოლური უნდა ვისწავლო, შემდეგ იტალიური • ფეხბურთი • ხვიჩა კვარაცხელია • Netgazeti.ge

ღმერთო, შენ დაიფარე ხვიჩა სახიფათო ხალხისგან, ტვინის ამრევებისგან, ჭინკებისა და მაჯლაჯუნებისგან. მაგრამ, აქაც გული უფრო საგულეს მაქვს, ვიდრე მის გარეთ. ბიჭმა ძალიან ახალგაზრდულ ასაკში ისეთ ქვეყანას გაუძლო, რუსეთი რომ არის და რაღა დალაგებულ ევროკავშირში ცდუნდება. გაუძლო იმიტომ, რომ ფეხბურთი უყვარს, ბურთი აინტერესებს, მოწოდება აქვს. ასე გამიგია, ყაზანში ბაზაზე ცხოვრობდა მოედანთან ახლოს რომ ყოფილიყოო. რა, ბინას ვერ იქირავებდა და ორგიებს ვერ მოაწყობდა? ურკებს ვერ დაუძმაკაცდებოდა? ცხოვრებას ჯანდაბისკენ და დოზანისკენ ვერ წაიყვანდა? როგორ ვერა. ეგ უფრო ადვილიც კი იქნებოდა, მაგრამ ის ხვიჩა კვარაცხელიაა და თუ რამე არ მეშლება სხვა გზა აქვს არჩეული.

ჰოდა, უფალო, შეისმინე ჩემი ვედრებაც. ღმერთო, არ მიატოვო ეს კარგი, ზომიერად თავხედი ბიჭუნა.