მამარდა და კვარა

ილია ბაბუნაშვილი მამარდა და კვარა
13:28 / 10 აგვ 2022

იწყება! ჩემთვის იწყება! მწამს ბევრი თქვენგანისთვისაც. კვირას, 14 აგვისტოს, ჩვენი დროით საღამოს ათის ნახევარზე, მესტალიაზე ვალენსია ჟირონას მასპინძლობს, ხოლო ორშაბათს, 15 აგვისტოს, ცხრის ნახევარზე, ნაპოლი ვერონას სტუმრობს. კვირას მამარდაა, ორშაბათს კვარა.

ღმერთო ჩემო, რამდენს ნიშნავს შენიანი. ჩვენები აქამდეც იყვნენ კვიპროსზე, უნგრეთში, თურქეთში, პოლონეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, რუსეთშიც, მაგრამ ესპანეთი და იტალია სხვაა. ესპანეთი და იტალია დიდი ხუთეულის ქვეყნებია. იქ სხვა დონეა და ფეხბურთელების, მწვრთნელების, აგენტების სხვა თავყრილობა.

არ დამავიწყდება, მამარდაშვილი ვალენსიაში რომ გადავიდა და ბედის წყალობით მთავარ გუნდში ათამაშეს, პირველ დღეს კინაღამ გული გამისკდა. მეკარის გულშემატკივრობა ფარსაგი საქმეა: თან გინდა, რომ თავი გამოიჩინოს და თან გირჩევნია კარში არ დაურტყან. შიშობ, ვაითუ გაუტანონო.

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ძირითად გუნდში დარჩება | Mundo Deportivo

მერე და მერე მივეჩვიე. დავინახე, რომ თავად გიორგია მშვიდი კაცი და მეც დავწყნარდი. სლენგი რომ მოვიშველიო, მის თამაშებზე „შევჯექი“. გაამართლა კიდეც. ბიჭი დაოსტატდა, დაიხვეწა, არც მეტი-არც ნაკლები ესპანეთის თასის ფინალი ითამაშა და იქ პენალტებში იდგა.

ბოლოს რომელმა ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა ისეთი დონის შეხვედრაში, როგორიც ესპანეთის თასის ფინალია?

მამარდას მწვრთნელშიც გაუმართლა. მე ასე ვხედავ ყოველ შემთხვევაში. ხოსე ბორდალასი გონივრულად მართავდა მის საფეხბურთო ცხოვრებას. ატყობდა, როდის სჭირდებოდა გიორგის დასვენება, გადართვა, გამოთიშვა და როდის შუაგულ ცეცხლში შეგდება. მაგრამ, კვირას ქართველი მეკარის მწვრთნელი ბორდალასი აღარ იქნება. ვალენსიას ახალი თავკაცი ჰყავს, იტალიელი ჯენარო გატუზო, რომელსაც წინამორბედისგან განსხვავებით სხვანაირად ესმის ფეხბურთი. მე, როგორც მამარდას თამაშებზე „შემჯდარმა“, ღამურების სეზონისწინა შეხვედრები ვნახე და შევამჩნიე, რომ თუკი ბორდალასი გუნდს კონტრშეტევაზე, გრძელი პასებით ათამაშებდა, გატუზოს ბურთის მოკლე-მოკლე გადაცემებით გორება უყვარს. მას უნდა, რომ მოვლენები მისმა ფეხბურთელებმა აკონტროლონ.

მამარდასთვის რა იცვლება ასეთ შემთხვევაში? ის, რომ ბორდალასის დროს ვალენსიელი მცველები და ნახევარმცველები მასთან ახლოს იდგნენ, კედლად ეფარებოდნენ, თავად კი მეკარის მთავარი საქმით, დარტყმების დაჭერა-მოგერიებით იყო დაკავებული. ახლა, თანაგუნდელები საჯარიმოს მოშორდნენ, წინ წავიდნენ, ცდილობენ მოკლე პასებით შეუტიონ. როდესაც მეტოქე ბურთს ართმევთ, ისინი იძულებულები ხდებიან იქვე, თავიანთი საჯარიმოსგან უფრო შორს გადაერთონ დაცვაზე. ასეთ დროს მეკარეს ცენტრალური მცველის ან თუ გნებავთ ძველი ლიბეროს პოზიციაზე „ასვლა“ და ხშირ შემთხვევაში ფეხით თამაში უწევს. თანაგუნდელები დაბრუნებულ ბურთს უგორებენ, რასაც ადრე თითქმის არ აკეთებდნენ, მეტოქე კი ხშირად ეგრეთწოდებულ მაღალ პრესინგს მიმართავს. ამიტომაც არის საჭირო კარგად დახაზული კომბინაცია და ფეხით ოსტატურად თამაშის უნარი. მწვრთნელი ხომ მეკარისგანაც ზუსტ პასს ითხოვს და არა ბურთის წინ, ორთაბრძოლაში გადაგდებას.

 

Kvaratskhelia presenta la nuova stagione con il Napoli | DAZN News Italia

გულწრფელად რომ ვთქვათ, გიორგის ფეხით თამაში ჯერ დასახვეწი აქვს. ამიტომ, გატუზოს სტილი შეცდომის რისკს ზრდის. სეზონისწინა ამხანაგურებში გამოჩნდა, რომ დაცვასა და მამარდას შორის ურთიერთობა ავტომატიზმამდე ჯერ არ არის აყვანილი, ასე რომ ერთი წლის წინანდელისა არ იყოს, პირველ ტურებში ნერვიულობა არც წლეულს ამცდება, მაგრამ ვინაიდან უნიჭიერეს კაცზე ვლაპარაკობთ, წესით ყველაფერი მალე უნდა დალაგდეს.

კვარა, კი ნაპოლიში უტევს და ლაღობს. ზაფხულის სპარინგებში ჩემზე და თქვენზე რომ მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა ეგ რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ მგონი ლუჩანო სპალეტისაც ძალიან მოაწონა თავი. დგას თავის ფრთაზე და რაც ბრწყინვალედ ეხერხება, იმას ჩინებულად აკეთებს. სწრაფი შეტევის დროს ხვიჩას მეტოქეობა მტერს და ჩრდილო მაკედონიას. აი, პოზიციური თამაშის დროს კი გამოჩნდება. ნუ, სტანდარტულებს და თავით თამაშსაც (183 სანტიმეტრია) თუ დახვეწავს, მთლად ფასდაუდებელი ფეხბურთელი გახდება.

ასე რომ იწყება! ჩემთვისაც იწყება და რად უნდა ლაპარაკი, რომ თქვენთვისაც. ამიტომ ჩავრთოთ ტელევიზორები. კვირას და ორშაბათს ჩვენი ბიჭები თამაშობენ: მამარდა და კვარა.