მახინჯი მოკვდა! საქართველო უბერავს!

ილია ბაბუნაშვილი მახინჯი მოკვდა! საქართველო უბერავს!
14:22 / 31 აგვ 2022

კაცი კმაყოფილი არასდროს უნდა იყო. სხვანაირად პროგრესი არ გამოვა. მეორე მხრივ კი ხანდახან რომ დავფიქრდები საიდან მოვდივართ და სად ვართ…

საქართველოში კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატი ტარდება, ევრობასკეტი! ვინ წარმოიდგენდა ამას ჩემს ახალგაზრდობაში, საბჭოთა კავშირის დროს. გაგიჟდი? თან ჩვენი ნაკრები შეჯიბრების ერთ-ერთი მონაწილეა. აუჰ! ამაზე მაშინდელი ხალხის უმრავლესობა არც ოცნებობდა, ხოლო ის ერთი-ორი კაცი ვინც მაინც გაბედავდა ოცნებას თავს ალბათ მეზღაპრედ თვლიდა. ასე შეიძლებოდა ნატვრისთვალი ან მფრინავი ხალიჩაც მოგდომებოდა.

არადა, კალათბურთში ყოველთვის მაგრები ვიყავით. ხან უკეთ, ხან უარესად, მაგრამ გვეხერხებოდა. გვეხერხებოდა კი არა, 60 წლის წინ, 1962-ში ჩემპიონთა თასი მოვიგეთ. თვით ჩემპიონთა თასი! ის ჩემპიონთა თასი! ცხადია დინამომ და არა საქართველოს ნაკრებმა. ჯერ ერთი ჩემპიონთა თასის გათამაშება საკლუბო შეჯიბრება იყო და მეორეც საქართველოს ნაკრებს 62-ში რა უნდოდა. ნაკრები არა, ხუთკუნჭულა.

62-ში რეალს მოვუგეთ. მანამდე, 1960-ში ფინალშიც ვიყავით, რიგის სკა-სთან წავაგეთ, ასე რომ ვერავინ იტყვის ელიტაში იმ ერთხელ შემთხვევით მოვხვდითო.

ჟენევაში კი დიდ ფინალს საბჭოთა ურჩხულისგან გაქცეული დიდი ქართველი მწერალი გრიგოლ რობაქიძე დაესწრო და მერე მგონი ჩვენს მოთამაშეებს ვერც შეხვდა. თუ ვიღაცას მაინც შეხვდა? ზოგი ასე ჰყვება, ზოგი ისე, ფაქტი კი ის არის, რომ ქართველი კაცი თანამემამულეების ტრიუმფს დაესწრო და… ეს ამბავი ჩვენში ჩუმად ვრცელდებოდა. რა დამოუკიდებელი საქართველო, რის დამოუკიდებელი ქართული სპორტი… და აი, 2022 —თბილისში ევრობასკეტი ტარდება! ჩვენი ნაკრები შეჯიბრების მასპინძელი და მონაწილეა!

თბილისი თბილისად და ქართული კალათბურთის ჯადოსნური წყარო ქუთაისი იყო. ყველაფერი ოთარ ქორქიათი და ნოდარ ჯორჯიკიათი დაიწყო. ისინი იყვნენ პირველი დიდი ვარსკვლავები, ბერმუხები, კლასიკოსები. მერე წამოვიდნენ ოთარის ძმისშვილი მიშა ქორქია და ზურაბ საკანდელიძე — ორი გენიოსი. იყო ყველა გაგებით დიდი და ყველასთვის საყვარელი ნიკოლოზ დერიუგინი და 80-იანების გამორჩეული მოთამაშე გელა დარსაძე. იყვნენ სხვებიც. მაგალითად, ზურაბ გრძელიძე, რომელიც მძიმე ტრავმა რომ არა, იფრენდა. და რაც მთავარია ქუთაისში ცხოვრობდა ჯადოქარი სულიკო თორთლაძე, მასწავლებელი, აღმზრდელი, ვარსკვლავების მოქანდაკე. კაცი, რომელსაც ნიჭიერი ბავშვი ქუჩაში თუ ჩაუვლიდა, ხელს ჩაავლებდა და დარბაზში შეიყვანდა.

გურამ მინაშვილი კი თბილისელი გახლდათ და NBA-ში იწვევდნენ, ჯერ კიდევ როდის, 60-იანებში. სად წახვიდოდი, ფეხი ცუდად რომ გადაგედგა ყველას ვინც გიყვარდა გაგიციმბირებდნენ.

იყვნენ „პწიცა“ – ვლადიმერ უგრეხელიძე, ლევან მოსეშვილი, თამაზ ჩიხლაძე… ყველას რა ჩამოთვლის.

ან ქართული კალათბურთი როგორი იყო, იცით? სწრაფი, ცეცხლოვანი. გატკეპნილი მეტაფორა არ გეგონოთ, მეტოქეები დინამოსთან მართლა ტემპის დაგდებას ცდილობდნენ. თავბრუდამხვევი სისწრაფე ხელს ჩვენ გვაძლევდა და იმიტომ. კოლორიტული დაბლები გვყავდა: შევარდებოდნენ ფარქვეშ, ბურთს ზურგსუკან შემოიტარებდნენ, ფეხებს შორის გაიძვრენდნენ, მერე ჰაერში წამით გაიყინებოდნენ და კალათში ჩასაგდებად ზუსტ წამს იქ შეარჩევდნენ. რა საოცარია, ადრე გოლიათების პრობლემა გვქონდა, 90-იანი წლებიდან კი მაღალი ბიჭები წამოვიდნენ, დაბლებს ამერიკაში ვეძებთ.

90-იანები. პოსტსაბჭოთა პერიოდი. ქართულმა კალათბურთმა არც უმძიმეს გარდამტეხ ეპოქაში დაკარგა თავი და სახე. ექვსი კალათბურთელი გვყავდა თუ გვყავს NBA-ში: ვლადიმერ სტეფანია, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ზაზა ფაჩულია,  თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი. ამ პატარა ქვეყნისგან ასეთ შედეგს ეხუმრებით? ანდა, რამდენჯერ გავედით ევრობასკეტზე? უკვე მეხუთედ! და ეს საქართველოს ნაკრებია! ის მახინჯი საბჭოთა კავშირი, რომელიც ოცნებას გვიკრძალავდა აღარ არსებობს, საქართველო კი უბერავს! ხან უკეთესად, ხან უარესად, მაგრამ უბერავს!

და აი, ჩვენს ქვეყანაში კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატი იწყება. ჩვენი ნაკრები მონაწილეა. წინ საქართველო!

No description available.