მესი რომ მესია იმიტომ არის მესი

ილია ბაბუნაშვილი მესი რომ მესია იმიტომ არის მესი
15:19 / 2 დეკ 2021

ვიცი, რობერტ ლევანდოვსკი დაიჩაგრა. მას არაფერი დაუშავებია. მას მსოფლიო ფეხბურთისთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია. მან ბრწყინვალედ ითამაშა არა მარტო 2020, არამედ 2021-წელსაც, მაგრამ ოქროს ბურთი ლეო მესის მისცეს. რატომ? იმიტომ, რომ მესიმ კოპა ამერიკა მოიგო. და კიდევ, იმიტომ რომ მესი მესია.

It's A “Scandal” As Robert Lewandowski Is “Cheated” Out Of Winning First Ballon d'Or

კოპა ამერიკა რომ არ მოეგო? აბა, ეს რა კითხვაა. მოიგო და… სწორედ იმიტომ მოიგო, რომ მესია. რობერტ ლევანდოვსკი კი ნამდვილად დაიჩაგრა. 2020 წელს, როდესაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული ულაპარაკოდ მას ეკუთვნოდა, კორონა იყო და გამოკითხვა არ ჩატარდა. გეგონება წელს კორონა აღარ იყოს. ბედი უნდა ყველაფერს. პოლონელს ბედმა უმტყუნა. მესის ბედიც აქვს. კოვიდი წლეულს უფრო მძვინვარებს ვიდრე შარშან, მაგრამ ოქროს ბურთი შარშან გაუქმდა, წლეულს — არა.

მეტსაც გეტყვით, პირადად ჩემი აზრით 2010 წელს ოქროს ბურთი ანდრეს ინიესტასთვის უნდა მიეცათ. ესპანელმა იმ წელიწადს ბრწყინვალედ ითამაშა. ბარსაში რაც მესიმ მოიგო ის მოიგო ინიესტამაც, ნაკრებში კი ის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ფინალში გამარჯვების გოლი გაიტანა. მეტი რა ექნა? თან, ვიმეორებ, ტიტულები გუნდის ხარჯზე კი არ მოიპოვა, საუცხოოდ ითამაშა, მაგრამ ოქროს ბურთი მაინც მესის მისცეს. რატომ? უკვე მესი იყო და იმიტომ. ოქროს ბურთი კი არა, რომელიმე დარგში ნობელის პრემიაც რომ მიეცათ, არ გამიკვირდებოდა. ასეთ ავტორიტეტს და გავლენას კი მოპოვება უნდა. როგორ? მარტივად: მესი უნდა იყო.

მესის ფეხბურთი უნიკალურია. ჩემი აზრით, მასში ერთად არის შერწყმული უკიდურესი რაციონალიზმი და ფანტაზია. ანუ, ფანტაზიორობს იმიტომ, რომ პრაქტიკული შედეგი მიიღოს. როგორც ერთმა ძველმა გულშემატკივარმა მითხრა, მესი არის უმოკლესი მანძილი A და B წერტილებს შორის. თუკი ზიგზაგით იარა, იცოდეთ ასე იმიტომ გააკეთა, რომ უფრო მოკლე ვარიანტი არ არსებობდა. მესი სამხრეთ ამერიკელია, რომელიც კომერციალიზაციის და რაციონალიზმის ეპოქაში ევროპელებმა აღზარდეს.

Goals: Lewandowski ranked third in the Ballon d'Or.Ronaldo is only one tenth – NewsLine

საქართველოში მესი ძალიან უყვართ. გიჟდებიან. ვითომ მარტო იმიტომ, რომ ძალიან ძლიერი ფეხბურთელია? იქნებ კიდევ არის რაღაც მიზეზი. ეს კითხვა კარგა ხანს მაწვალებდა, მერე კი ასეთ დასკვნამდე მივედი: სტილით, მესი „ჩვენი უბნის“ ფეხბურთს თამაშობს.  „პატარა მესი“ თბილისში ყველგან იყო: საბურთალოზე, დიდუბეში, ნახალოვკაში, ვაკეში, მთაწმინდაზე, ავჭალაში… ეს ის ბიჭები არიან, მერე გზას რომ ასცდნენ და „ციხეზე წავიდნენ“, წამალს გადაყვნენ, სმა ამჯობინეს, დაშავდნენ, ავი ცოლი მოიყვანეს, ფეხბურთი საკმარისად არ უყვარდათ… მესი მათი სრულყოფილი ვარიანტია. მესი რონალდუსავით მესამე სართულამდე არ ხტება და არც „ჩევნი უბნის“ პატარა მესები ხტებოდნენ ასე მაღლა. მათი ჯიგრული სტილი სხვა იყო: „პოდსებია“, ფინტი, სამ კაცში გაძვრომა, „ცუცურმა დარტყმა“, რამე-რუმე…

ყველაფერს თავი დავანებოთ. ახლა მოდაშია თქმა, რომ საქართველოში გიო ქინქლაძეზე ნიჭიერი ფეხბურთელი არ დაბადებულა. ამ აზრს ვეთანხმები თუ არა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტი ის არის, რომ სტილით, ამპლუით, იდეით ქინქლაძეც მესი იყო და ქინქლაძე კი არა, ძველ, ხარვეზებიან ჩანაწერებს რომ ვუყურებ, პაიჭაძეც უფრო მესი იყო, ვიდრე პელე, დი სტეფანო, მეტიუზი ან ვინმე სხვა. სად პაიჭაძე და სად პელე თავისი აფრიკული პლასტიკით. სულ სხვა ჟანრია.

ეზოს ფეხბურთი, კომენტატორი ჩერნადცევი :) - MYVIDEO

დავით ყიფიანი? მოდი, ამ წერილში დავით ყიფიანზე არ გვინდა.

მესხი, მეტრეველი, გუცაევი? ფლანგის ხალხი კიდევ სულ სხვაა.

მოკლედ, ამ წერილში მინდოდა ლეო მესის მეშვიდე „„ოქროს ბურთს“ შევხმიანებოდი, მისი ქართველი ქომაგებისთვის ხელი ჩამომერთმია და მიმელოცა, მერე კი რობერტ ლევანდოვსკისკენ შევტიალებულიყავი, მხრები ამეჩეჩა, ხელები გამეშალა და მეთქვა: — რა გიყო, ძმაო. ვწუხვარ.