პასით ყიფიანის და პლატინის ბადალია

ილია ბაბუნაშვილი პასით ყიფიანის და პლატინის ბადალია
13:55 / 28 აპრ 2022

წლებია ამ ბიჭის თამაშით აღფრთოვანებული ვარ. პირველად რომ მივაქციე ყურადღება ჯერ კიდევ ვოლფსბურგის ფეხბურთელი იყო. ყმაწვილის ტანი და იერი ჰქონდა. ათლეტური აღნაგობა მერე ჩამოუყალიბდა. ახლა მგელია. ბებერი მგელი. ბრძენი. 28 ივნისს უკვე 31 წლისა გახდება.

წლებია ამ ბიჭის თამაშით აღტაცებული ვარ და წლებია ჩემს თავს ვეკითხები: რამე აკლია? გამორჩეულ, მოკაშკაშე ვარსკვლავად რატომ არ მიიჩნევენ? დაუღალავია; ბრწყინვალე პასი აქვს — დათო ყიფიანის და მიშელ პლატინის დონის; კარში ყველანაირად არტყამს: ღონივრად, ჩახვეულად, მოძრაობიდან, სტატიკური მდგომარეობიდან; დაცვაში მუშაობს, შავ საქმეს არ თაკილობს; წინ რომ მიდის, თითქოს ყინულმჭრელიაო, ისე მიუძღვის თანაგუნდელებს; თავით? მაგალითისთვის შორს წასვლა არ არის საჭირო, რეალს მეორე წუთზევე როგორ გაუტანა ხომ ნახეთ? და მაინც, პირადად ვიცნობ ხალხს, რომელიც ამბობს (ან არ ამბობს, მაგრამ ეტყობა) რომ ძალიან დიდ ფეხბურთელად ვერ აღიქვამს.

Kevin De Bruyne is still struggling with effects of Covid-19 as he helps Manchester City's title defence - Eurosport

კევინ დე ბრუინზე მოგახსენებთ. ალბათ უფრო დე ბრუინეზე. თუ ძალიან ფლანდრიულად გვინდა თითქმის დე ბღუინეზე. თუმცა, მე მიმაჩნია, რომ უცხოელის გვარი ისე უნდა გამოთქვა, როგორც შენი ენა გაძლევს საშუალებას. ზემოთ ყიფიანი ვახსენე და საქართველოს გარეთ ვინმეს უცდია ბგერა „ყ“-ს გამოთქმა? არა, რასაკვირველია. სან სიროზე კი ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, როგორ თქვა სტადიონის გამომცხადებელმა ძიდანი და არა ზიდანი. იტალიურად ასე უფრო მოსახერხებელია და იმიტომ. თუმცა ეს სხვა თემაა, რომელიც მკითხველს ალბათ ნაკლებად აინტერესებს.

ხოლო კითხვაზე, რატომ არ მიაჩნიათ დე ბრუინი კაშკაშა ვარსკვლავად ყველაზე მარტივი და ალბათ სწორი პასუხი ის არის, რომ მას მესისა და რონალდუს ეპოქაში მოუწია თამაშმა. ეს, რასაკვირველია არგუმენტია.

სხვა? სხვა ის, რომ მას არც რეალში უთამაშია და არც ბარსელონაში. გენკი, ჩელსი (სულ სამი შეხვედრა აქვს ჩატარებული), ვერდერი, ვოლფსბურგი და მანჩესტერ სიტი ის გუნდებია, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის თასი სააღდგომო კვერცხის მოსახარში, ენდროსგან გაწითლებული ქვაბივით სულ შინ არ უდევთ. ნუ, ჩელსი… მაგრამ ხომ გითხარით, იქ მოურინიუს დროს სულ სამი თამაში აქვს ჩატარებული. პორტუგალიელმა მასში ვარსკვლავი ვერ დაინახა.

Jose Mourinho Reveals His Side Of Kevin De Bruyne Leaving Chelsea Story - Sports Illustrated Chelsea FC News, Analysis and More

თუმცა, ბარსაში რომ ყოფილიყო მესის ჩრდილში მოხვდებოდა, რეალში რომ ეთამაშა — რონალდუს ჩრდილში.

ვფიქრობ, რომ არის კიდევ ერთი მომენტი… სტილისტურად მის თამაშს სამხრეთული პეწი აკლია, ეს კი გულშემატკივარზე ყოველთვის მოქმედებს. კრუიფს აქვს ნათქვამი, მართალია ჰოლანდია სამხრეთის ქვეყანა არ არის, მაგრამ ლათინურ ფეხბურთს თამაშობსო. ანუ, ეს სამხრეთიც მაინცდამაინც გეოგრაფიულად არ უნდა გავიგოთ. ჯორჯ ბესტი და პოლ გასკოინი ინგლისელები იყვნენ, მაგრამ ის პეწი, ჩვენ რომ სამხრეთული დავარქვით, ჰქონდათ. მოკლედ, გამგები გაიგებს.

სხვა მხრივ კი კევინ დე ბრუინი, დე ბრუინე თუ დე ბღუინე ძალიან დიდი ფეხბურთელია. ოღონდ, გაგანია თამაშის დროს, ეფექტისთვის თავით ბურთს არ აკენწლავს. ყველა პროფესიაში არის ხალხი, რომელიც საქმეს უმაღლეს დონეზე ასრულებს, მაგრამ ვინმეს სამი ან ხუთი საუკეთესოს ჩამოთვლა რომ სთხოვო, სხვებს დაასახელებს.

De Bruyne puts Man City one step close to retaining Premier League title

მართლაცდა ქარიზმაზეა ბევრი რამ. იცით, რა აქვს დე ბრუინს ნათქვამი? კარიერას თავს რომ დავანებებ, საცხოვრებლად შტატებში გადავსახლდები, რადგან უდიდესი შესაძლებლობების ქვეყანაა და ბავშვებისთვის ცხოვრებისეული პერსპექტივა იქ მეტი იქნებაო. აქ დავრჩები, პროფესიულ ფეხბურთში ვირტიალებ, შვილსაც ფეხბურთელად გავზრდი და სულ თვალწინ გეყოლებითო კი არ უთქვამს.
სინამდვილეში რა მოხდება ვინ იცის, მაგრამ ეს ნამდვილად მისი სიტყვებია.