პასი, რომელიც ხვიჩამ დახატა

ილია ბაბუნაშვილი პასი, რომელიც ხვიჩამ დახატა
13:42 / 18 აგვ 2022

ბევრს ვერ დავწერ, იმიტომ რომ ყველა ამაზე ლაპარაკობს და ემოციები უკვე გადმოღვრილია, მაგრამ, არ-დაწერაც არ შემიძლია. ნაპოლიში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტზე მოგახსენებთ. შესანიშნავ დებიუტზე.

რასაკვირველია, ძალიან მინდოდა ხვიჩას სერია A-ში, პირველივე თამაშში გოლი გაეტანა, მაგრამ პასმა, რომელიც მან მეორე ეპიზოდში პეტერ ჟელინსკის „დაუხატა“ უფრო… თუმცა, ჯობს ასე ვთქვათ, არანაკლებ გამახარა. სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ ჟელინსკიმ ხვიჩას გადაცემა შეირგო და ბურთი ბადეში ოსტატურად შეაგდო, ოღონდ ამაზე პოლონელმა ჟურნალისტებმა წერონ. მე კვარას პასზე მინდა ვილაპარაკო.

Verona 2-5 Napoli, goal and assist by Khvicha Kvaratskhelia in Serie A  match, video, Italian media reaction - Lost Sports

კვარამ ბურთი მიიღო და თანაგუნდელისკენ ერთი შეხებით ისეთი ტრაექტორიით გაუშვა, რომ დე ბრუინს შეშურდებოდა. და ბურთი ჯერ ჟელინსკიმდე მისულიც არ იყო, რომ გამახსენდა იტალიურ მედიაში ერთი-ორი დღით ადრე გამოქვეყნებული კომენტარები. მავანი მწვრთნელი და ვეტერანი ჩვენს ბიჭს ბურთის ზედმეტ თრევას რომ უწუნებდნენ. ზედმეტ მოძრაობებს აკეთებსო. რა გითხრათ, პირადად მე კვარაცხელია რაციონალურ ფეხბურთელად მიმაჩნია — რაციონალურ გარემარბად. როგორც გარემარბი ის ცრუმოძრაობებსა და დრიბლინგს მიმართავს, მაგრამ ჯერ არ მინახავს მეტოქე მოეტყუებინოს, კარისკენ გზა გახსნოდეს და რაღაც ზედმეტების კეთება დაეწყოს. ხანდახან, როდესაც ხვიჩა იმავე მეურვეს კიდევ ერთხელ ატყუებს, ესე იგი სიტუაციიდან გამომდინარე სივრცის გასახსნელად პირველი ცრუმოძრაობა საკმარისი არ აღმოჩნდა. ეს არის და ეს.

ამიტომაც იყო, ვუყურებდი როგორ მისრიალებდა ბურთი ჟელინსკისკენ და მიხაროდა, რომ კვარამ პირველივე შეხვედრაში გასცა პასუხი კითხვას, გადადის თუ არა ის თამაშის დროს ზედმეტებსა და დაუკრეფავში.

ზოგადად კი აი, რა მგონია: ყველა ფეხბურთელს თავისი სტილი აქვს, თავისი ძლიერი მხარე. კვარაცხელია სწრაფია და დაჟინებული, ინტენსიური ფეხბურთის მოყვარული. მას საუცხოოდ ეხერხება დრიბლინგი და ასეთი კაცისთვის თუ აპირებ თქმას, რომ ცრუმოძრაობებს მოუკლოს, მაშინ არ უნდა გეყიდა. შეიძლება ასწავლო, როგორ გაზარდოს მარგი ქმედების კოეფიციენტი და თუ ატყობს, რომ წინ ყველაფერი გადაკეტილია, მეტოქეების მოსატყუებლად აღარ დაიძრას, მაგრამ დრიბლინგს თუ მოუკლო, რა გაგიკეთოს? ერთ მეტრში მტკნარი პასები გადააწოდოს?

Calcio, Serie A - Verona-Napoli 2-5: Kvaratskhelia show all'esordio, gol e  assist per il georgiano - Eurosport

ჩემი აზრით, კვარაცხელიას ერთი-ორი შეცდომის ნებაც უნდა მისცე, რადგან მესამე ეპიზოდში იმას გაგიკეთებს, რისთვისაც გამოხვედი მოედანზე და დაფაზე მთელი ტაქტიკა დახაზე. და ამას რომ ვწერ ლუჩანო სპალეტის აუგს არ ვამბობ, რადგან მგონია, რომ სპალეტი სხვებზე კარგად ხვდება ყველაფერს და ჩემზე უკეთ იცის როდის რა უნდა მოიმოქმედოს. ისე კი, იცოცხლეთ, იმდენი ფეხბურთელი მინახავს მწვრთნელმა რაც ეხერხებოდა ის რომ შეუზღუდა, რაც არ ეხერხებოდა ის რომ დაავალა და… გააფუჭა. ქართველებიც მახსოვს, ასეთი.

რაც შეეხება გოლს, რომელიც კვარამ ვერონას გაუტანა, ის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჯერ ერთი ანგარიში გათანაბრდა და მეორეც, თავური იყო, თავით თამაში კი ნაპოლის 77-ე ნომერს ჯერ დასახვეწი აქვს. ტანმორჩილი ხომ არ არის, ახოვანი ბიჭია და თავისი უპირატესობა რატომაც არ უნდა გამოიყენოს?

ამრიგად, საოცნებო დებიუტი შედგა. ახლა ზურგის ქარი და ახალ-ახალი სიმაღლეების დაპყრობა გვჭირდება. ასე განაგრძე, ხვიჩა!