პირველი თამაში

ილია ბაბუნაშვილი პირველი თამაში
23:21 / 18 მაი 2022

პირველი თამაში რომელსაც სტადიონზე დავესწარით… ამას მხოლოდ გულშემატკივარი თუ გაიგებს. რა არ ხდება მერე ჩვენს თავს — კარგიც და ცუდიც; ვქორწინდებით, გვიჩნდება შვილები, გვტოვებენ ახლობელი ადამიანები, იცვლება ქვეყანა, იწყება და მთავრდება ომები, მაგრამ საკმარისია დადგეს მოგონების წამი, რომ სადღაც ჩვენს შიგნით, ძალიან ღრმად, რომელიღაც ფაილში შენახული განცდა აქტიურდება და გვიპყრობს. ის კი არა, თითქოს დროსაც უკან ახვევს. ხომ გქონიათ მომენტი, ამბავი გონებით კი არა, შეგრძნებით რომ გაცოცხლებულა; ძველისძველი შეგრძნებით, წესით რომ აღარ უნდა არსებობდეს.

ჩემი პირველი თამაშის ამბავი ცოტა უცნაურად გამოვიდა. იმის თქმა მინდა, რომ სტადიონის გვერდით ვცხოვრობდი, მაგრამ ფეხბურთზე ვერ დავდიოდი, რადგან დინამო რემონტში იყო. თამაშები ლოკომოტივზე იმართებოდა, ჩემი იქ წაყვანა კი კარგა ხანს ვერ მოხერხდა. საპროექტო ინსტიტუტი, რომელშიც მამა მუშაობდა ვაკის პარკთან იყო და წარმოიდგინეთ, საღამოს იქიდან შინ დაბრუნებულ, დაღლილ კაცს ჩემთვის ხელი უნდა მოეკიდა და ისევ იქ წასულიყო. ვერც მოასწრებდა. ვაკეში ჩემს მისაყვანად კი ოჯახში სხვას არავის ეცალა. ამიტომაც ვსხდებოდით მე და მამა ჩვენი შავ-თეთრი ტელევიზორის წინ და იქ ვუყურებდით დინამოს თამაშებს. ვუყურებდით მთელი განცდით, გულშემატკივრის შეუდარებელი ვნებით.

1975 წლის 31 აგვისტოს კი კვირა იყო, ზაფხულის მზით სავსე დღე. ქალაქში უცნაური მეტოქე, თურქეთის ტრაბზონსფორი ჩამოვიდა. ეს არც მოსკოვის ტორპედო იყო, არც ვოროშილოვგრადის ზარია და არც ერევნის არარატი. ეს იყო გუნდი უცხოეთიდან. მამამ ამ თამაშზე წამიყვანა.

მაშინდელმა ბავშვებმა ვიცოდით, რომ არსებობდა ასეთი რაღაც — უცხოეთი და იქ ადამიანები ცხოვრობდნენ. მაგალითად, ტელევიზორში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის კომპარტიის ლიდერი ერიკ ჰონეკერი გვყავდა ნანახი, რომელსაც ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევი სამჯერ კოცნიდა: აქეთ, იქით და ისევ აქეთ. თან ფაქტიურად ტუჩებში. მაგრამ, თურქები როგორები იყვნენ, არ ვიცოდით.

No description available.

ლოკომოტივის სტადიონი ქუჩაზე დაბლაა. მახსოვს, მამას რომ მივყავდი, ვცდილობდი თვალი არ გამქცეოდა და ტრიბუნაზე შესვლამდე არ დამენახა, როგორია მწვანე ბალახი, რომელზეც დიდ ფეხბურთს თამაშობენ. ეს ხომ ის მდელო არ იყო, ზაფხულობით, აგარაკზე მე თვითონ რომ დავრბოდი. ეს ნამდვილი ფეხბურთის მოედანი იყო.

მაინც ვერ გავუძელი ცდუნებას. მაინც გამეპარა თვალი. მაინც ნაადრევად დავინახე ნამდვილი საოცრება: მწვანე მოედანი და მის გარშემო აზიდული ტრიბუნები.

თურქები კი წვერიანი ხალხი აღმოჩნდა. რამდენიმე წვერ-ულვაშიანი ფეხბურთელი ჰყავდა ზოლებიან და რაღაცნაირ, არასაბჭოური ფერების ფორმაში ჩაცმულ ტრაბზონსფორს.

ჩვენ ის შეხვედრა 0:1 წავაგეთ. დინამო ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: დავით გოგია, დავით მუჯირი, რევაზ ძოძუაშვილი, ზორბეგ ებრალიძე (კაპიტანი), ნოდარ ხიზანიშვილი, გოჩა გავაშელი, მანუჩარ მაჩაიძე, ვახტანგ ქორიძე, ვლადიმერ გუცაევი, გოჩა მაჩაიძე და ზურაბ წერეთელი.

ამას კი მოჰყვა და მოჰყვა. მამამ შემდეგ თამაშზეც წამიყვანა, არარატთან, ხოლო 76-ში უკვე დინამო გაიხსნა და მას მერე თამაში წლობით არ გამიცდენია.

ჰოდა, რა ვიფიქრე იცით? იქნებ, ეს ბლოგი მარტო ჩემი არ იყოს და თუ თქვენი სურვილიც იქნება, ვინძლო კომენტარებში გაიხსენოთ თავად როდის დაესწარით ფეხბურთის მატჩს პირველად და რა იყო იმ დღეს ისეთი, გამორჩეული, ჯადოსნური-მეთქი. პირველ თამაშზე აუცილებლად მოხდებოდა რამე ჯადოსნური.