რა დიდია ლიპი… (ტაქტიკის ზეიმი. ერთი მატჩიც კმარა)

ილია ნანობაშვილი რა დიდია ლიპი… (ტაქტიკის ზეიმი. ერთი მატჩიც კმარა)
14:50 / 12 აპრ 2022

მარჩელო ლიპი იუბილარია. 74 წლის გახდა. მწვრთნელი, რომელმაც ყველაფერი მოიგო. არანორმალური შედეგებით, თავისი ჩემპიონთა ლიგითა და მსოფლიო ჩემპიონატით… და რაც მთავარია, ლიპის გუნდებს სასწაულად ეტყობოდათ მწვრთნელის ხელი.

ორად-ორი ჩავარდნა კარიერაში: ინტერში და იტალიის ნაკრებში უკვე 2010 წელს, როცა მისივე ხელში გამხდარი მსოფლიო ჩემპიონი ნაკრები ჯგუფში ჩარჩა (ვლადიმირ ვაისის სლოვაკეთთან წააგო გადამწყვეტი თამაში).

ლიპის ერთი მატჩი კი განსაკუთრებული იყო. ტაქტიკის ზეიმი…

  1. მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი გერმანისთან, როცა სკუადრა აძურამ 2:0 მოიგო.

მწვრთნელის ტაქტიკურად მოგებული თამაში რამდენიც გინდათ იმდენია, ზოგი აშკარად…  ლიპი გრძნობდა, რომ გერმანიაზე ძლიერი გუნდი ჰყავდა. იმ შეხვედრაში ნახევარდაცვის ფლანგებზე კამორანეზი და პეროტა ეყენა, მაგრამ ხშირ მონაკვეთებში ტოტი მარცხნივ იწევდა და ფრიდრიხთან უპირატესობას ქმნიდა, ხოლო პეროტა საყრდენად გვევლინებოდა და წინ პირლო მოქმედებდა.

გინახავთ მთლიანად შეტევაზე მომართული იტალია? თითქოს სიფრთხილე დაკარგაო, დამატებით დროში აშკარა გატანაზე წავიდა – არავითარი პენალტები! ალბათ, ლიპი და მთელი გუნდიც კარგად გრძნობდნენ, რომ სერიაში გერმანია გერმანიაა, ისტორია თავში ჰქონდათ ჩაბეჭდილი და ახსოვდათ მანამდე სკუადრას სამი წაგება სწორედ პენალტებში… (1990, 1994, 1998).

ლიპის ზეშემტევი შეცვლები:

74-ე წუთი: ტონის ნაცვლად ჯილარდინო

91-ე წუთი: კამორანეზის ნაცვლად იაკვინტა

103-ე წუთი: პეროტას ნაცვლად დელ პიერო

როგორც კი დამატებითი დრო უნდა დაწყებულიყო, ლიპიმ მესამე ფორვარდი შეიყვანა: იაკვინტა ოდნავ მარჯვნივ დააყენა, მაგრამ ის კამორანეზივით ნახევარმცველი არ იყო, თავდამსხმელი გახლდათ და ეს თქვენი პირველი რისკი. გაამართლა, იტალიამ უპირატესობა გაზარდა, სწორედ შეცვლაზე შესულებმა იაკვინტამ და ჯილარდინომ ძელს მოარტყეს ბურთი. გერმანიას გაუჭირდა.

რისკი მეორე: ეს 103-ე წუთზე ვნახეთ, როცა ლიპიმ პეროტას ნაცვლად… დელ პიერო შეიყვანა. აქ გაიზარდა გატუზოსა და პირლოს დატვირთვა. პირლო უფრო წინ გახლდათ და გატუზო საყრდენებიდან ლამის მარტო დარჩა. იტალია და ერთი საყრდენით როგორია?! პირლო ყველაფერს აკეთებდა, ლამის ოთხი ფეხი გამოიბაო და სასწაული მონაკვეთი ჩაატარა. პირველი საგოლე პასიც ხომ მან შეასრულა…

წარმოიდგინეთ, იტალიამ ბოლო 17 წუთი ამ შემტევი ოთხეულით ჩაატარა: ტოტი, დელ პიერო, იაკვინტა, ჯილარდინო. რისკი ძალიან დიდი იყო, უკან თავისუფალი ზონები არ დარჩენილიყო, მაგრამ ლიპიმ გათვალა, რომ ოთხეულს პლუს პირლო (5 კაცი) გერმანიას არ მოასვენებდა და მათ კონტრშეტევის თავი აღარ დარჩებოდათ.

საბოლოოდ, 119-ე წუთზე ფაბიო გროსომ გაიტანა და მერე დელ პიერომ დაამატა კლასიკურ კონტრშეტევაზე.