როგორ შეუძლია სანდრო მამუკელაშვილს ახალი ისტორია დაწეროს

ცხადაძე შალვა როგორ შეუძლია სანდრო მამუკელაშვილს ახალი ისტორია  დაწეროს
16:24 / 28 სექ 2022

დიახ! თქვენ წარწერას სწორად კითხულობთ ფოტოზე – სანდრო მამუკელაშვილს შეუძლია, ახალი ისტორია დაწეროს ქართულ კალათბურთში.

შეგახსენებთ, სანდრო ინდიანა პეისერსმა აიყვანა NBA-ის 2021 წლის დრაფტზე 54 პიკად და მილუოუკი ბაქსში გაუშვა. აქ კი მამუ იანის ანტეტოკოუნმპოს, ჯრუ ჰოლიდეის და კრის მიდლტონის გუნდელი გახდა.

ჩვენი ბიჭის მოკლე მონაცემები ასე გამოიყურება: 208სმ. 111კგ. 218სმ Wingspan. 275სმ Standing Reach. არის სწრაფი, მოქნილი, ფიზიკურად ძლიერი მაღალი კარგი მოხსნით, ბრწყინვალე დრიბლინგით, გადაცემებით და კარგი სროლით. ცოტა, სამუშაო აქვს დაცვაზე, რომელსაც უფრო და უფრო აუმჯობესებს და დაფარებებზე (რაც დღეს აუცილებლად სჭირდებათ ამ კონდიციის მოთამაშეებს).

მოკლედ რომ გითხრათ, ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების სრულყოფით სანდრო მამუკელაშვილი იქნება შეუცვლელი ცენტრი იანისის გვერდით, რადგან, ბერძენის სტილიდან გამომდინარე, ჭკვიანი 5 ნომერი, რომელიც მოქნილია, კარგად ისვრის და ხშირად შედეგიანად უტევს პერიმეტრიდან, ზედგამოჭრილი ფუფუნებაა ბაქსისათვის და ამ სცენარს წარმატების დიდი შანსი აქვს.

ჩათვალეთ, ასეთ სიტუაციაში, სანდროს მხოლოდ ფურცელზე ჰქვია ცენტრი, თორემ მაგ საქმეს იანისი ითავსებს, მამუ კი ძველი სტილის მძიმე ფორვარდის როლში გვევლინება, რაც, როგორც ,,Sixth Man-ის პოდკასტში” სტუმრობისას გვითხრა, მისთვის ძალიან კომფორტული სიტუაციაა.

მამუკელაშვილი წლიურად იღებს ნახევარ მილიონ დოლარს მილუოუკისგან. ეს არის ძალიან, ძალიან ცოტა, მითუმეტეს – მის კონკურენტ ბობი პორტისის ხელფასთან შედარებით (10-11 მილიონი დოლარი). სწორედ, პორტისის კონკურენციის გადალახვა უნდა იყოს ჩვენი ბიჭის ნომერ პირველი სტრატეგია და ამისთვის სულაც არ სჭირდება, რომ აჯობოს. მინიმუმ, ბობის ციფრებთან ახლოს მყოფი რომ დააფიქსიროს, ბაქსი აუცილებლად გაცვლის პორტისს და სახელფასო ჭერს მნიშვნელოვნად შეიმცირებს. ამას იმ გარანტიით გააკეთებს, რომ იგივე მონაგარის შემოქმედი (სანდრო), სულ რაღაც ნახევარ მილიონად ეყოლება. ასე მამუ გუნდის მთავარი ცენტრი გახდება სათადარიგოთა სკამიდან. შემდეგ კი მოუწევს, ბრუკ ლოპესი ჩაანაცვლოს და ძირითადი ხუთეულის ძლიერი წინახაზი შექმნას ანტეტოკოუნმპოსთან ერთად!

აქვე შეგახსენებთ, რომ მილუოუკი ბაქსი ანტეტოკოუნმპოს წლიურად 45-დან 50 მილიონ დოლარამდე უხდის. ამას დამატებული, კრის მიდლტონი და ჯრუ ჰოლიდეი მაქსიმალურ კონტრაქტებზე ჰყავს (30+ მილიონი ორივეს ცალ-ცალკე), რაც ლოგიკური საფუძველია, ვიფიქროთ, რომ გუნდის ხელმძღვანელობა სახელფასო ჭერის გამოთავისუფლებას სიხარულით შეხვდება.

ვიცი, რთულია ეს ყველაფერი, ფანტასტიკის სფეროსაც ჰგავს და ოცნებასაც, მაგრამ – რატომაც არა? ფაქტია, მამუს ეს ყველაფერი შეუძლია და, ჯერ, 23 წლისაა. რადგან თეორიული შანსი არსებობს, შეგვიძლია, ამ დონის პერსპექტივასაც ვუგულშემატკივროთ ფანებმა.

აღნიშნული წინახაზი იქნება ახლანდეზე კარგი (იანისი/ლოპესი)? – იქნება, რადგან სანდრო ბრუკზე ბევრად სწრაფი და მოქნილია, რაც ჰაერივით სჭირდებათ მილუოუკის, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ლოპესი ძალიან კარგი დამცველია – იმდენად კარგი დამცველი, რომ სანდროს აქამდე მისვლისათვის თავის გადადებაც კი მოუწევს. როგორც ცნობილი ქართული გამოთქმაა: ,,ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფია”. რაც შეეხება ბობი პორტისს, ის არ გახლავთ მაღალი დონის დამცველი, შეტევაში კი მას და სანდროს საკმაო მსგავსება აქვთ, ამიტომ მამუს მისი კონკურენციის ღირსეულად გადალახვის დიდი შანსი აქვს.

ყველაფერი უშუალოდ ჩვენი ბიჭის მონდომებაზეა დამოკიდებული. მათ შორის – ისიც, თუ როგორ დაიმკვიდრებს თავს და მოიპოვებს მეტ სათამაშო დროს მწვრთნელ მაიკ ბადენჰოლცერისგან. საბედნიეროდ, მილუოუკი ბაქსი არ არის ინდიანა პეისერსი, სადაც წესიერად არც იციან, რას აკეთებენ და გოგა ბითაძეს, უბრალოდ, არ დააცადეს თამაში…

Sixth Man და ლიდერსპორტი კიდევ ერთხელ უსურვებს სანდრო მამუკელაშვილს უდიდეს წარმატებას!

Sixth Man-ის ბლოგი ავტორი – პაატა წამალაშვილი