რ.დ.გ.

ილია ბაბუნაშვილი რ.დ.გ.
11:11 / 12 ნოე 2021

შენ მიდი, ჯიგრით ითამაშე, შენი გასაკეთებელი გააკეთე და დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება! — ამ სიტყვებს ბოლო თვის თუ კიდევ უფრო მეტი ხნის განმავლობაში თითქმის ყოველ ბლოგში ვიმეორებდით და ცამდე მართლები რომ ვიყავით, წინა თვეში, კოსოვოში ხომ გამოჩნდა, ბათუმში კი, შვედებთან, ვეებერთელა ძახილის ნიშნით დამტკიცდა.

საქართველო 2:0 შვედეთი

მადლობა, ბიჭებო. მადლობა და გილოცავთ. ამ ეტაპზე თავდადებაზე უკეთესს მართლა ვერაფერს გააკეთებდით. ბავშვები ხომ არ ვართ, თავი მოვიტყუოთ, რომ დღეს საუკეთესო გუნდების დონეზე შეგვიძლია თამაში, მაგრამ საუკეთესო გუნდებთან უშიშრად ბრძოლა, მხრის ჩადგმა, ფეხებში ჩავარდნა და კარში გაბედულად დარტყმა ნამდვილად მოგვეთხოვება და როგორც არაერთხელ გვითქვამს, ამას ხალხი ყველა ვარიანტში დაინახავს და დააფასებს. როგორც გამოჩნდა, არა მარტო ხალხი; ტაბლოც…

აი, ასეთ შემთხვევებში წერდნენ მათემატიკის მასწავლებლები ფორმულებით და რიცხვებით გავსებული დაფის ბოლოში სამ ქართულ ასოს: რ.დ.გ. ანუ რისი დამტკიცებაც გვინდოდა.

და კიდევ ერთი: ბრავო, ხვიჩა! დღეს, საქართველოს ნაკრების თამაშს კვარაცხელია ამწვავებს. ჰოდა ვაი, ყველა იმ საფეხბურთო მოხელის თუ ჟურნალისტის პატრონს, ვინც ამ ბოლო დროს რუსული მედია გააჯერა ზღაპრებით ამ ბიჭის გაუფერულების შესახებ. ნირი წაუხდაო. ის ხვიჩა აღარ არისო. შვედეთთან კი გამოჩნდა, რომ სწორედ ის ხვიჩაა, მხოლოდ სწორი მიდგომა სჭირდება და… უბრალოდ, გაიზარდა ბიჭი, მის კარიერაში ახალი ეტაპი მომწიფდა, რაშიც გასაკვირი არაფერია. ეს ძალიან ჩვეულებრივი, ნორმალური ამბავია, ეს ცხოვრებაა რომელსაც ლამის პოლიტიკურ რანგში აყვანა არ სჭირდება. ერთი ეგ არის, ფეხბურთში მოტრიალე ხალხს მაინცდამაინც არ ვენდობი და ამიტომ ღმერთს ვთხოვ, ამ ნიჭიერ ახალგაზრდას გზა აპოვნინოს.

Image 28

შვედეთთან მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ვილი სანიოლს უთხოვია, კვარაცხელიას ირგვლივ აჟიოტაჟს ნუღა ატეხთ, ავნებსო. არავითარი აჟიოტაჟი. უბრალოდ, შეხვედრაში, რომელსაც მიმოვიხილავთ მან ორი გოლი გაიტანა და ერთიც სახიფათოდ დაარტყა —მეკარე რობინ ოლსენმა იხსნა კარი, თორემ ულამაზესი გოლი გადიოდა. რაც ვთქვი, ამაზე მოკრძალებულად თქმა შეუძლებელია. თვალს ჩავუკრავდი მრავალმნიშვნელოვნად, მაგრამ ტექსტიდან არ გამოჩნდება.

მაგრამ, მოედანზე მარტო კვარაცხელია არ იყო. მოედანზე იყო გუნდი, რომელსაც ჰიმნიდანვე შეეტყო, რომ თავდადებით აპირებდა თამაშს. მოედანზე იყვნენ ვეტერანები, გიორგი ლორია და გურამ კაშია, რომელთაც მაღალი ხარისხის ფეხბურთი აჩვენეს. თან თუ გავითვალისწინებთ, რომ შვედებს თავდასხმაში ალექსანდერ ისაკი და ბებერი, მუდამ გაფხორილი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჰყავდათ, უნდა ითქვას, რომ ჩვენი გუნდის დაცვამ… უფრო სწორად, ჩვენმა გუნდმა დაცვაში, კარგად ითამაშა. პლუს, ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების უკანა ხაზში მტკიცედ იდგა იღბალი. მის წინააღმდეგ კი გინდა ზლატანი გამოიყვანე და გინდა სხვა ვინმე.

იყო კიდევ ერთი მომენტი, შვედების შეტევები, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, ნაირფეროვნებით არ გამოირჩეოდა და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს იბრაჰიმოვიჩის ფაქტორით იყო განპირობებული — სტუმრები მისი სიბერეში დაკარგული სისწრაფისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით აწყობდნენ თავიანთ თამაშს, თუმცა მოდი ამ თემას შევეშვათ. ამაზე თავად შვედებმა იდარდონ.

Image 63

მსურს გამორჩევით შევაქო ირაკლი აზაროვი და რატომ იცით? იმიტომ, რომ საქართველოს ჩემპიონატიდან არის, საქართველოს ჩემპიონატი კი დაბალი დონისაა. მაგრამ ირაკლიმ ნიუკასლის, ანდერლეხტის, ლაიფციგის, მილანის, სოსიედადის, იუვენტუსის და სხვა ევროპული გუნდების ფეხბურთელებს ტოლი არ დაუდო. გული ერჩოდა. ღონეც. დაიღალა, მაგრამ ბოლომდე დაიხარჯა და სწორედ ეს არის ის მთავარი რამ, რასაც დასაწყისში ვამბობდით.

თუმცა, ჩვენს ფეხბურთელებს ასე ცალ-ცალკე რომ ჩამოვყვეთ, სიტყვა ძალიან გაგვიგრძელდება. რომ შევაჯამოთ, კარგი იყო ნახევარდაცვა, ცხრა პირი ოფლი ღვარეს თავდამსხმელებმა… და ამ შეხვედრისთვის ვერც ვილი სანიოლს ვკადრებთ აუგ სიტყვას. ცალკეული ეპიზოდების გარდა, როდესაც გუნდი გაწყდა და ჩავარდა, ვფიქრობთ ის კარგად იყო დალაგებულ-დაბალანსებული.

მოკლედ, შესარჩევი ციკლი მაჟორულ ნოტზე დავასრულეთ, რაც სასიხარულოა, მაგრამ დასასრულ მაინც ვერ ვითმენ რომ არ ვიკითხო: ის რა ჯანდაბა იყო სექტემბერში, კოსოვოსთან და ესპანეთთან?

Image 119