საკა? ხუმრობ?

ზაალ მუჯირი საკა? ხუმრობ?
16:06 / 24 ივნ 2021

კი ბატონო, ინგლისის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამიდან ორი მატჩი მოიგო, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინლში გავიდა. მაგრამ…

მაგრამ, თამაში? ინგლისელებმა სამივე მატჩი მშობლიურ უემბლიზე ჩაატარეს და მხოლოდ ორი გოლი გაიტანეს. მათი მოქმედება უიდეო და არაფრისმთქმელი იყო. მხოლოდ ერთი ტაიმი გახლდათ აქედან გამოსარჩევი – ჩეხეთთან.

სწორედ ჩეხეთთან თამაშის წინ, რამდენიმე საათით ადრე, როცა გუნდების შემადგენლობები გახდა ცნობილი, გულშემატკივრები ერთმა გვარმა გააოცა: საკა სასტარტოში? ხუმრობთ? არც რაშფორდი, არც ფოდენი, არც სანჩო… გაგიჟდა საუთგეიტი? – წერდა ერთი გულშემატკივარი ტვიტერში.

Arsenal: Bukayo Saka display for England nothing new

19 წლის არსენალელი საკა შესაძლოა, საერთოდ ვერ მოხვედრილიყო ევროზე, ადრინდელივით 23 კაციანი რომ ყოფილიყო განაცხადი. ახლა კი პანდემიის გათვალისწინებით 3 მოთამაშე დაამატეს და ყველა მონაწილემ ტურნირზე 26 მოთამაშე იახლა.

საუთგეიტმა მას თვალი წლეულს 15 აპრილს დაადგა, როცა ევროპა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში, არსენალი სტუმრად პრაღის სლავიას ეთამაშებოდა. საკამ მაშინ სასწაულები აკეთა, გოლიც შეაგდო, პენალტიც მოინადირა და მეტოქე მცველები ხომ გააწამა… არსენალმა ის თამაში 4:0 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მომავალ გამარჯვებულ ვილიარეალთან დამარცხდა.

ჩეხეთთან მისი თავიდანვე მინდორზე გამოჩენა მართლაც უჩვეულო იყო, მაგრამ დაიწყო თამაში და ეს 19 წლის ბიჭი ლამის გუნდის ლიდერად მოგვევლინა. ყველა კომბინაციაში მონაწილობდა. მე-12 წუთზე კი მის მშვენიერ დრიბლინგს მოჰყვა სტერლინგის ერთადერთი გოლი. ამ ეპიზოდში არც გრილიშის საფირმო ჩაკიდებაც უნდა დაგვავიწყდეს, მაგრამ სული ამ ეპიზოდს სწორედ საკამ შთაბერა.

Why isn't Saka playing for England? "I'm a little bit surprised" - Just Arsenal News

„საკა მართლაც შეუდარებელი იყო. მას ორივე ფრთაზე თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში და რთული ვითარებებიდანაც გონივრულად ახერხებს გამოძრომას“, – თქვა შემედეგ საუთგეიტმა.

ადრე სამი ლომის ქომაგებს უემბლის გვერდით გაზრდილი ერთი ბიჭი უყვარდათ. რაჰიმ სტერლინგი ბავშვობაში ძალიან ახლოს ცხოვრობდა ლეგენდარულ სტადიონთან. ახლა კი მას საკაც დაემატა. ისიც უემბლისუბნელია და გრინფორდის სკოლაში სწავლობდა, რომელიც სტადიონის სიახლოვესაა.

მისი სახელი – ბუკაიო, ნიგერიულ წარმოშობაზე მიუთითებს. იორუბას ტომიდან მომდინარეობს და ბედნიერების დამატებას ნიშნავს.

საკამ მართლაც დაუმატა ინგლისის ნაკრებს ბედნიერება. „უემბლი სწორედ ჩემი ძველი სახლის გვერდითაა. იმის მოსმენა კი, თუ როგორ სკანდირებდნენ ქომაგები ჩემს სახელს, სასწულს ჰგავდა“, – თქვა მერე საკამ.

ეს პირველი შემთხვევა გახლდათ, როცა ჭაბუკი მაყურებლების თვალწინ თამაშობდა უემბლიზე ინგლისის ნაკრების მაისურით. მანამდე მას სამჯერ ეთამაშა ლეგენდარულ სარბიელზე უელსის, ირლანდიისა და ისლანდიის ეროვნული გუნდების წინააღმნდეგ, მაგრამ უმაყურებლოდ.

საკას პროგრესი აშკარაა და ტურნირის განმავლობაში ის აუცილებლად მოხვდებოდა ერთხელაც სასტარო შემადგებლობაში, მაგრამ ჯგუფურ ეტაპზე ამას არავინ ელოდა,

Saka thriving as Arsenal's attacking full-back

წარმოიდგენეთ, ორი წლის წინათ, არსენალმა 72 მილიონ გირვანქად იყიდა გარემარბი ნიკოლა პეპე. მაგრამ მალე კლუბის აკადემიის აღზდილმა, საკამ ძირითადში ადგილი „წაართვა.“

თუ საუთგეიტი შემდეგ მატჩშიც ამ განლაგებას მიმართავს, შეიძლება ძირითადში ადგილი მეისონ მაუნტმა დაკარგოს, რომელსაც კოვიდიზოლაციის ვადა გერმანიასთან მატჩამდე 17 საათით ადრე უმთავრდება. ამიტომ საკას ამჯერადაც პირველივე წუთებიდან უნდა ველოდოთ მინდორზე. თუ არა და, ახლა იტყვიან: საკა არ არის? ხუმრობ?