საქართველოს ნაკრების სადავო ფორმულა

ილია ბაბუნაშვილი საქართველოს ნაკრების სადავო ფორმულა
16:30 / 29 სექ 2022

ვიცი, საქართველოში ზეიმის დროა, რადგან ჩვენმა ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფში გაიმარჯვა და C-დან B საფეხურზე აინაცვლა. მე ისიც ვიცი, რომ გუნდი ევრო 2024-ის ალტერნატიული შესარჩევის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ყაზახეთს უმასპინძლებს. ახლა მოუთმენლად ველი 9 ოქტომბერს, ტრადიციული შესარჩევის წილისყრას. როგორც ყველა ქართველი ვფორიაქობ, მომავალს იმედით ვუყურებ.

კიდევ, მე ვიცი, რომ საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ 11 შეხვედრაში არ წააგო, რაც რეკორდია. ვიცი აგრეთვე, რომ ამ თერთმეტი შეხვედრიდან 9 მოვიგეთ და 2 ფრედ ვითამაშეთ. 22 გავიტანეთ და მხოლოდ 4 გავუშვით.

ვიცი, რომ შთამბეჭდავად დავამარცხეთ ბულგარეთი ბულგარეთში (5:2) და ჩრდილოეთ მაკედონია ჩრდილოეთ მაკედონიაში (3:0). ვიცი რომ გვყავს ხვიჩა კვარაცხელია, რომელთან ერთადაც დავფრინავთ — ის ნაკრებსა და ნაპოლიში, ჩვენ მეცხრე ცაზე.

Image 16

არადა, მახსოვს როგორ ვოცნებობდი იღბალზე. ვნატრობდი მას ოდესმე ჩვენი ნაკრებისთვისაც გაეღიმა და ბურთი თუნდაც შემთხვევით ჩვენს კი არა, მეტოქის კარში შევარდნილიყო. მინდოდა, თუ კარგად ვერ ვითამაშებდით მაინც მოგვეგო. მინდოდა მსაჯს თუნდაც ერთხელ მოწინააღმდეგის სასარგებლოდ კი არა, ჩვენს სასარგებლოდ შეშლოდა.

ეს ყველაფერი კარგად მახსოვს და კარგად ვიცი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ბოლო ორ შეხვედრაში, ჩრდილო მაკედონიისა და გიბრალტარის კარში გატანილი ოთხი გოლიდან ერთი ავტოგოლი იყო, მეორე მაკედონიელთა ცენტრალური მცველის უხეში შეცდომის გაგრძელება, მესამე კვარაცხელიას ინდივიდუალური აფეთქებით მოპოვებული პენალტის შედეგი და მეოთხე გიორგი წიტაიშვილის ასევე ინდივიდუალური გარღვევის დაგვირგვინება — გუნდური კომბინაციით ერთიც არ გაგვიტანია.

ვიცი, რომ თბილისში მაკედონია გვიტევდა, ჩვენ დაცვაში ვიდექით და კონტრშეტევაზე ვთამაშობდით, ხოლო მატჩის შემდეგ ვილი სანიოლმა თქვა, რომ თურმე ასეთი გეგმა არ გვქონია. თურმე ბურთის ფლობას თავად ვაპირებდით, მაგრამ მეტოქის ჩანაფიქრი ვერ ამოვიცანით და ამიტომ მოედანზე, თამაშის პროცესში მოგვიწია გამოსავლის ძებნა. მოკლედ, როგორც გამოვიდა, ისე გამოვიდა (იხ. ზემოთ ნანატრი იღბალი).

Image 59

ვიცი, რომ გიბრალტარში ძალიან სუსტმა მეტოქემ, რომელიც შვიდი-რვა ნომინალური მცველით თამაშობს, ბოლო ოცი წუთის განმავლობაში საჯარიმოს მიგვაჯაჭვა, გოლი გაგვიტანა და კინაღამ მეორეც შეგვიგდო. მერე იქაურ გაზეთში წავიკითხე, ამ თამაშმა ჭკუა უნდა გვასწავლოს და მეტოქეს უფრო გაბედულად უნდა შევუტიოთ, საქართველოსთან გამოჩნდა, რომ მოგება შესაძლებელიაო.

სამაგიეროდ, არ ვიცი რატომ გამოცვალა მწვრთნელმა თამაშის დამთავრებამდე 18 (პლუს მსაჯის დამატებული 7) წუთით ადრე კვარაცხელია, რომელიც, როგორც კიდევ ერთხელ გაირკვა, მეტოქის მთავარი შემაკავებელი ფაქტორი და ჩვენი ერთადერთი აღმაფრენა ყოფილა. მართალი რომ გითხრათ, ვერც ის გავიგე, რატომ მიაჩნია საქართველოს ნაკრების თავკაცს ლა ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე, საქართველოს 2021-22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი მხოლოდ ჩრდილო მაკედონიელთა დარტყმების მომგერიებლად. გიბრალტართან შეხვედრის პირველი ტაიმის ბოლო გიორგი ლორია რომ არ დაშავებულიყო, მამარდაშვილი 2022 წელს ერთა ლიგაში მხოლოდ მაკედონიასთან ნათამაშები ორი თამაშით დაასრულებდა. არადა, კაცის სატრანსფერო ფასი 20 მილიონი ევროა. მასზე ძვირი მარტო ხვიჩაა, თავდამსხმელი. გამოითქვა აზრი, ახალგაზრდა გოლკიპერს ძირითადს ნელ-ნელა აჩვევენო. ბილბაოს, რეალის და ბარსელონას დარტყმებს მიჩვეულ მეკარეს გიბრალტართან შინ ან სტუმრად შეხვედრაში ფრთხილად შეყვანა რად სჭირდება, გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ ვხვდები. ბოლოს და ბოლოს მასა და ლორიას შორის ერთა ლიგის ექვსი შეხვედრის თანაბრად განაწილება მაინც ხომ შეიძლებოდა. არ დაგვავიწყდეს, რომ უცხოურმა სააგენტოებმა ჩრდილო მაკედონიასთან თბილისურ შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა სწორედ მამარდაშვილს დაუწერეს.

 

Image 55

მე ვიცი, რას ამბობს ხალხი. ხალხი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრების გამოცოცხლება ერთმა კაცმა, ხვიჩა კვარაცხელიამ განაპირობა და მიმაჩნია, რომ ეს აზრი ჭკუასთან ძალიან, ძალიან ახლოს არის. მავანმა ასეთი ფორმულაც კი დაწერა: სანიოლს – კვარა = ვაისს.

მაგრამ მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. იმიტომ, რომ ჩვენმა გუნდმა ერთა ლიგის ჯგუფი მოიგო, ნახევარფინალში გავიდა, ზედიზედ 11 თამაშია არ წაუგია… ვილი სანიოლი კი უკიდურესად პოზიტიურ ადამიანად მიმაჩნია, რომლის ხელშიც გუნდში ერთსულოვნება სუფევს, რომელმაც გაბედა და როდესაც ოთხმცველიანი დაცვით ვერ ივარგა, სამ მცველზე გადაეწყო, გუნდი გადაალაგა, მდგომარეობა გამოასწორა. და მაინც მეტია საჭირო. წინ ევრო 2024-ის შესარჩევი და B ლიგაა, უფრო მაღალი დონის შეჯიბრებები. ჰოდა, ვაითუ კვარაცხელია თამაშის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე გიბრალტართან კი არა, ვინმე სხვასთან გახდეს შესაცვლელი.