საჭიროა ორი ფეხი

ილია ბაბუნაშვილი საჭიროა ორი ფეხი
18:20 / 21 სექ 2022

ნაპოლი კარგია, ვალენსიაც, ბორდოც, მაგრამ საქართველოს ნაკრებთან ყველა გაცრეცილია. კი ბატონო, ფეხბურთს ეს გუნდები უკეთესად თამაშობენ, ოღონდ ეგ უკეთესად მოთამაშე ნაპოლი შეცვლის თუ არა კვარაცხელიას, აღარ მაინტერესებს. უფრო სწორად კი მაინტერესებს, მაგრამ ჩემი აღტაცება მკვეთრად იკლებს. ათბალიანი ემოცია სამამდე ჩამოდის.

და საქართველოს ნაკრები? აი, საქართველოს ნაკრები ცუდ წლებშიც პირველიდან ოთხმოცდამეათე წუთამდე მაღელვებდა. ხან ვწუხდი, ხან ვილანძღებოდი, ხან მიხაროდა. ბევრჯერ მითქვამს, ალბათ ეს თამაში გარედან რა მოსაწყენი სანახავია მეთქი, მაგრამ მაინც ფრჩხილებს ვიკვნეტდი. „შიგნიდან“ ვერ ვგრძნობდი თამაში მოსაწყენი რომ იყო და იმიტომ. ეს ხომ საქართველოს ეროვნული გუნდი იყო. თამაშის დაწყების წინ ხომ ჩემი ქვეყნის ჰიმნს უკრავდნენ.

 

Image 17

ახლა საქართველოს ნაკრები ძველებურად უკბილო გუნდი აღარ არის, რაც ახალი თაობის დამსახურებაა. ახალი თაობისა და ვილი სანიოლის. მთავარი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაა, ოღონდ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ხვიჩას სიყვარულით ფეხბურთი სპორტის ინდივიდუალურ სახეობად გამოვაცხადო. დამსახურებას არავის დავუკარგავ. ფეხბურთი ყოველთვის გუნდური სახეობა იყო, არის და იქნება.

ხვიჩაზე ერთსაც ვიტყვი. ხომ ნახეთ, როგორ გაიყიდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშის ბილეთები? განა დიდი მიხვედრა უნდა, რომ ეს დიდწილად კვარას გამო მოხდა? ცხადია, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ვშიშობ, ქომაგობაში გამოუცდელ ყმაწვილთა შორის ბევრი გამოჩნდება პირდაპირ მოედანზე ჩახტომისა და ავტოგრაფის ან ხვიჩასთან სელფის გადაღების მსურველი და ემანდ რამე ფარსაგს არ ვეწიოთ. იქ, ევროპაში ყველამ კარგად იცის, რომ ავტოგრაფზე აეროპორტში, ბაზასთან ან სტადიონის შესასვლელთან უნდა ინადირო, ვარსკვლავებს მონატრებულ ქვეყნებში კი ათასი არასწორი რამ ხდება. იყო დრო, საქართველომ ამ ამბის ქიციც იცოდა და ქიცმაცურიც (ეპოქის შესაბამისად, რასაკვირველია), მაგრამ მერე დიდი და ცუდი წყვეტა გვქონდა. ტრიბუნიდან ორლიტრიან კოკა-კოლებს ვისროდით.

Image 28

პირადად მე კიდევ ერთი სურვილი მაქვს: მინდა ჩვენი ნაკრების კარი 2021-22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა გიორგი მამარდაშვილმა დაიცვას. განა ლორიას საწინააღმდეგო მაქვს რამე, პირიქით ქება და დიდება გიორგის, მაგრამ მამარდამ ორშაბათს საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიიღო, ხოლო ერთი დღით ადრე ვალენსიამ 2027 წლამდე კონტრაქტი გაუფორმა და გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევრო(!) დაუწესა.

თუმცა, ისიც ვიცი, რომ ვინ ითამაშებს და ვინ არა, ამას მწვრთნელი წყვეტს და ისიც, რომ ჩემთვის, ისევე როგორც თქვენთვის მთავარი შედეგია. მომდევნო ორი შეხვედრის ანგარიშს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. არითმეტიკულად, მაკედონიელებთან 0:3 წაგებაც ჩვენია. სტუმრად 3:0 გვაქვს მოგებული და მარცხის შემთხვევაში ქულებით გავსწორდებით, რის შემდეგაც ურთიერთ შეხვედრებს დაგვითვლიან. თუ აქაც ფრე იქნება, მერე გატანილ-გაშვებულთა საერთო ბალანსს ჩახედავენ, სადაც უპირატესობა ისევ ჩვენია, მაგრამ ღმერთო შენ დაგვიფარე ასეთი სირცხვილისგან. პარასკევს შინ 0:3 თუ წავაგეთ და ჩათვალეთ, რომ ზემოთ, ახალ თაობასა და ვარსკვლავებზე რომ ვლაპარაკობდი, „ნიჩურტა“ მეჭირა.

ბოლო თამაში კი 26 სექტემბერს სტუმრად გვაქვს გიბრალტართან და ერთი წამით არ უნდა გვეგონოს, რომ ცალი ფეხითაც გავიმარჯვებთ. ორი ფეხი და ნამდვილი მონდომება იქნება საჭირო. არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა არ გაგვაჩნია.

Image 37