სიგიჟე და ცრემლები… გ ა ზ ა!

ილია ნანობაშვილი სიგიჟე და ცრემლები… გ ა ზ ა!
14:03 / 27 მაი 2022

პოლ გასკოინი 55 წლის გახდა. ორჯერ ხუთოსანია. ერთ-ერთი უნიჭიერესი ინგლისელი ნახევარმცველი. დღესაც თვალწინ მიდგას 1990 წლის მუნდიალის ნახევარფინალი, გერმანიასთან… გაზა საუკეთესო იყო მინდორზე და იშვიათად მინახავს ფეხბურთში ისეთი გამწარებული სახე, ყვითელი ბარათის მერე რომ მიიღო. ეს ნიშნავდა, რომ ინგლისის ფინალში გასვლის შემთხვევაში, ინგლისელთა ტვინი ვერ ითამაშებდა. ვერ გავიდნენ.

ის ცრემლები და ის თამაში… გასკოინი და გამოუყენებელი ტალანტი სინონიმებია. ახლა ათასჯერ გადაღეჭილ მის ცხოვრებაზე არ დავწერთ. ყველამ იცის ლოთ-შფოთური ამბები.

გაზა ის კაცია, სერ ალექს ფერგიუსონმა რომ თქვა: „ყველაზე მეტად რომელ ფეხბურთელზე მწყდება გული, რომ ვერ გადმოვიყვანე? პოლ გასკოინზე. ჩვენ შეთანხმებულები ვიყავით და შვებულებაში გავედი. რამდენიმე დღეში კი გავიგე, რომ ბიჭი „ტოტენჰემში“ გადავიდა. საქმე ისაა, რომ ტოტენჰემელებმა დედამისს 80 000 გირვანქად სახლი უყიდეს. არ მჯეროდა…მერწმუნეთ, ჩვენთან რომ გადმოსულიყო, სულ სხვა კარიერა ექნებოდა“.

მოგვიანებით კი გასკოინმა ორიგინალურად თქვა:

„რიო ფერდინანდი დოპინგ-ტესტს დაემალა, ერიკ კანტონამ გულშემატკივარი ტყუპი წიხლით სცემა, უეინ რუნი ბებერ ქალთან დაძვრებოდა… ვერაფერს იტყვი, მამჩესტერში გადასვლა მშვენიერი პერსპექტივა იყო“.

გასკოინს მაგარი ენა აქვს… დიეგო მარადონა რომ გარდაიცვალა, მალე ერთ-ერთ ტელეარხზე ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები ჰყავდათ მიწვეული. მეკარე შილტონმა თქვა, დიეგოს იმ გოლს ვერასოდეს ვაპატიებ, ხელით რომ გამიტანაო.

გაზამ სიცილით თქვა: „შილტი, სწორედ იმ გოლმა გაგხადა უფრო პოპულარული…“

გასკოინის საკლუბო კარიერა მისი კლასის ექვივალენტური კი არა, ნახევარექვივალენტურიც ვერ იყო.

სნუკერში მსოფლიოს 6-გზის ჩემპიონმა რონი ო’სალივანმა თქვა, პოლ გასკოინთან ნიჭით მე ახლოსაც ვერ მივალო…