სიხარულის გემო

ილია ბაბუნაშვილი სიხარულის გემო
14:39 / 18 ნოე 2021

განსხვავებულს ვერაფერს ვიტყვი. ზედიზედ სამი თამაში მოვიგეთ და მიხარია. მიხარია, რომ სამიდან ორი ოფიციალური შეხვედრა იყო, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი; მიხარია, რომ პირველი კოსოვო გავამწარეთ, რომელიც ისე გათავხედდა, რომ ეგონა ჩვენთვის აუცილებლად უნდა მოეგო. მწვრთნელიც კი მოხსნეს, ვიღაც საქართველოსთან როგორ დამარცხდიო; მიხარია, რომ ძლიერი შვედეთი დავამარცხეთ. მართალია, ცინიკოსები ამბობენ, იღბალი და კვარაცხელია დაგვეხმარნენ, თორემ ვერ მოვუგებდითო, მაგრამ ამაზე მარტივი პასუხი მაქვს: იღბალიც ჩვენია და კვარაცხელიაც. სულ უიღბლოდ ხომ არ ვიქნებით; მიხარია, რომ უზბეკებთან შედარებით ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მაინც გავიმარჯვეთ. ხანდახან ცუდი თამაშითაც უნდა მოიგო.

Image 3

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა 2021 წელი დაასრულა და მე, ისევე როგორც ქართველ გულშემატკივართა სრული უმეტესობა, მომავალს იმედით შევყურებ. შესაძლოა ცოტა გულუბრყვილოდ მომდის, მაგრამ დღეს თავად მინდა რომ გულუბრყვილო ვიყო. სიხარული მინდა შევირგო, დავაგემოვნო.

„მამაო ჩვენოსავით“ ვიცი, რომ სანამ ბავშვთა ფეხბურთს არ მიჰხედავენ, კერძო სექტორს არ დააინტერესებენ და ნაკრები სწორად აღზრდილი ახალი თაობით არ შეივსება, მანამდე ქართულ ფეხბურთს დიდი შედეგების მიღწევა გაუჭირდება, მაგრამ ახლა ამაზე ჩივილის განწყობა არ მაქვს. ახლა მიხარია, რომ ჩვენმა ბიჭებმა ბოლო თამაშებში ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნეს და ფორტუნამ ეს დაუფასა.

მართალი გითხრათ, უზბეკებთან ამხანაგურ შეხვედრაში უარესს ველოდი. შვედებთან გამარჯვება იმდენად სასიხარულო იყო, რომ მეგონა ემოციურად დაცლილი ბიჭები ამ თამაშში მობილიზებას ვეღარ შეძლებდნენ.  მაინცდამაინც ვერც შეძლეს, დაცვაში ყურადღება ეფანტებოდათ. ცოტა გათამამდნენ კიდეც, მოედნის შუაში რამდენიმე სარისკო „ქუსლურის“ შესრულება მოინდომეს — 70-იანი და 80-იანი წლების გულშემატკივარი ამას „პრაფესორობას“ ეძახდა — მაგრამ გაგვიმართლა, რომ მეტოქე ძლიერი გუნდი არ იყო. მონდომებული იყო, მაგრამ ძლიერი – არა.

Image 68

ძალიან გამიხარდა ბოლო ორ შეხვედრაში ირაკლი აზაროვმა და დავით ვოლკოვმა რომ იყოჩაღეს. განსაკუთრებით აზაროვს გამოვარჩევდი. რასაკვირველია, მის ყოჩაღობაში უზბეკეთთან გაძევებას არ ვგულისხმობ. მეტოქემ ითავხედა, ირაკლის ყელში წვდა და მანაც უპასუხა. რა სჯობდა, წაქცეულიყო და მსაჯის დასანახად ეგორავა? არა, რასაკვირველია. ყველაფერს აჯობებდა, მოეთმინა. ასეთ დროს ისე მოქცევა სჯობს დიდი, ძლიერი ნაგაზები პატარა ავი ძაღლის სასაცილო ყეფაზე რომ იქცევიან.  მაგრამ რაც მოხდა, მოხდა. დღეს ხომ არ ვბუზღუნებთ.

ვილი სანიოლი კი ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს და ვიღაცას არა, მაგრამ დღეს მის გაშვებაზე ლაპარაკი შარიანობა მგონია. ფრანგმა გუნდი ჩაიბარა თუ არა, საინტერესოდ ათამაშა. ერთი ეგ არის, პირველ ეტაპზე არ გაუმართლა. ხან ესპანელმა ოლმომ დაარტყა ბოლო წამს ზუსტად (გეგონება ცხოვრებაში არ აუცილებია), ხან ბერძნებთან გვაქცია იღბალმა ზურგი… რას იზამ, ყველაფერი მწვრთნელზე ხომ არ არის დამოკიდებული; სექტემბერში კი საშინლად ჩაფლავდა. ის სიმწარე კიდევ ვერ გადამიყლაპავს და მაინტერესებს რა მოხდა ასეთი; ოქტომბერ-ნოემბერში კი საინტერესო თამაშიც გვანახა და შედეგიც დადო.

Image 10

ვიცი, ბევრის აზრით სინამდვილეში საქმე გაცილებით მარტივად არის: თუ კვარაცხელია ფორმაშია — ვიგებთ, თუ ვერ არის ფორმაში ან დაშავებულია — ვაგებთ. სოციალური ქსელები გადავსებულია ამ მოსაზრებით, მაგრამ საკითხის ასე გამარტივება არ ღირს. ასე თავის დროზე მესიზე ლაპარაკობდნენ და ისიც რამდენად სწორი იყო, კაცმა არ იცის.

კვარა კი, რასაკვირველია ჩვენი იმედი, ჩვენი საყვარელი ბიჭი და ვარსკვლავია. ღმერთმა ქნას სულ ფორმაში იყოს და მომავალში შეკრებებზე თათრეთის დედაქალაქიდან კი არა, მოწინავე ევროპული კლუბიდან ჩამოდიოდეს.

გაიზარდა კაცი. ახალი ასპარეზი სჭირდება!

Image 59