სულის სიძლიერე!

ილია ბაბუნაშვილი სულის სიძლიერე!
15:58 / 24 მარ 2022

იცით, როგორები არიან ქართველი ჩემპიონები? მოდი, ერთი ამბავი გავიხსენოთ. ის დღევანდელობასთან თითქოს არაფერ შუაშია, მაგრამ იმას, რაზეც გვიამბობს დროის ფუნქცია არა გააჩნია.

ამბავი ასეთია: ატლანტის 1996 წლის ოლიმპიადის წინ ჩვენს ძალოსანს გიორგი ასანიძეს მხარი ტკიოდა. სამი თვე იმკურნალა მოსკოვში, იქაურ ნაქებ ექიმებთან მაგრამ ვაგლახ, მაინც დასჭირდა ოპერაცია. როდესაც მოშუშდა, პოლონეთს გაემგზავრა, ქართული ძალოსნობის ლეგენდარულ მწვრთნელ ვანო გრიქუროვთან, რომელიც იმხანად პოლონეთის ახალგაზრდულ ნაკრებს ხელმძღვანელობდა.

ოლიმპიური მედალოსნები - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ცხოვრებაში ყველა უბედურება ერთმანეთს რომ მიეწყობა ხოლმე ხომ დაჰკვირვებიხართ?  ტრავმას დოპინგ სკანდალი დაემატა. გიორგი რაღაც პრეპარატით მკურნალობდა, რომელმაც სისხლში ცვლილებები აჩვენა და… სამუდამო დისკვალიფიკაცია დაემუქრა. გრიქუროვმა თავის მეგობარს, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მაშინდელ პრეზიდენტს დაურეკა, მაგრამ პასუხად, მაგ საქმეს აღარაფერი ეშველებაო, მიიღო.

გიორგი დაიზაფრა. ახალი დაოჯახებული იყო. შემოსავალიც აღარსაიდან ჰქონდა… საბედნიეროდ, ოლიმპიადის შემდეგ „ამნისტია“ გამოვიდა და ყველა ეგრეთწოდებულ „ჩავარდნილ“ სპორტსმენს ცხოვრების ნულიდან დაწყების საშუალება მიეცა.

ასანიძე კვლავ პოლონეთში გაემგზავრა. კახი კახიაშვილის და პოლონელი მეგობრების თანადგომით ვარჯიშობდა. ასე გაიარა შვიდმა თვემ. გიორგი ერთ-ერთი პოლონური კლუბის წევრი გახდა და ნელ-ნელა სხვადასხვა ტურნირებზე გამარჯვებებიც დაიწყო.

1998 წელს, ვანო გრიქუროვი სამი დღით სადღაც შეჯიბრებაზე წავიდა, გიორგის კი ვარჯიშის დეტალური გეგმა დაუტოვა. რომ დაბრუნდა, საშინელი ამბავი დახვდა: შეგირდს ხერხემლის მალა ამოუგია. ვარჯიშის წინ მოთელვაზე რომ გასულა, რაღაც უბრალო მოძრაობაზე მოცელილივით დავარდნილა.

ასანიძე: ოლიმპიური პროგრამიდან ძალოსნობის ამოღება ყველასთვის ცუდი იქნება

მორჩა! ყველაფერი წყალში ჩაიყარა! ექიმებმა ძალოსანს მალა თავის ადგილას კი ჩაუსვეს, უმკურნალეს, მაგრამ საშინელი ტკივილები დარჩა. კორსეტი შეიძინეს. მსუბუქი ვარჯიშები დაიწყო.

ფინეთში მსოფლიოს ჩემპიონატი ახლოვდებოდა, მაგრამ რად გინდა — ასანიძე თავისი შესაძლებლობების 40-50 პროცენტზე მეტს ვერ ავლენდა. გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე კორსეტის გარეშე მივიდა სიმძიმესთან, მაგრამ 50 კილოც ვერ ასწია. მაინც გაემგზავრენ.

დაიწყო ჩემპიონატი და… დაინახა თუ არა ფიცარნაგი, დარბაზი, ხალხი, გიორგი გარდაისახა. თვალებში სხივი ჩაუდგა. უცებ, სხვა კაცი გახდა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე 150 კილოგრამი რომ აიტაცა, ვანო გრიქუროვი თვალებს არ უჯერებდა.

დაიწყო მთავარი შეჯიბრება. ასანიძემ საწყის წონად 165 კილოგრამის დაყენებას ითხოვა. მწვრთნელებმა არ ქნეს. 160-ზე დაიყოლიეს. გავიდა — ასწია!

165! გავიდა — ასწია! და… მსოფლიოს რეკორდზე უნდა წავიდეო, მოუტრიალდა გრიქუროვს.

დავაიო, —  წაახალისა მწვრთნელმა. მანაც იგრძნო მომენტი.

რეკორდი 167,5 კილოგრამი იყო. 168 შეუკვეთეს.

Giorgi Asanidze - Alchetron, The Free Social Encyclopedia

ბუნებას ვერ აჯობებ. რეკორდი არ გამოვიდა, მაგრამ ფაქტობრივად ინვალიდმა კაცმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ატაცში ოქრო მოიგო.

ჰოდა, რაა გასაკვირი გამოჯანმრთელებულს 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადაზე ბრინჯაო, 2004 წელს კი ათენში ოქრო რომ მოეგო!

აი, ასეთები არიან ქართველი ჩემპიონები!