სხვანაირები, მათ შორის მამარდა

ილია ბაბუნაშვილი სხვანაირები, მათ შორის მამარდა
14:23 / 27 ოქტ 2022

„…ეგრე არ არის საქმე. ჩვენი პროფესია რთულია. დაფიქრება, სერიოზული დაფიქრება უნდა. აი, ქვა თიხა კი არ არის. დაარტყამ?! ვერ გაამთელებ, ძმაო…“

შეცდომა ყველას მოუვა: მათემატიკოსი რაღაცას სწორად ვერ ამოხსნის, დამლაგებელს მტვრიანი ადგილი გამორჩება, მხატვარი ფერს ვერ შეარჩევს სწორად, ვულკანიზატორი საბურავს გაგიბერავს ზედმეტად, მზარეულს საჭმელში ოხრახუში დაავიწყდება, მეკარე კი გოლს გაუშვებს და წააგებ. შედგება მერე ზურგზე ამ მეკარეს ათეულობით ათასი ადამიანი და განა მარტო ტრიბუნიდან — სოციალური ქსელებიდან, მედიიდან, ქუჩიდან და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი „პლატფორმიდან“. შედგება მათემატიკოსი, დამლაგებელი, მხატვარი, ვულკანიზატორი…

თავდამსხმელი კი ვერ გაიტანს, მაგრამ ამას არავინ დაიმახსოვრებს. ყოველ შემთხვევაში, მწარედ არავინ წამოაძახებს. ნუ, თუ კომიკური რაღაც არ დაემართა.

mamarda

ზოგადად, მეკარე სხვა ფიგურაა. სხვანაირად აცვია, ხელით თამაშობს, კომბინაციებში არ მონაწილეობს. გუნდი შედგება ათი ფეხბურთელისგან და მეკარისგან, რომელსაც შეცდომის უფლება არ აქვს. თუ ვიტყვით, რომ მეკარე ფეხბურთის გუნდის წევრია, მაგრამ ფეხბურთელი არ არის, დიდად არც შევცდებით. დათვალეთ ერთი, რამდენჯერ ცდებიან ყველაზე დიდი ვარსკვლავები შეხვედრის განმავლობაში. იმდენჯერ მეკარე რომ შეცდეს, თამაში კალათბურთის თუ არა, ხელბურთის ანგარიშით დამთავრდება. ჰოდა, არც ცდებიან მეკარეები იმდენჯერ რამდენჯერაც ის ვარსკვლავები, მაგრამ ამის გამო მათ შესახებ არავინ წერს. იგულისხმება, რომ ეს ასეც უნდა იყოს.

ეს ყველაფერი გიორგი მამარდაშვილზე გამახსენდა, რომელიც ფაქტობრივად არ ცდება, მაგრამ ვიღაცა რაღაცას მაინც სულ უწუნებს. ჩვენს სოციალურ ქსელებშიც წაიკითხავთ: ამან თუ ასე გააგრძელა, სკამზე დასვამენ და ა.შ. რატომ, ელჩესთან გამოსვლისას მეტოქეს რომ დაეჯახა და ვალენსიას კარში პენალტი დაინიშნა? მცველი რომ აქცევს მეტოქეს მაშინ რატომ არ გვაქვს ასეთი რეაქცია? ვითომ, მცველისთვის კაცის წაქცევა ისეთი ცოდვა არ არის, როგორიც მეკარისთვის? ვერ გეტყვით როგორი მწვრთნელია ჯენარო გატუზო (ამ საკითხზე ჩემი ეჭვები მაქვს), მაგრამ ვაჟკაცი რომ არის ფაქტია. გიორგიმ ზემოთ ნახსენები პენალტის გამო მოუბოდიშა, ის კი ეჩხუბა, რაც შენ გადაგირჩენივართ, საბოდიშო რა გაქვსო. სტატისტიკა მეტყველებს, რომ ვალენსია გოლებს ძირითადად მეორე ტაიმში უშვებს, როცა იღლება. ხაზს ვუსვამთ, მამარდაშვილი კი არ იღლება, გუნდი იღლება, რომელსაც მწვრთნელი პირველი წუთიდან ეგრეთწოდებულ მაღალ პრესინგს (რატომღაც მაღიზიანებს ეს გამოთქმა) სთხოვს და ბოლოს თავის დაცვის არაქათი აღარ აქვს. გოლის არ-გაშვება მარტო მეკარის საქმე კი არ არის. ამიტომაც მინდა გიორგის ხმა მივაწვდინო და გავამხნევო. ვუთხრა, რომ ის ძალიან ნიჭიერი, უკვე ჩამოყალიბებული მეკარეა და ოდესმე ისეთ გუნდში გადასვლას ვუსურვებ, რომლის კარშიც მეტოქე მთელი შეხვედრის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ახერხებს დარტყმას.

დიდ მეკარეს პეტრ ჩეხს აქვს ნათქვამი, ძლიერი გუნდის კარში დგომა ძნელი იმიტომ არის, რომ მცველები მოწინააღმდეგეს ბურთს არ არტყმევინებენ და დუნდები, ეს კი ნამდვილი ხაფანგიაო. ეჰ, პეტრ, ნეტავ მამარდას ჰქონდეს ასეთი პრობლემა.

მოკლედ: „…ეგრე არ არის საქმე. ჩვენი პროფესია რთულია. დაფიქრება, სერიოზული დაფიქრება უნდა. აი, ქვა თიხა კი არ არის. დაარტყამ?! ვერ გაამთელებ, ძმაო…“